
დღეს, სფფ-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების, ნოემბრის მატჩებისთვის რჩეულების სია გამოაქვეყნა. 29 ძირითადი და დამატებით 5 ფეხბურთელი, ახლა 18 ნოემბრის ჩათვლით, სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. როგორც ქართველთა გუნდი თავკაცმა, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის შემდეგ აღნიშნა, ახლა, მთავარი მტერი ყველა გუნდისთვის და მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვისაც, კორონა ვირუსია. შესაბამისად, საქართველოსთვის მთავარ საფეხბურთო მატჩამდეც და მის შემდგომ, მომდევნო 2 თამაშზეც, ვაისმა, მაქსიმალურად იმ ფეხბურთელების ნუსხა შეიმუშავა, რომლებიც დღეს, კორონა ვირუსის კუთხითაც სტაბილურები არიან და არც ტრავმები აწუხებთ.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის სანაკრებო თამაშებში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ მიიღებენ. ორივე ფეხბურთელი ტრავმის შემდგომ, სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. სამაგიეროდ, გაფართოებულ შემადგენლობაში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ მოხვდა ესპანურ „სარაგოსაში" მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილი. 22 წლის ბექა მიქელთაძე კი, რომელიც „როტორის" ღირსებას იცავს, ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს დებიუტანტია.
კვლავ ძირითადი გუნდის მიღმა, თუმცა, 5-კაციან, „განსახილველ" შემადგენლობაშია ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უნგრული „ფეჰერვარის" შემადგენლობაში, არც თუ ურიგოდ თამაშობს. აი, ნიკა ნინუა კი, რომელზე ქართული ფეხბურთს მოყვარულები დიდი იმედებს ამყარებენ და სულ რამდენიმე დღის წინ, „პაოკის" შემადგენლობაში, მის მიერ გატანილ საჯარიმოს, სოციალური ქსელის კედლიდან კედელზე დაატარებენ, საერთოდ, ყველანაირ განაცხადს მიღმა დარჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 9 ნოემბრიდან შეიკრიბება, 18 ნოემბერის ჩათვლით, სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. აქედან უმთავრესი მატჩი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. ამ ეტაპისთვის კვლავ უცნობია, მოხერხდება თუ არა „დინამო არენაზე" გასამართ მატჩზე, უეფა-ს რეკომენდაციის შესაბამისად გულშემატკივრის 30%-ის (სტადიონის ადგილებიდან გამომდინარე) დაშვება, არდაშვების საკითხის, მე-12 მოთამაშის სასარგებლოდ გადაწყვეტა. გახსოვთ, ალბათ, რომ 8 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ფლეი-ოფის ½ ფინალი თბილისში, მაყურებლის გარეშე ჩატარდა, გულშემატკივარი, სტადიონის გარე პერიმეტრზე შეიკრიბა და ისე უქომაგა გუნდს.
რაც შეეხება უეფას ერთა ლიგის 2020-21 წლის გათამაშების დარჩენილ ორ ჯგუფურ შეხვედრას, ორივე თამაში, მედიის მიერ დაანონსებული ბათუმის ახალი სტადიონის ნაცვლად, როგორც მანამდე ოფიციალური ვერსიით იყო ცნობილი, თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს, 18 ნოემბერს კი, ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებში
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი).
ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).






ჩვენ








