მძიმეა, როდესაც შენ მეგობარს, ოცნების თამაშს ართმევენ, ამიტომ...
მძიმეა, როდესაც შენ მეგობარს, ოცნების თამაშს ართმევენ, ამიტომ...
11.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როდესაც 2018 წელს, ერთა ლიგის პირველი გათამაშება იწყებოდა, ნურსულთანში, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა ნიკა კვეკვესკირი ამოიყვანა. ის ჟურნალისტები, ვინც იმ მომენტში გუნდთან ერთად ვიყავით, რაღაც მოგატყუოთ და ცოტა დაძაბულები ვიყავი - ხანგრძლივი გადაფრენა, დროში სხვაობა, ხელოვნურსაფარიანი მოედანი და სექტემბრისთვის უჩვეულო სიცივე, განსაკუთრებით მზის ჩასვლის შემდეგ. ნიკა, კი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც ამ გარემოს, კარგა ხანია მორგებული იყო, თუმცა, ისევე, როგორც ვლადიმირ ვაისი  და შესაბამისად, მათი განწყობა ყველას გადმოგვეცა. პრესკონფერენცია ისე დასრულდა, რომ ბოლოს ყაზახური სამზარეულოს და ალმა ათის „ქაირათის" მზარეულზეც კი ილაპარაკეს. იმ დღისგან განსხვავებით, დღეს, „დინამო არენაზე" პრესკონფერენციას, უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა და  ნიკასი არ იყოს, ყველას ის ცეცხლი გვეკიდა და ჯერ კიდევ გვიკიდია შინაგანად, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის დაწყებას თან ახლავს.


შინაგან ცეცხლზე ნიკა ბოლოს უპასუხებს და გულშემატკივარს მადლობას გადაუხდის. მანამდე, კი ქართული მედიისთვის 12 ნოემბრის მატჩამდე, გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე გასცემს პასუხებს.


ოცნების მატჩი


ეს ყველას ოცნების მატჩია და გუნდში განწყობაც შესაბამისია. ყველანი მონდომებული ვართ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ერთად ვიზეიმოთ. ის სიახლე, რომელიც დღეს გავრცელდა, ჩვენ ცოტა ადრე გავიგეთ და საკმაოდ მძიმე იყო იმის ხილვა, როდესაც შენს მეგობარს ოცნების თამაშს ართმევენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს არა რაიმე საფეხბურთო ნიუანსის გამო ხდება არამედ კორონა ვირუსის გამო. სამწუხაროდ, ეს ვირუსი 2020 წელს ბევრი ადამიანის უბედურების და წარუმატებლობის მიზეზი გახდა.


დანაკლისი გუნდში


ამ ბიჭების გარდა, დანაკლისი კიდევ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრისგან ტრაგედია არ შევქმნათ. თითოეული ჩვენგანი პროფესიონალი ფეხბურთელია. შესაბამისად, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მსგავს შეხვედრას შესაძლოა დანაკლისით შევხვედროდით და ამ ყველაფრისთვის მზად ვართ.


ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ვლადიმირ ვაისის ფორმაციის საქართველოს ნაკრების ძირითადი უპირატესობა გუნდურობა და გუნდური ფეხბურთია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხვალაც გამომავლინოთ.


მხოლოდ ორი ფეხბურთელი არ გვაკლია, ვფიქრობ, ყველა იმ ფეხბურთელის დანაკლისი მნიშვნელოვანია, რომლებმაც მცირე წვლილი მაინც შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ ეტაპზეა. ასეთები არიან, ოთარ კიტეიშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე და სხვები, რომლებმად 2018 წელს ერთა ლიგაზე ერთი წუთი მაინც ითამაშეს. რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც გაკლდება კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, შენგელია და კვარაცხელია. ეს ყველაფერი გუნდის შეტევით პოტენციალს ამცირებს, თუმცა ამის კონპენსირება გუნდური თამაშით, სწორი ტაქტიკით, სწორი მიდგომით და კარგი ფსიქოლოგიური განწყობით უნდა მოვახდინოთ. მჯერა, რომ ჩვენს ნაკრებს ამის გაკეთება შეუძლია.


როდესაც მატჩი იწყება


გულშემატკივარს სურს, რომ ხვალ სტადიონზე დავამტკიცოთ ის ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ და ვანახოთ ის შემართება, რომელიც თითოეული ჩვენგანის შიგნით არის. ყველას ცეცხლი გვკიდია და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ეს მატჩი. ფეხბურთელი თამაშის წინ ყოველთვის ნერვიულობს, მითუმეტეს, როდესაც ასეთ თამაშზეა საუბარი. თუმცა მოედანზე გასვლისა და მსაჯის სასტვენის შემდეგ ეს ნერვიულობა ქრება.


***


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 12 ნოემბერს, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ თამაში თბილისში, „დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.