
დასრულდა სუპერლიგის მე-4 ტური, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართა, ხოლო 1 შეხვედრა გადაიდო.საკალათბურთო კლუბმა "ოლიმპმა" მიმდინარე სუპერლიგაში პირველი მატჩი მოიგო. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ეს მე-4 ცდაზე შეძლო. საწყის ტურებში დამარცხებულმა ოლიმპელებმა საკმაოდ სოლიდურ მეტოქეს - თსუ-ს მოუგეს. თან ეს ისე მოახერხეს, რომ გუნდის ერთბაშად 5 კალათბურთელი აკლდათ. ტრავმების გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს კახა ჯინჭარაძემ, ოთარ ფხაკაძემ, ლუკა კალატოზიშვილმა, დავით აბულაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა.
დანაკლისის გამო "ოლიმპის" სათამაშო სტილი მეტწილად ინდივიდუალური იყო. სრული კარტბლანში მიიღო ამერიკელმა გამთამაშებელმა კენდრიკ ტომპსონმა, რომლის დიდებული საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე იმარჯვა სწორედ "ოლიმპმა". ტომპსონმა შეხვედრა 38 ქულით დაასრულა. მან 15 ცდიდან 9 სამქულიანი ჩააგდო. აქედან ბოლო იყო თსუ-ელთა წელში გამტეხი, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჩააგდო და ოლიმპელები 7 ქულით დააწინაურა.
ტომპსონთან ერთად "ოლიმპის" რიგებში სხვა ლეგიონერებიც - დევანტე ფოსტერი და ბუნდუ აბდულაი აქტიურობდნენ. საკმაოდ კარგად ითამაშეს ახალგაზრდა უკანახაზელებმა - ლევან ქვარცხავამ და დავით წივწივაძემ, რომლებმაც არაერთი მნიშვნელოვანი პასი თუ ჩაჭრა მიითვალეს.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, უმეტესწილად თსუ-ელები იგებდნენ, თუმცა "ოლიმპი" მუდამ კვალში იყო და ხანდახან ანგარიშსაც ათანაბრებდა. გადამწყვეტი გამოდგა ბოლო პერიოდის საწყისი წუთები, როცა 63:60 დაწინაურებულ თსუ-ს ოლიმპელებმა გაქცევა მოუწყვეს და 3-წუთიანი მონაკვეთის 10:4 მოგების შემდეგ 70:67 დაწინაურდნენ. აქ კი საკუთარ თავზე აიღეს თამაში "ოლიმპის" ლეგიონერებმა" და ერთი-ერთზე, სწრაფ თამაშში მეტოქე საბოლოოდ გატეხეს - 80:73 (სტატისტიკა).
მატჩის ბოლო წუთზე 2 ტექნიკურის გამო თამაშიდან გააძევეს თსუ-ს მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან "ოლიმპი" 7 ქულას იგებდა და მეტოქისთვის მიუწვდომელი იყო. გამარჯვებულთაგან 38 ქულით ტომპსონმა იყოჩაღა, 15 ქულა ჰქონდა დევანტე ფოსტერს, ხოლო ბუნდუ აბდულაიმ 9 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. თსუ-ში 28 ქულით ბრენდონ სლაი გამოირჩა. 13 ქულა და 9 მოხსნა საბა ლობჯანიძის ანგარიშზეა.
***

"რუსთავისა" და "ქუთაისის" დაპირისპირება მოგვიანებით შედგება. რაც შეეხება ტურის ბოლო მატჩს, "ტიტებისა" და "მგზავრების" ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: 3 წაგების მგონე გუნდმა დაუმარცხებელ მეტოქეს სძლია.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" იბრძოლა, იომა და მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 79:77 (სტატისტიკა). აქვე აღვნიშნავთ, რომ მე-4 ტურის წინ ჩემპიონატში 3 გუნდი იყო მოგების გარეშე, თუმცა მგზავრებმაც, ვერამაც და ოლიმპმაც მოახერხეს სასურველი შედეგების დაფიქსირება და სუპერლიგაში წაუგებელი გუნდი აღარ დარჩა.
მგზავრებმა მატჩი ბოლო წამებზე მოიგო, თუმცა ბერიშვილის გუნდის გამარჯვება დამსახურებული იყო. მგზავრები თავიდანვე იგებდა და მათმა ლიდერობამ პირველი ტაიმის ბოლოს მაქსიმუმს - 9 ქულას (45:36) მიაღიწა. მანუჩარ მარკოიშვილმა შესვენება კარგად გამოიყენა და მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებული "ტიტების" კალათბურთელები შედეგიანად ათამაშდნენ. ლეგიონერებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, ხოლო აკაკი ლომოურმა მნიშვნელოვანი სამქულიანი მიითვალა და მესამე პერიოდის შუაწელში ტიტებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 49:50.
ბოლო პერიოდში მარკოიშვილის გუნდმა დაწინაურებაც მოახერხა. ჯორდონ თალის ზუსტი შეტევის შემდეგ, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ტიტებმა ხელჩასაჭიდი - ხუთქულიანი ლიდერობა მოიპოვეს - 73:68. ბერიშვილმა წუთშესვენება აიღო, ხოლო თამაში საკუთარ თავზე მგზავრების უკანახაზელმა ჯეიდონ კოჰმა აიღო. ამერიკელი ლეგიონერის მიჯრით მითვლილი 5 ქულის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 75:75. ტიტების შეტევაში დავით ლომიძემ სამქულიანი ააცილა და კოჰმა კვლავ შეუტია, რომელიც ჯარიმით შეაჩერეს და ამერიკელმა საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე ორივე სროლა ჩააგდო - 77:75.
ტიტების უკანახაზელმა, ტაილან ბერდსმა ასევე საჯარიმოებით გაათანაბრა ანგარიში და მგზავრებს შესატევად 16 წამი დარჩა. ჯეიდონ კოჰმა დრიბლინგით დრო გაიყვანა და მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ტიტების ფარქვეშ შეიჭრა. ჯარიმა და ამერიკელმა კვლავ ზუსტად შეასრულა საჯარიმოები - 79:77 დასრულებამდე 4 წამით ადრე. მარკოიშვილს წუთშესვენებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და ტიტებმა ვერც შეტევა დაგეგმეს და ბურთის თამაშში შეტანა საკუთარი ფარქვეშიდან მოუხდათ. 4 წამი საკმარისი არ აღმოჩნდა გააზრებული შეტევის განსახორიცელებლად და დროც ამოიწურა.
მატჩის გმირმა ჯეიდონ კოჰმა მგზავრებს 18 ქულა შესძინა (9 ბოლო 3 წუთში). ყველაზე შედეგიანი კი გამარჯვებულთაგან ტროი სტიუარტი გახლდათ 20 ქულითა და 8 მოხსნით. 18 ქულა ტეილორ ედვეიმ მოაგროვა. ტიტებში 24 ქულით საუკეთესო იყო ტაილან ბერდსი, ხოლო ჯორდან თალის ანგარიშზე 17 ქულა და 8 პასი დაგროვდა.





ჩვენ








