გურულებმა ყაზახეთში იმარჯვეს
გურულებმა ყაზახეთში იმარჯვეს
04.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა საფეხბურთო ლიგის 2019 წლის გამარჯვებული „ლანჩხუთი", უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. გურულებმა, ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში დამატებით დროში, ადგილობრივი „ოკჟეტპესი" 1-2 დაამარცხა.


ის, რომ ქართულ გუნდს, რომელიც უეფა-ს ქალთა ტურნირზე დებიუტანტი იყო, მარტივად საქმე არ წაუვიდოდა, ეს ლანჩხუთელთა კლუბის მწვრთნელებმა კარგად იცოდნენ. შეხვედრამდე, TSFF.GE დაუკავშირდა „ლანჩხუთს" და მატჩამდე განწყობაც შეეცადა გაერკვია როგორი იყო გუნდში.


„ძალიან რთული მატჩია, ყაზახური კლუბები ევროპის წამყვანი ლიგის წარმომადგენლებსაც კი სათანადო მეტოქეობას უწევს. მიუხედავათ ამისა განწყობა საბრძოლოა. შემადგენლობას აკლია ნათია წოწერია. სხვა ძირითადი შემადგენლობიდან ყველა ფორმაშია, გასვიანს და ნარსიას მცირე ტრავმები აწუხებს, თუმცა დღეს თამაშს შეძლებენ. ეს შეგიძლიათ როგორ მწვრთნელის კომენტარი ისე დაწეროთ. ხატია კი როგორც ყოველთვის ახლაც მზად არის გოლი გაიტანოს", - ამბობს გიორგი ჩხაიძე, „ლანჩხუთის" მთავარი მწვრთნელი.


დღევანდელ შეხვედრაში, როგორც ლანჩხუთელთა მწვრთნელი ვარაუდობდა, გოლები, სწორედ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა და ცოტა ხნის წინ დასრულებული 2020 წლის გათამაშების ბომბარდირმა (36 გატანილი გოლი) ხატია ჭყონიამ გაიტანა.


ამ მატჩში, ანგარიში, მე-5 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თუმცა, შემდეგ თითქმის მთელი თამაშის მანძილზე, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოუხდათ. შესაძლოა, გურულებს ანგარიში ცოტა უფრო ადრეც გაეთანაბრებინათ, თუმცა, ყაზახთა მეკარე საკმაოდ კარგად იდგა კარში და 3-4 აშკარა გოლისგანაც იხსნა კარი, თუმცა, ხატია ჭყონიამ 62-ე წუთზე მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.


„შეხვედრის დასაწყისში, ცოტა მოულოდნელი გოლი გავიდა. თუმცა, ვიცოდით, რომ ეს თამაში არ უნდა დაგვეთმო. ვიბრძოლეთ და შედეგიც „დავდეთ". ყველა მოთამაშემ, მთელმა გუნდმა ერთად მაქსიმუმი გააკეთა. უკვე მას შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, ძალა კიდევ უფრო მოგვეცა და შედეგიც სახეზეა. სად გაგვიჭირდა? ალბათ, უფრო, როდესაც იგებ, ძალებიც აღარ გაქვს და ამ დროს დაცვა უნდა შედეგს. აი, ეს ცოტა უფრო რთული იყო", - ამბობს თეონა თოდაძე, „ლანჩხუთისა" და ქალთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.


შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, უეფა-მ ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფორმატშიც შეიტანა ცვლილებები და თუკი, ადრე საკვალიფიკაციო ეტაპი მინი ტურნირების სახით იმართებოდა, ახლა გუნდებს 2 საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში უწევთ. შესაბამისად, მას შემდეგ რაც 6 ნოემბერს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, არაა გამორიცხული, რომ 18 ან 19 ოქტომბერს, „ლანჩხუთმა" უკვე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ეს მატჩი, სახლშიც გამართოს. ასე თუ ისე, გამარჯვების შემთხვევაში „ლანჩხუთი", გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადავა და გათამაშების ძირითად ბადეში მოხვდება.


„დავიწყებ იმით, რომ ეიფორიიდან ჯერაც არ გამოვსულვარ. არა მხოლოდ, მე, მთელი გუნდი. რაც შეეხება თამაშს, დებიუტანტი გუნდი ვართ, პირველად ვმონაწილეობთ და არ გვქონდა შესაბამისად, საკმარისი გამოცდილება ასეთი რანგის ტურნირზე თამაშის. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე ფავორიტი იყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მხოლოდ ფურცელზე. როდესაც, მსაჯმა თამაშის დაწყების ნიშანი მისცა, ვიგრძენით, რომ ჩვენ ამ თამაშის საჩვენოდ დასრულებას შევძლებდით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის სტარტზევე გოლი მივიღეთ ჩვენს კარში. მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემს ფეხბურთელებს, რომ ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და თამაში სასურველ შედეგამდე მიიყვანეს. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. მოწინააღმდეგე, ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი. მაგრამ მომენტები ჩვენც გვქონდა, მათ შორის სტანდარტულები და სწორედ, 2 სტანდარტულის გამოყენება შევძელით, რამაც გამარჯვება მოგვიტანა. ორივე გოლი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გავიტანეთ", - ამბობს გიორგი ჩხაიძე.


და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ  საქართველოს ქალთა ფეხბურთის და მით უმეტეს, საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, პირველად, ქალთა კლუბი თამაშზე ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ქართველი ფეხბურთელები, შიმკენტში 3 ნოემბერს, გამთენიისას ჩაფრინდნენ. ამჟამად კი, იმავე, „აირზენას" ჩარტერული რეისით საქართველოში ბრუნდებიან.  


ასევე იხილეთ