„მარნეული დელტას" პირველ გამარჯვება საკალათბურთო სუპერლიგაზე
„მარნეული დელტას" პირველ გამარჯვება საკალათბურთო სუპერლიგაზე
07.11.2017
ავტორი:

სამი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-7 ტურში. აქედან, თბილისმა ორ თამაშს უმასპინძლა, ერთ მატჩი კი ბათუმში გაიმართა. გთავაზობთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ მიმოხილვას.

„ოლიმპი"- „სოხუმი" 97-88

„ოლიმპმა" ზედმეტი პრობლემების გარეშე - 97-88 დაამარცხა „სოხუმი" და 6 მატჩში 4 მოგებით ლიდერთა შორისაა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშში დიდი სხვაობა არაა, თუმცა მატჩი არ ყოფილა დაძაბული. ოლიმპელებმა ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვეს, მეოთხე პერიოდამდე ზრდიდნენ და მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე უპირატესობა 30 ქულამდე გაზარდეს. ცხადი იყო, მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ და „ოლიმპის" უკრაინელმა მწვრთნელმა - ლეონიდ ივატინმა მოედნიდან ლიდერები გაიხმო. ამის შემდეგ სოხუმელებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მათ წარმატების მისაღწევად ელემენტარულად დრო არ დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ „სოხუმს" 2 ტრავმირებული ლეგიონერი - ბოგდან ბაიდა და მაკსიმ ლუცენკო აკლდათ. ისედაც, ამ გუნდს მიმდინარე სუპერლიგის 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა და ძირითადი ხუთეულის 2 წევრის დაკლებამ გვარიანად დაასუსტა. საბოლოოდ „ოლიმპმა" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და სანამ სხვა მატჩები გაიმართებოდეს, 4 მოგებითა და 2 მარცხით ცხრილის სათავეშია.

„ოლიმპში" საუკეთესო იყო რევაზ როგავა, რომელმაც 33 ქულა და 6 პასი მიითვალა. 13 ქულა მარკ ოგდენის ანგარიშზეა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა თავი 10 ქულას მოუყარა. მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა სოხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კვან უოლერმა, რომელმაც შეუცვლელად - 40 წუთი ითამაშა და 40 ქულა მიითვალა.

„ამ ჩემპიონატში ჩვენთვის სუსტი და ძლიერი მეტოქე არ არსებობს. ყველა თამაშისთვის თანაბრად ვემზადებით. რაც შეეხება დღვანდელ თამაშს, შედეგიანი საწყისი 3 პერიოდი ჩავატარეთ, რის შემდეგაც მოვეშვით და 30-ქულიანი უპირატესობა დავიდა 8-ზე, რაც წარმოუდგენელია და იმის ბრალია, რომ მოთამაშეები მოდუნდნენ. ამაზე გვექნება საუბარი, გავაკეთებთ დასკვნებს, მთლიანობაში კი გუნდური და საჭირო გამარჯვება იყო. ეხლა მოვემზადებით საკმაოდ საპასუხისმგებლო მატჩისთვის, რომელიც ბათუმში 11 ნოემბერს გველოდება", ამბობს დავით როგავა, „ოლიმპის" მწვრთნელი.

„ვულოცავ „ოლიმპს" ამ გამარჯვებას. ბრწყინვალე გუნდია და მე მგონი, ამ პროექტმა, რომელსაც სპორტის სამინისტრო და ფედერაცია ერთობლივად ახორციელებენ, გაამართლა. ყოველწლიურად ძლიერდებიან გუნდები და ეს ძალიან მიხარია. ჩვენი გუნდი ფორსმაჟორულ სიტუაციაშია. 2 ტრავმირებული გვყავდა, დღევანდელ მატჩში მესამემაც ტრავმა მიიღო. ზოგადად კი წლეულს არ გვყავს იმ დონის ლეგიონერები, როგორსაც ვისურვებდით და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი უცხოელი მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ და „სოხუმმა" დაიბრუნოს ის ამბიცია, რაც ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა", ამბობს ვაჟა კვარაცხელია, „სოხუმის" პრეზიდენტი.


„მარნეული დელტა" - „კაკტუსი" 91-60

დებიუტანტმა მარნეულის „დელტამ" სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. მარნეულელებმა „კაკტუსს" თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია.

ჩემპიონატის 6 წაგებით დაწყების შემდეგ მარნეულელებმა გამარჯვება დააგემოვნეს და ამაში თითოეულ მოთამაშეს საკუთარი წვლილი მიუძღვის. „დელტამ" გუნდურად ითამაშა და თამაშის სადავეებს თავიდანვე რომ დაეპატრონა, მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. შორი სროლები თუ სწრაფი გარღვევები - მარნეულელებს ყველაფერი ხარისხიანად გამოსდიოდათ და შედეგსაც იმკიდნენ.

პირველი პერიოდი „დელტამ" 25-19 მოიგო, მეორე - 25-17, ხოლო მესამეში 24-12 იმარჯვა და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა. ბოლო ათწუთეულის წინ ქვემოქართლელები 26 ქულით იგებდნენ და შეხვედრა სასურველ შედეგამდე იოლად მიიყვანეს. საბოლოოდ „დელტამ" 91-60 მოიგო და ქულებით „სოხუმს" გაუთანაბრდა.

მარნეულელებს ამერიკელმა ლეგიონერმა - დეანდრე რეიმ 22 ქულით ულიდერა. 12-12 ქულა მიითვალეს ჯინ დონდუმელმა და ნიკ ნილმა. „კაკტუსში" 18 ქულით ბომბარდირი გახდა კრისტიან ჯონსონი. 16 ქულა დეანდრე პარკსის ანგარიშზე დაგროვდა.

„მოვინდომეთ რასაც ქვია, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და შევძელით გუნდური კალათბურთის ჩვენება. გვქონდა გადაცემები, გვქონდა სწრაფი შეტევები, რაც მნიშვნელოვანია კალათბურთში. ამავდროულად დაცვაში ისე ვირჯებოდით, რომ ძალიან არ დავღლილიყავით. შევძელით გეგმის შესრულება და შედეგიც სახეზეა, რაც ძალიან სასიხარულოა. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ეს შესვენება, რომელიც სუპერლიგაში გვაქვს, ამაში ძალიან დაგვეხმარება", - ამბობს  თემურ კანკია, დელტას მთავარი მწვრთნელი.

„ძალიან ცუდად ვითამაშეთ, დელტამ დღეს გვაჯობა. მივულოცავ მარნეულს დამსახურებულ გამარჯვებას", - ამბობს არჩილ ჟღენტი, "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.


„ბათუმი" - „რუსთავი" 59-65

სუპერლიგის მორიგი მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც სათამაშოდ "რუსთავი" ჩავიდა. ამ გუნდებს საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ, შესაბამისად ამბიციაც გააჩნიათ და მათი დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულ ხასიათს ატარებდა.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის მესამე მეოთხედის გარდა თამაში თანაბარი იყო და ქულა-ქულაში ბრძოლა მიდიოდა. აღნიშნული მესამე პერიოდი რუსთაველთა უპირატესობითა და გამარჯვებით - 18-10 დასრულდა. მოპოვებული უპირატესობა ქვემოქართლელებმა წარმატებით შეინარჩუნეს და ძალიან საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს - 65-59.

გამარჯვებულებს 18 ქულით ჯეკ კრუკმა ულიდერა. ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. კიდევ ერთმა ლეგიონერმა - ბრაიან ბერნარდმა რუსთაველებს 12 ქულა შეაშველა."ბათუმში" 14-14 ქულით სტეფან ანდრესევიჩი და სპენსერ კოლინსი გამოირჩნენ.

„ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებმა დაცვაში. თავდასხმაში მართალია ვერ ჩავყარეთ ბევრი, მაგრამ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ ეს თამაში. მივულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას", ამბობს რამაზ გოგობერიშვილი, რუსთავის მთავარი მწვრთნელი.

 

***

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 10 ნოემბერს გაიმართება.

გამოყენებულია გიორგი (ზიზუ) ჯიქიას ფოტო