რთული, მაგრამ გასაკეთებელი - საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხებთან მატჩისთვის ემზადება
რთული, მაგრამ გასაკეთებელი - საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხებთან მატჩისთვის ემზადება
14.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სასტუმრო „ჰუალინგში" მოღრუბლულობაა, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება. მძიმედ, მაგრამ გუნდში ცდილობენ, ჩრდ. მაკედონიასთან განცდილი მარცხი დროებით დაივიწყონ და მეზობლებთან 3 ქულის ასაღებად გავიდნენ მოედანზე.


„გუშინ ბიჭებთან თამაშის შემდეგ პირველი შეხვედრა იყო ძლიან მძიმე. ვისაუბრეთ ამ უიღბლო თამაშზე, იმედგაცრუებაზე, რომელიც ამ დღემ დაგვიტოვა. ზოგი ტიროდა, ზოგი შეწუხებული იყო. ჩვენთან ერთად იყო, ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ის, ესაუბრა ბიჭებს და მისი საუბარი იყო ძალიან ემოციური. ის კარგი პრეზიდენტია. შეეცადა დაემშვიდებინა ფეხბურთელები და მოუყვა საკუთარ გამოცდილებაზე. თამაშებზე, რომლებიც უნდა მოეგო და მაგრამ არ გამოუვიდათ. მაშინ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ გზა გააგრძელეს, რადგანა ეს გზა ქართული ფეხბურთს წარმატებისაკენ მიდიოდა. როდესაც ყველა თავჩაღუნულია, ძნელია რამეზე ფიქრი, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ბიჭები არიან კარგი ფეხბურთელები და ამ პრესის და სტრესული გარემოს მიუხედავად რაც არის ხვალ, კარგ თამაშს აჩვენებენ. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური გავაკეთოთ ხვალ და მერე უკვე გუნდი გააგრძელებს გზას სლოვაკური სამწვრთნელო შტაბის გარეშე. მოვა, ახალი სტაფი, რომელიც მოიტანს ახალ ენერგიასა და სულისკვეთებას და ეს, საერთო ჯამში, ქართული ფეხბურთისთვის იქნება წარმატებული . მჯერა, რომ მწვრთნელი, რომელი ჩემს შემდეგ მოვა იქნება ეს ქართველი თუ, უცხოელი, იქნება ჩემი და ქეცბაიას მიქსი, ის ნაზავი, რომელიც იქნება ემოციური ადამიანი" - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდში მუშაობისას, მან ქეცბაიას ფეხბურთელების, ვარჯიშების, თამაშების, მედიასთან ურთიერთობის ბევრი ვიდეოჩანაწერი ნახა და ამ 5 წლის მანძილზე, გუნდთან და მედიასთან ურთიერთობა შეეცადა მისი წინამორბედების შეცდომები არ გაემეორებინა. ვაისი იძახის, რომ მას სჯერა, მწვრთნელი, რომელიც ჩემს შემდეგ მოვა საქართველოს ნაკრებს, ოთოსთან (მედია ოფიცერი), ახლაგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებთან ჩაკვესთან, კვარაცხელიასთან, ზურიკოსთან, ხოჭოლავასთან, ჯი ტაბიძესთან და საბასთან ერთად, წარმატებული იქნება. „საქართველოში გატარებული წლები, ჩემთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის მემახსოვრება, ეს გრძნობა არ შეიცვლება. მინდა წარმატება ვუსურვო ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს" - ამბობს ვაისი.


ბუნებრივია, რომ 2 დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოცნების თამაშის შემდეგ ემოციები დაცხრეს, თუმცა, ეს უკვე ისტორიაა, მწარე ისტორია, რომელსაც ვერსად გავექცევით. ის, რომ ჩრდ. მაკედონიასთან წაგება მძიმეა და განიცდის ყველა, მათ შორის ვლადიმირ ვაისი, ისიც მეტყველებს, რომ ეხებოდა კითხვა თუ არა, დღეს გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ყველა პასუხი 12 ნოემბრის თამაშიდან გამომდინარე ემოციებამდე მიდიოდა.




„ჩვენ დავუშვით ერთი შეცდომა დაცვაში და წავაგეთ თამაში. მოწინააღმდეგე გუნდმა მცირე შანსი მიიღო, არა მხოლოდ ამ თამაშში, არამედ წინა დაპირისპირებებში და ყველა გამოიყენეს. ახლაც, შექმნა საგოლე მომენტი და გამოიყენა. ჩვენ გავაკეთეთ საპირისპირო. თამაშის შემდეგ, იყო ჩემთვის ყველაზე ცუდი დღე. ასევე იყვნენ ჩვენი ბიჭები. ყველა იყო გაოგნებული, რომ ესეთი შანსი არ გამოიყენეს,  მაგრამ ჩვენ უნდა მოვმზადებულიყავით მომდევნო თამაშისთვის. სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც ხვალ უნდა ვითამაშოთ. ჩვენ უნდა ავწიოთ თავი და ხვალ, უნდა მოვიგოთ. თუ გვინდა, რომ მოვიგოთ ჯგუფი. ამ ბიჭებისთვის, ეს იქნება კარგი შანსი, რადგან მომავალში უკეთესი დონის გუნდებს დაუპირისპირდნენ. ისეთ გუნდებს ეთამაშონ, რომლებიც ევროპული ფეხბურთის სახე არიან. ხვალ, არ იქნება იოლი თამაში, მაგრამ უნდა ვითამაშოთ. უნდა მივცეთ სხვა მოთამაშეებს, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე იყვნენ. მათ უნდა მივცეთ, თავის გამოჩენის შანსი", - ამბობს ვაისი.


ის, რომ ჩრდ. მაკედონიელებთან თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იქნება ცვლილებები ალბათ, არავის უნდა გაუკვირდეს. ფლანგებზე სწრაფი ფეხბურთელები, მაშინ არის საჭირო, როდესაც კონტრშეტევებზე გიწევს თამაშიო, თუმცა ვლადიმირ ვაისს მიაჩნია, რომ სომხეთთან მატჩში მას მეორე ნომრად ყოფნა არ მოუწევს. ამას გარდა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე სასტარტო შემადგენლობაში 5-6 პოზიციაზე, წინა შეხვედრისგან განსხვავებით ცვლილებასაც აანონსებს. სავარაუდოდ, სომხეთის წინააღმდეგ, ქართველთა მწვრთნელი, სასტარტო შემადგენლობის „დაყენებისას" იმ გარემოებასაც გაითვალისწინებს, რომ ჩვენს ხვალინდელ მოწინააღმდეგეს, გუნდში არ ეყოლება ლიდერი, ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც იტალიაში, კორონა ვირუსის პანდემიის შეზღუდვების გამო, კი არის ჯანმრთელი, მაგრამ გუნდიდან წამოსვლის უფლება არ აქვს, ვინაიდან მის გუნდში, რამდენიმე ფეხბურთელს COVID 19 დაუდასტურდა და თან, არც სომხებმა გარისკეს სხვა ფეხბურთელებთან მისი ჩამოყვანა.


„სომხეთის ნაკრებს მხითარიანის გარეშე გაუჭირდება, ისე როგორც ჩვენ გაგვიჭირდა წინა მატჩში წამყვანი ფეხბურთელების გარეშე. მესის გამოკლება „ბარსელონასთვისაც" დიდი დარტყმაა, ყველა გუნდისთვის ასეა. მხითარიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, ვიცნობ მას პიროვნულად, ვიცნობ მის ოჯახსაც. ის ისეთივე ფიგურა, როგორც მაკედონიაში პანდევი, მაგრამ არ მგონია, რომ მის გამო გუნდმა ტაქტიკა შეცვალოს. ჩემთვისაც, როგორც მწვრთნელისთვის, საინტერესო იქნება წინა თამაშის შემდეგ როგორ გადავეწყობით", - ამბობს ვაისი.


ასეა თუ ისე, სომხებთან მატჩისთვის არც ჩვენ გვაქვს დიდი არჩევანი. საქართველოს ნაკრები, მართალია 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ვარჯიშობს, მაგრამ ყვითელი ბარათების გამო თამაშის გამოტოვება მოუწევს გიორგი ქვილითაიას და მურთაზ დაუშვილს. თუმცა, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მინდორზე გავა სათამაშოდ, ახალ განწყობას შეიტანს გუნდში, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენ გამარჯვებაში დაგვეხმარება.  




„რა თქმა უნდა, რთულია ასეთი თამაშის შემდეგ ყველაფრის დავიწყება, მაგრამ ბიჭები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რეაბილიტირებისთვის საუკეთესო გამოსავალი მოქმედებაა და ხვალ ვეცდებით ვიმოქმედოთ. სომხეთთან მოგებით ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი თამაშია და ვეცდებით გავიმარჯვოთ. სომეხი ფანების კომენტარები? არ მინახავს, მაგრამ მოტივაცია ამის გარეშეც არ გვაკლია", - ამბობს საბა ლობჟანიძე, რომელიც დღეს, სასტუმრო „ჰუალინგში" გამართულ წინასამატჩო პრესკონფერეციას ესწრებოდა.


შეგახსენებთ, მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. სომხეთის ნაკრები კი 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. როგორც ვაისმა, სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო „ჰუალინგში" აღნიშნა, ჩვენ დარჩენილ 2 თამაშში, 6 ქულა და ერთი მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, რომ ჯგუფი მოვიგოთ.


საქართველო - სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.