
ბევრს, ალბათ, არ ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, ქართულ გუნდს, გოლს თუ გაუტანდნენ და ვაგებდით, გულშემატკივარი დგებოდა და სტადიონიდან გადიოდა. თან, ერთი და ორი კი არა, მასობრივად. მანამდე, 90 წუთი, „სემიჩკას" აკნატუნებდა და ხანდახან წამოიყვირებდა, უფრო მეტჯერ შეიგინებოდა.
ნელ-ნელა ჩვენთანაც იცვლება რაღაც. ბუნებრივია, ეს ერთბაშად ვერ მოხდება და ყველაფერს ფეხის აწყობა და შეჩვევა უნდა. პირველად, ქომაგთა ტრიბუნამ (სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთშიც) ისწავლა და ჩვენს ფეხბურთელებსაც ასწავლა, რომ თამაშის ბოლომდე, გუნდთან ერთად არიან - იგებს გუნდი თუ, აგებს... ფეხბურთელებმა ისწავლეს, რომ ნებისმიერი შედეგის შემდეგ, ისინი მადლობის ნიშნად ტაშს, მხოლოდ გასახდელის ჩასასვლელის თავზე განლაგებულ გულშემატკივარს არ უნდა უკრავდნენ.
ის რაც, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ქომაგთა სექტორმა, ბოლო ორი თამაშია დაიწყო, ჩვენთვის სიახლეა. ასეთ დახვედრებსაც, ფსიქოლოგიური მზადყოფნა სჭირდება და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა. კი, ძალიან მაგარია, ძალიან კარგია, მაგრამ ამ გარემოებასაც ნელ-ნელა უნდა შევეჩვიოთ, მერეც კი, როცა სტადიონზე გულშემატკივარს დაუშვებენ.
ის, რომ 12 ნოემბრის მატჩის ირგვლივ, მოლოდინიც დიდი იყო და შესაბამისად, ფსიქოლოგიური წნეხიც, ესეც ნათელი იყო. რაც არ უნდა გვეძახა და ეძახათ ფეხბურთელებს, რომ ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ, დღეს გაირკვა, რომც ვერც ისე ძალიან ვყოფილვართ მზად. თუმცა, ამასაც ვისწავლით.
ვერ გეტყვით, რომ სტადიონზე გულშემატკივრის დასწრება გუნდს, ამ წნეხს თავიდან ბოლომდე მოუხსნიდა, მაგრამ აშკარად შეუმსუბუქებდა. სულ უბრალოდ, მატჩის დროს წნეხი, არა მხოლოდ ჩვენს ნაკრებზე მოვიდოდა, რომლებიც ქუჩაში გაგდებულები დაობლებული ბავშვებივით იყვნენ დღეს, ქართული ფეხბურთის მთავარი მატჩის დროს. არამედ, ეს წნეხი მოწინააღმდეგე გუნდზეც და თუნდაც, მსაჯებზეც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, გადანაწილდებოდა. თუმცა, დღეს, „დინამო არენას" აშკარად გულშემატკივრის წნეხი აკლდა.
მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენ, უპირველესად, ფსიქოლოგიურად და მორალურად დავმარცხდით. ეს იყო ის, რასაც ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეყრდნობოდა და რაც, მის სასახელოდ უნდა ვთქვათ და, გამოუვიდა. ვაღიარებთ ამას თუ არა. თუმცა, უმჯობესია ვაღიაროთ, რადგან 15 და 18 ნოემბერს, არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშები გველის ერთა ლიგის C დივიზიონში და გვაქვს მშვენიერი შანსი ჯგუფის მოგების და შესაბამისად, კიდევ ერთი დივიზიონით წინ წაწევის.
დღეს დავმარცხდით და წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩრდ. მაკედონიასთან წააგებ თუ ეკონომიკურად ბევრად შენზე სტაბილურ ფარერებთან. ვსწავლობთ შეცდომებზე და დღეს, ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი იყო, საიდანაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და უპირველესად, უახლოესი 2 თამაშისთვის. დრო ცოტაა და ახლა, წაქცეულზე ხელის შეშველება არის საჭირო, წამოსაყენებლად!
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის ბრძოლაში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან 0-1 წააგო. ერთადერთი გოლი შეხვედრის 58 წუთზე გორან პანდევმა გაიტანა.





ჩვენ








