„ლანჩხუთი“ მომდევნო შეხვედრას რუმინეთში გამართავს
„ლანჩხუთი“ მომდევნო შეხვედრას რუმინეთში გამართავს
06.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „ოლიმპია კლუჟს" დაუპირისპირდება. ქართულ გუნდს თამაში კვლავ გასვლაზე, ამჯერად, რუმინეთში მოუწევთ 18 ან 19 ნოემბერს.


ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართა ნიონში. იმ შემთხვევაში თუ, „ლანჩხუთი" ამ ეტაპსაც წარმატებით გაივლის, გურულების გუნდი, იმ 22 ქალთა კლუბს შეუერთდება, რომლებიც უკვე ძირითად ბადეში სათამაშოდ, ამ ეტაპების დასრულებას ელოდებიან.


უეფა-ს ვებ-გვერდზე „ლანჩხუთის" გასწვრივ მიწერილია, რომ ეს საკლუბო დონეზე, ქართული კლუბის პირველი გამარჯვებაა. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, „ოლიმპია კლუჟს", მას უკვე აქვს თამაშები ჩატარებული აღნიშნული ტურნირის 1/32 (ოთხჯერ) და 1/16 ფინალში. გუნდი, საკუთარ კედლებში ითამაშებს და შესაბამისად, „ლანჩხუთს" კიდევ ერთხელ, მოუწევს სრული მობილიზება.


ქართული კლუბის პირველი მეტოქისგან განსხვავებით, რუმინული  „ოლიმპია კლუჟი", თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლის წელს, დაარსების დღიდან, 2010 წლიდან ქვეყნის უცვლელი ჩემპიონია. კლუბი, რუმინეთის ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით არის ძირითადად დაკომპლექტებული და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს.


ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ბოლო 5 წლის მანძილზე, სანაკრებო დონეზე ქართულ-რუმინული დაპირისპირება და ისიც, 16-წლამდე ასაკში 2018 წელს შედგა. შეხვედრა, მიხელ მესხის სათადარიგო სტადიონზე, უეფა-ს განვითარების თასის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.