
მთავარ საფეხბურთო მატჩამდე, რომელიც 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე" გაიმართება სულ ცოტა დრო რჩება. მსოფლიოში კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, შეგახსენებთ, რომ სპორტულ ღონისძიებებზე, უკვე რამდენიმე თვეა მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო მატჩებზე, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, 30% მაყურებლის დაშვება რეკომენდირებულია. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო და კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
მიუხედავად ამისა, დღეს, ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის მიერ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება ბევრისთვის, განსაკუთრებით ფეხბურთის ქომაგისთვის განსჯის საგანი გახდა.
„ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, რათა ევროპულ ასპარეზზე წარმატებას მივაღწიოთ. მაგრამ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესზე და ვადარებთ თამაშს - პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც აქვს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეს. ამიტომ, საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი ნამდვილად განცალკევებულად და მაღალ დონეზე დგას, მისი შედარება რაიმე თამაშთან, ძალიან კარგ აქტივობასთან სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი. ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესების შეზღუდვა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთზე ან კულტურულ ღონისძიებებზე, ეს არის ის, რისი შეზღუდვაც შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მძიმე ფონი გვაქვს. რაც შეეხება უეფას ლიმიტს, ეს განსაზღვრულია კონკრეტული ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ თამაშის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს და მოდით ყველამ ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და „უბალეშჩიკოთ" სახლებიდან და დარწმუნებული ვარ, უარესად არ ითამაშებენ", - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ჩვენ შევეცადეთ, გაგვეგო ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თუმცა, ფედერაცია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. საკუთარ გვერდზე კი, თამაშზე დასწრების მსურველი მედიის (შეზღუდული რაოდენობით) განაცხადების მიღების შესახებ აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალურ შეხვედრას 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე", ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. თამაშზე, მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, გულშემატკივარი არ დაიშვება. გეტყვით იმასაც, რომ ანალოგიური ვითარება იყო 2020 წლის 8 ოქტომბერს, როდესაც, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ½ ფინალში ბელარუსის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. ამ დღეს, „დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ფეხბურთის ქომაგი, მატჩის მსვლელობას, სტადიონის მიმდებარე გარე პერიმეტრიდან ადევნებდა თვალს.

ბუნებრივია, ჩვენი გვერდი, ვერ ჩაერევა ვერც ეპიდვითარებიდან გამომდინარე სიტუაციურ მართვაში და ვერც სამთავრობო გადაწყვეტილებებში. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა და აქედან გამომდინარე მოქმედი კანონებისა, არის შესაძლებლობა გამონაკლისის სახით, თამაშის დღეს, სტადიონზე „ქომაგის ტრიბუნას" (მე-17 სექტორი) მაინც მისცენ თამაშზე დასწრების უფლება, რაღა თქმა უნდა ყველა შესაბამისი წესისა და რეგულაციის დაცვით. შეგახსენებთ, ეს „ბალელშიკების" ის კატეგორიაა, რომელიც საკუთარი ხარჯით ეროვნულ ნაკრებს არა მხოლოდ საშინაო, არამედ, გასვლით თამაშზეც თან ახლდა და შესაბამისად, ბოლო ბრძოლაშიც, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, უპრიანია, თუ გუნდთან ერთად იქნება.







ჩვენ








