
„გულშემატკივარს, უნდა რომ დავანახოთ ის ჟინი, რაც შიგნით არის. შიგნით კი, ცეცხლი გვიკიდია. გვინდა, რომ ეს თამაში დაიწყოს და წინასამატჩო ნერვიულობა დამთავრდეს. ფეხბურთელი, ყოველთვის ნერვიულობს თამაშის წინ. მითუმეტეს, ასეთი თამაშის წინ. მაგრამ, როდესაც მოედანზე გადიხარ და მსაჯის სასტვენი გესმის, ეს ნერვიულობა უკან ქრება. ამიტომ, გულშემატკივარს, მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენს მიმართ დისტანციურად და სოციალური ქსელების დახმარებით გამოხატავენ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ბელარუსის თამაშამდე დაგხვდა სტადიონის შემოსასვლელთან და თამაშამდე შემოგვაცილა ძალიან ლამაზად და სასიამოვნოდ, რაც ბიჭებისთვის, დამატებითი მოტივაცია იყო. მინდა ვუთხრა მათ, რომ ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაინგრეს საქართველო სიხარულისგან", - თქვა ნიკა კვეკვესკირმა, დღეს, „დინამო არენაზე" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

ხვალ, 12 ნოებერს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, გადამწყვეტ მატჩს გამართავს. მატჩს, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა მთელი რიგი თაობები წლებია ელიან და ელიან ის ქომაგებიც, რომლებმაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ამ მატჩამდე გზა, 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში ყაზახური ნურსულთანიდან (ასტანა) დაიწყეს.
„წლებია ქართველი ქომაგი ამ მატჩს ელოდება. ალბათ, ცუდ სიზმარშიც კი, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთ შანსი მოგვეცემოდა და ჩვენ, არა თუ სტადიონის ტრიბუნებიდან, არამედ სტადიონის გარე პერიმეტრზეც აგვიკრძალავდნენ ყოფნას და ჩვენი გუნდისთვის ქომაგობას. ასეთ სიტუაციაში, უფრო მეტი მოტივაცია გვიჩნდება და ვფიქრობთ ჩვენც, ისევე როგორც მთელმა ერმა ჩვენი მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ ნაკრების წარმატებაში", - ამბობს, ბექა ნოზაძე, ეროვნული ნაკრების „ქომაგთა ტრიბუნის" ლიდერი.

კორონა ვირუსის პანდემიის გამო, მთელ რიგ ღონისძიებებზე და მათ შორის საფეხბურთო მატჩებზეც, გულშემატკივრის დასწრება შეზღუდულია. ამ მოცემულობაში ვართ, ჩვენ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საფეხბურთო ცხოვრება აღსდგა, თუმცა, გულის სიღრმეში ყველას სჯეროდა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის გადამწყვეტ დღეს, უეფა-ს მიერ რეკომენდირებულ კვოტას თუ არა, კიდევ უფრო შეზღუდული რაოდენობით, „დინამო არენაზე" გულშემატკივარი მივიდოდა. თუმცა, პანდემიამ სხვა რეალობაში დაგვაყენა და ახლა „ქომაგებს" გამოსავლის ძიება უწევთ.
„ხვალ აუცილებლად ვიქნებით სტადიონთან. ვიქნებით, იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. აუცილებლად დავანახებთ ნაკრებს, რომ კვლავ, მათ გვერდით ვართ და ბრძოლაში მარტო არ ვტოვებთ. ვიკრიბებით 18:00 სთ-ზე, მუშტაიდის ბაღთან და შემდეგ გავუკეთებთ ორგანიზებულ დახვედრას ჩვენ ბიჭებს", - ამბობს ბექა,
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, ბელარუსის ნაკრებთან მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები გაოცებული დარჩნენ იმ სურათით, რაც მათ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, „დინამო არენის" ამოსახვევიდან დახვდათ.

„კარგი იქნებოდა, რომ გამონაკლისის სახით სახელმწიფოს სტადიონთან ყოფნის უფლება მოეცა. ჩვენის მხრივ მზად ვიყავით, თამაშის შემდეგ, თუნდაც მთელი ღამე გაგვეტარებინა სტადიონის შიდა ტერიტორიაზე. თუ არ მოგვეცა ამის საშუალება, ალტერნატივად გვაქვს ქალაქი მცხეთა, სადაც აუცილებლად წავალთ და საქართველოს პირველ დედაქალაქში ვიზეიმებთ გამარჯვებას", - ამბობს ბექა ნოზაძე.
თუმცა გულშემატკივრის გარდა, ხვალ საქართველოს ნაკრებს 2 ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელიაც დააკლდებიან. ეს ინფორმაცია, „ქომაგებმა" დღეს შეიტყვეს.

„შენგელიას და კვარაცხელიას, არყოფნა, ცხადია დიდი დანაკარგია, მაგრამ ხვალ, ბრძოლა გველის. ბრძოლას კი, მხოლოდ ინდივიდები არ იგებენ. დარწმუნებული ვარ, მათი შემცვლელები, ერთი-ორად მეტად გაირჯებიან და შედეგს აუცილებლად დავდებთ. სხვა ანგარიში არ განიხილება. ეს მატჩი, აუცილებლად მოსაგებია. სხვა შემთხვევაში, არც ერთი გასამართლებელი მიზეზი არ გვექნება, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამ შანსს, გამოვიყენებთ. დარწმუნებული ვარ ბიჭების მონდომებაში და შესაძლებლობებში. ხვალ საქართველოს და ქართველი ხალხის ბედნიერების დღე უნდა იყოს!", - ამბობს ბექა ნოზაძე.
გულშემატკივრები, ხვალინდელი თამაშისთვის ემზადებიან. ემზადება ეროვნული ნაკრებიც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ, ორივე ფრონტზე თავდადების და იმპროვიზაციის იმედი აქვთ, ერთი დასასრულით - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ეს მატჩი, ჩრდ. მაკედონიასთან, უნდა მოიგოს.






ჩვენ








