ფაბიო მანინო კითხვებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უპასუხებს
ფაბიო მანინო კითხვებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უპასუხებს
31.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის „ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს და სახლებში წავიდნენ ჩვენ, შევეცადეთ უფრო მეტი ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელობისგან გაგვეგო. იმერულ კლუბში, იტალიელი ფაბიო მანინო, საქართველოში კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გარკვეული ხანი ვერ ჩამოდიოდა.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რის შესახებაც პირად საუბრებში „ტორპედოს" ფეხბურთელებმა ჩვენთანაც ისაუბრეს, მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, პრემიების შესახებ კი, საუბარიც არ ყოფილაო. ფეხბურთელები იმ გარემოებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ „ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო".  შესაბამისად, ფეხბურთელები დავალიანების სრულად გასტუმრებამდე თამაშის გაგრძელებას არ აპირებენ.


შეგახსენებთ, რომ მანინომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ: „თამაშების რაოდენობა განახევრდა. სეზონი ივნისში განვაახლეთ, კლუბს ბიუჯეტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ამ სიტუაციაში ძალიან კარგი იყო, რომ ფეხბურთელები ანაზღაურების შემცირებას დათანხმდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში მათ ხელფასის 50%-ვუხდიდი, შემდეგ 70, ახლა კი 100-ვაპირებ. ფეხბურთელებს კარგად ესმით პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის მნიშვნელობა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ." - აღნიშნული განცხადება კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.


დღეს, კლუბის გარშემო შექმნილი ვითარების გამო კი, „ტორპედოში" განგვიმარტეს, რომ ფაბიო მანინო დაგროვილ კითხვებზე პასუხს, მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემდგე გასცემს.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ტორპედოს" ხელფასები სექტემბრის თვიდან აღარ აუღია. ეროვნული ლიგის გათამაშებაში კი, ტორპედოელებს მე-14 და მე-15 ტურის მატჩები აქვთ გადატანილი, რომლებიც 26 ნოემბერს (14 ტურის) და 8 ნოემბერს გაიმართება.


სატურნირო ცხრილი


"ტორპედოს" ფოტო