
დღეს, ისიც ნათელი იყო, რომ თამაში არც სანახაობრივად იქნებოდა საინტერესო და საქმესაც ერთი გოლი გადაწყვეტდა. თუმცა, ისევე, როგორც ბელარუსთან, ერთი თვის წინ. ისე მოხდა, რომ საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ეროვნული ნაკრებები ერთადერთ შეცდომას დაელოდებოდნენ. ჩრდ. მაკედონიელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს შანსი მეორე ტაიმში გამოიყენეს.
საქართველოს ნაკრების დღევანდელი „ტრაგედია" მინდვრის ცენტრში მარტივი შეცდომით დაიწყო, ჩვენს საჯარიმოში არეულობით გაგრძელდა გორან პანდევის გოლით დასრულდა. ომ გორან პანდევის, რომლისაც, ჩრდ, მაკედონიის პრესას თუ დავუჯერებთ, ჩვენ ძალიან გვეშინოდა. შიშის რა გითხრათ, მაგრამ შეძახილმა ხე გაახმოო, კი დაგვემართა და სწორედ, იმ ფეხბურთელისგან მივიღეთ გოლი, რომლის განეიტრალებაც წინა ორ თამაშში მოვახერხეთ.
„ძალიან ვწუხვარ ასეთი თამაშის გამო, დღეს არ იყო ჩვენი დღე. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველა ქართველი გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. ბოდიში ფეხბურთელებს, ფედერაციას, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს. დღეს მაკედონიამ გაიტანა გოლი, ჩვენზე ოდნავ უკეთესი გუნდი იყო და მინდა მივულოცო მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ შინ ვრჩებით. ყველასთვის უიღბლო დღე გამოდგა და ძალიან სამწუხაროა", - ამბობს ვლადიმირ ვაისი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებოდა, ჩრდ. მაკედონიელთა მთავარ მწვრთნელს, რომელსაც დიდი ალბათობით, გათვლები, თუ მოწინააღმდეგის მედიის სტატიებს გავითვალისწინებთ, სწორედ ამ ფეხბურთელის განეიტრალებაზე ჰქონდა, ერთ ღამეში ბევრი რამის გადალაგება მოუხდა. შესაბამისად, ჩრდ. მაკედონიამ პირველ ტაიმში თამაშის საშუალება მოგცვა და მსუბუქად შეგვაწუხა. თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტს, როდესაც გიორგი ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია, კარის ჩარჩოში, სტუმრებს რეალურად არც დაურტყამთ. სამაგიეროდ, 2 მომენტი, შედარებით უფრო სახიფათო ჩვენ გვქონდა, თუმცა, ისევე, როგორც სხვა თამაშებში, ისინიც გამოუყენებელი მომენტების გრძელ სიას მიემატა.
ისევ, ჩვენი „გასაჭირი" ორი განსხვავებული ტაიმი, ამ თამაშშიც განმეორდა. თუმცა, აქ, დამნაშავე უფრო ანგელოვსკის შესვენებაზე მოქოქილი და შესაბამისად, უფრო მოტივირებული ჩრდ. მაკედონიის ნაკრები იყო, რომელიც წინა ტაიმის გუნდისგან განსხვავებით სრულიად სხვაგვარად ათამაშდა. პარალელურად, იმატა შეცდომებმა ჩვენს რიგებში და ერთ-ერთს, როგორც უკვე აღვნიშნეთ გოლიც მოჰყვა. ამან უფრო დაძაბა საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდი ნაწილი და სიმართლეს, თუ თვალს გავუსწორებთ, ავირიეთ. იყო ცოტა უიღბლობაც და ჩემის აზრით, ცოტა დაგვიანებული ცვლილებები. სამწუხაროდ, ეს გარემოებაც, ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთგვარი ლეიტმოტივია.
ასეა თუ ისე, ეს თამაში წავაგეთ, მინიმალური ანგარიშით 0-1 და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც გავუშვით ხელიდან. ალბათ, ისევე როგორც ეროვნულის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ახლა გვაქვს ერთა ლიგის ორი თამაში და ამ ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთვარ მწვრთნელს, რომელიც მოიტანს ახალ იმედს და სულისკვეთებას. ჩემი დრო ამოიწურა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. სრულდება ჩემთვის ძალიან კარგი ხუთწლიანი პერიოდი, რომელიც ნამდვილად არ იყო იოლი. სამწუხაროდ, დღეს ყველა აცრემლებული და სევდიანია. ყველას უკეთესი შედეგი გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. მეტოქემ გამოიყენა ერთი შანსი და ჩვენ ვერაფერი. ვერ ვაჩვენეთ უფრო მეტი ხარისხი შეტევაში", - ამბობს ვაისი.
სხვა დროს, აუცილებლად დავიწყებდი განხილვას, ვის გამოუვიდა თამაში და ვის არა. თუმცა, დღეს, მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩრდ. მაკედონიელებთან მატჩში, ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა უდიდესი სამუშაო, თუმცა, სამწუხაროდ, იმისთვის, რომ მატჩის შემდეგ, წინა დღით დადებული პირობა შეესრულებინა და თბილისი „დაენგრიათ" დღეს, ჩვენებს არც ძალები ეყოთ და არც ნერვები. დაძაბულობამ, ამ ჯერზე ოსტატობა გადაძალა.
არაა გამორიცხული, რომ ვაისის გარდა, გუნდში სხვა ცვლილებებიც იყოს. თუმცა, ამის შესახებ სხვა დროს. ახლა კი, დროა ცივ გონებაზე საფიქრელად. რაც არ გკლავს გაძლიერებს და ჩვენ, საკუთარ შეცდომებზე, ახლა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მით უმეტეს, რომ 15 და 18 ნოემბერს ერთა ლიგის ბოლო ორი ჯგუფური თამაში გვაქვს სათამაშო და შესაბამისად, შანსი, რომ C დივიზიონი მოვიგოთ.
დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ დღევანდელი მარცხის შემდგე, საქართველოს ნაკრებს დემორალიზება არ ემუქრება და უახლოესი მატჩებისთვისაც შესაბამისად მოემზადებიან.





ჩვენ








