
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, მე-3 ტურის 3 მატჩი გაიმართა.
***
"რუსთავმა" "კაკტუსს" შორის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა დასკვნითი ათწუთეული 31:13 მოიგო და საბოლოოდ საკუთარ გამარჯვებას სოლიდური სახე მისცა - 88:72 (სტატისტიკა).
არადა, სამაი ჰეინს-ჯონსის წინამძღოლობით კაკტუსელებს 3 პერიოდის განმავლობაში არ უჭირდათ. პირველი პერიოდის 17:18 წაგების შემდეგ, არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ინიციატივა მოიპოვეს, რაც ანგარიშშიც ასახეს და დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედი თბილისურმა გუნდმა 22:17 მოიგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა - 39:35.
მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა. რუსთაველებმა ჩამორჩენის 2 ქულით შემცირება მოახერხეს და ცხადი გახდა, რომელიც ბოლო პერიოდში იმარჯვებდა, ის გუნდი მოიგებდა. "რუსთავმა" დასკვნითი ათწუთეული მაღალ დონეზე ჩაატარა და კაკტუსელებისთვის შანსი არ მიუცია. გუნდური თამაშის წყალობით ქვემოქართლელებმა პერიოდი 18 ქულის სხვაობით მოიგეს და მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს.
ქვემოქართლელთა შორის 16 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო ჯილან ვაშინგტონი. გუგა პატაშურმა 22 ქულა მოაგროვა, მაიკლ დევისის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. კაკტუსში 30 ქულით ჰეინს-ჯონსი გამოირჩა. 16 ქულა სანდრო სანაძის ანგარიშზე დაგროვდა.
***
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა "ცხუმ-აფხაზეთმა" 88:55 (სტატისტიკა) დაამარცხა "ოლიმპი".
3 ტურის შემდეგ ეს გახლდათ ცხუმელების მე-2 გამარჯვება, ხოლო ოლიმპელები სამივე წაგებით აუტსაუდერთა შორის არიან. ანგარიშიდან კარგად ჩანს, რომ ბრძოლა არ შედგა. ცხუმ-აფხაზეთი თავიდანვე დაწინაურდა, სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მთელი თამაში ისე იგებდა, საფრთხე 1 წუთითაც არ დამუქრებია. შეხვედრა ისე დაიწყო, ბოლო წლებში ანალოგი რომ ძნელად მოეძებნება. ცხუმ-აფხაზეთი შეხვედრის მე-6 წუთზე 20:0 იგებდა: "ოლიმპმა" თამაშში პიველი ბურთი პირველი პერიოდის დასრულებამდე 4:25 წუთით ადრე ჩააგდო.
"ცხუმ-აფხაზეთს" გამოსდიოდა ყველაფერი, დიმიტრი ჯაკობოვის გუნდს კი - თითქმის არაფერი. პირველი ნახევარი ისე ჩამთავრდა, მოედანზე არაფერი შეცვლილა - 51:20 ცხუმ-აფხაზეთის სასარგებლოდ, რომელმაც გამარჯვება ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გაიფორმა. ვინც კი მოედანზე იყო, ცხუმელთაგან ყველამ ჩინებულად ითამაშა. განსაკუთრებით საქებარია გუნდის ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ გრინი, რომელიც მხოლოდ 180 სმ სიმაღლისაა და წინა 2 მატჩში ჯამში 4 ქულა ჩააგდო. ოლიმპთან კი ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 17 ქულას 5 პასი და 4 მოხსნა მოაყოლა. ცხუმელთა ფარქვეშა ბურჯი გიორგი შარაბიძე გახლდათ, ალექსანდრე ფევაძე კი უნივერსალურად ირჯებოდა - შედეგიანი იყო როგორც პერიმეტრიდან, ისე სამწამიან ზონაში.
საბოლოოდ 18 ქულით ბომბარდირი შარაბიძე გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით ფევაძემ ყველას აჯობა - 16 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი. 12 ქულა 4 სამქულიანით მოაგროვა ნოდარ გოგოძემ. ოლიმპში 18 ქულით კენდრიკ ტომპსონი გამოირჩა, 13 ქულა და 14 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა დააგროვა.
***
დღეს, გამართული ბოლო შეხვედრა "ვერასა" და "ტიტებს" შორის, "ტიტების" გამარჯვებით, 57-65 დასრულდა.
შეხვდრა საკმაოდ ხარვეზებით დატვირთული გამოდგა. ანგარიში რომ ნელა იზრდებოდა, ეს გუნდების დაცვაში ყოჩაღობის დამსახურება ნაკლებად იყო. უფრო მეტი ტექნიკური წუნი და აცილებული ბურთები გახლდათ, რაც ანგარიშის გაზრდას ხელს უშლიდა. პირველი პერიოდი "ვერამ" 17:12 მოიგო, ხოლო მეორეში ტიტებმა 12:8 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 25:24 იყო ვერელთა სასარგებლოდ.
მესამე პერიოდიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და კვანძი ბოლოსკენ გაიხსნა. პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "ვერა" 37:36 ლიდერობდა, როცა "ტიტების" ამერიკელი ფორვარდის, ტაილან ბირდსის დრო დადგა. მან ზედიზედ 7 ქულა მოაგროვა და ბოლო პერიოდის წინ მარკოიშვილის გუნდი 44:37 დაწინაურდა.
"ტიტებმა" ბოლო პერიოდშიც გააგრძელა შედეგიანი თამაში და გიორგი ჯაფარიძის ზედიზედ 2 ზუსტი სამქულიანის შემდეგ 50:37 გალიდერდა. აქ ვერელები საბოლოოდ გატყდნენ და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს 17 ქულითა და 8 მოხსნით ბირდსმა ულიდერა. 16 ქულა და 13 მოხსნა ბრენდან აუგბორნსმა მიითვალა, 9 ქულა, 5 ქულა და 5 პასი ჯორდონ თალის დაუგროვდა. ვერელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია, გივი ბაქრაძემ შეხვედრა 15 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა.
სუპერლიგის მე-4 ტურის მატჩები 6, 7 და 8 ნოემბერს - რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








