
ორი ქართველი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი, ასევე უკრაინელები და სლოვენიელები დაახლოებით ორი თვის მანძილზე პაკისტანში, ქაშმირის ჰიმალაიში დაიდებენ ბინას. „ექსპედიცია საკმაოდ საინტერესო და იმედი მაქვს რთული იქნება. ერთ-ერთი რთული მთა და ასვლა ჩემს ცხოვრებაში“ - აღნიშნა გამგზავრების წინ ბიძინა გუჯაბიძემ, რომელიც ერთ-ერთია იმ მოქმედ ქართველ მესიმაღლეებს შორის, ვისაც ყველაზე მეტჯერ აქვს დალაშქრული რვაათასიანი მწვერვალები.
ამჯერად გუჯაბიძის და გიგანის სამიზნე ზღვის დონიდან 8126 მეტრი სიმაღლის „ნანგა პარბატი“ არის. ჩრდილო-დასავლეთი ჰიმალაის ამ ულამაზეს მთაზე პირველასვლა 1953 წლის 3 ივლისს შესრულდა, ხოლო პირველამსვლელი ცნობილი ავსტრიელი მთამსვლელი ჰერმან ბული იყო. 8 ათასიან მწვერვალებს შორის, რიგით მე-9 სიმაღლის მთა, „ნანგა პარბატი“ ალპინისტურ წრეებში „მკვლელი მთის“ სახელითაც არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იანი წლების მონაცემებით ალპინისტთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა სწორედ „ნანგა პარბატზე“ მოდის და ამ კრიტერიუმით მსოფლიოს სამ ყველაზე რთული მთას შორისაა დასახელებული. 1970 წელს, აღნიშნულ მთაზე, დაშვებისას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელის რეინჰოლდ მესნერის ძმა, გიუნტერ მესნერი დაიღუპა.
„მეც და აფიც, შეძლებისდაგვარად მთელი ზამთარი ვვარჯიშობდით. ჩვენს წყვილს, ბევრი საერთო ექსპედიცია გვაქვს სათვალავში, ამიტომ ვფიქრობ, არც ახლა უნდა გაგვიჭირდეს. საბაზო ბანაკი 4000 მეტრზე, „მწვანეზე“ მდებარეობს, ამიტომ ჰიმალაის სხვა ბანაკებისგან განსხვავებით ჩვენ უფრო დიდი სიმაღლის აკრეფა მოგვიწევს. აღნიშნულ რეგიონში რთულია კლიმატური პირობებიც“- აღნიშნა ბიძინა გუჯაბიძემ.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თვითმყოფადი მწვერვალის დასალაშქრად გამგზავრებულ საერთაშორისო ექსპედიციას, ასევე ცნობილი უკრაინელი მესიმაღლე იგორ სვერგუნი ხელმძღვანელობს. „ნანგა პარბატზე“ პირველ ასვლის საიუბილეო მე-60 წელს, მთამსვლელთა ეს ჯგუფი „დიამარის“ კედლით შეეცდება მთის დალაშქვრას. აღნიშნული მარშრუტი პირველად 1962 წელს გაიარეს და დღემდე სტანდარტულ-კლასიკურ (კომბინირებული თოვლიან-ყინულოვან-კლდოვანი მონაკვეთებით) მარშრუტად ითვლება.
ალპინიზმი, სპორტის სხვა სახეობისგან განსხვავებით მაყურებელს მოკლებულია. ამ მიზეზით, სახეობა მეცენატებისგან არ არის განებივრებული. ახლაც, ქართველების ექსპედიციაში მოხვედრა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რომ არ გამოჩენილიყვნენ „სოკარი“ და „ჰელიკსირი“, რომლებმაც ჩვენი მთამსვლელების გენერალური სპონსორობა ითავეს. პაკისტანში მათი გადამყვანი კი „კატარის ავიახაზები“ გახდა. ქართველი მთამსვლელები თბილისიდან 7 ივნისის გამთენიას გაემგზავრნენ.
|
![]() |





ჩვენ









