
ცქოტო, დემე, ქეცბა... ჩრდ. მაკედონიის მედია, მათი ეროვნული ნაკრების საქართველოში ჩამოსვლამდე, ცდილობს არაფერი გამოეპაროს და საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მათ გუნდს გამოადგეს, ქართული მედიის ფურცლებზე მაინც, სადღაც ამოიკითხოს. თუმცა, ხედავენ, რომ ქართველები, ყოველ შემთხვევაში ყოფილი ფეხბურთელები, „კარტებს" ისევე არ ხსნიან, როგორც თავად ჩრდ. მაკედონიელები.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქის შესახებ, იმ ქვეყნის მედიის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, სადაც ჩრდ, მაკედონიელების კლუბებია. მაგალითად, იტალიური პრესა მეორე დღეა, ჯიუტად ამტკიცებს, რომ „ჯენოა", იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის შესაბამისად, სანაკრებო თამაშზე გორან პანდევი არ იქნებაო. შეგახსენებთ, რომ იტალიური რეგულაციით, ყველა იმ კლუბს, სადაც გუნდის ერთ მოთამაშეს მაინც დაუდასტურდება კორონა ვირუსი, ვალდებულია აღნიშნულ კანონს დაექვემდებაროს. ასეთ კლუბების ჩამონათვალში კი, „ინტერის", „რომას", „სასუოლის", „ფიორენტინასა" და „ლაციოს" შემდეგ, „ჯენუაც" არის.
derbi.mk-ას ინფორმაციით, პანდევმა შესაძლოა კარანტინს თავი დააღწიოს, თუმცა, რეგულაციების თანახმად ეს 12 სექტემბრამდე ვერ მოეწერება. ამ ინფორმაციის საპირისპიროდ, კიდევ ერთი ჩრდ. მაკედონიური გამოცემა sportmedia.mk კი, გუშინ იუწყება, რომ პანდევი, აუცილებლად ჩავა ხვალ სკოპიეში და გუნდთან ერთად იქნება. შემეგ კი, კაპიტნის სამკლაურით, გუნდს ისტორიულ მატჩში გამოუძღვება. „არ დაპანიკდეთო!"- წერს გამოცემა.
ისევ derbi.mk-ის სტატიას თუ დავუბრუნდებით, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაპოლიში" კოვიდ-დადებითი ფეხბურთელი არ არის, ელიფ ელმასი ჩრდ. მაკედონიის გუნდთან ერთად აუცილებლად იქნება. ასევე, არაა ჯერ არანაირი ცნობა იმის შესახებ, რომ სერია ა-ს კიდევ ერთი მოთამაშეს, ილია ნესტოროვსკის შეუქმნას პრობლემები „უდინეზე", რადგან ამ ეტაპზე არც ამ იტალიურ კლუბში ჰყავთ კოვიდ-დადებითი.
ასეა თუ ისე, დღეს sportmedia.mk საკუთარ გვერდზე, ფოტოს აქვეყნებს, სადაც ლიფტის კაბინაში პანდევი, ელმასი და ალიოსკი არიან და საღამოს ვარჯიშზეც იქნებიანო. ჩვენის გვერდის მხრივ დავამატებთ, რომ ილოცონ, რომელიმეს დადებითი არ ჰქონდეს, რადგან ასე ცხვირამოგდებულებს პირბადიდან, ერთს თუ დაუდასტურდა, ნიშნავს რომ საქართველოში მისი სახელობის კლასტერი ჩამოვა.
და ბოლოს, კვლავ sportmedia.mk წყაროს დავეყრდნობით, და გეტყვით, რომ გუშინ გამთენიისას, სკოპიეში, სასტუმრო „გრანდ პლაზაში" მისულ კიდევ ერთ ფეხბურთელს, კოვიდ-დადებითი პასუხი ამოუვიდა. მედია არ იტყობინება, თუ კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ჩრდ. მაკედონიის საკვანძო მოთამაშე არ იყო. ამასთანავე იტყობინება, რომ დღეს, მთელი დღის მანძილზე, ყველა ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ეტაპობრივად შეემატება, კორონა-ვირუსზე ტესტი ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდ. მაკედონიის ნაკრები საქართველოში 11 ნოემბერს ჩამოდის. ამავე დღეს, გუნდი „დინამო არენაზე" ივარჯიშებს. მომდევნო დღეს, 12 ნოემბერს კი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
ფოტო: sportmedia.mk





ჩვენ








