
ჩვენს მეზობლებს, ყოველ შემთხვევაში, სომეხ გულშემატკივარს, ის, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიასთან მარცხი განიცადა ძალიან გაუხარდა. ჩვენ, ქართველებს გაგვეცინა, რადგან ის, რომ სომხეთს, ჩვენი რეგიონიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) დიდი სურვილი აქვს, ევროპის ჩემიონატზე პირველებმა ითამაშონ, ჩვეულებრივი ამბავია. 12 ნოემბრის მატჩის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელ მეტოქე გუნდში კი, სხვადასხვაგვარია.
„ზოგი გულშემატკივარი, შესაძლოა, ბედნიერი იყოს მაკედონიის მოგებით, ზოგი კი საქართველოს გულშემატკივრობდა. საქართველოზე ეს წაგება, ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედებდა და ჩვენთვის ეს უპირატესობაა. თუმცა ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მატჩი ვითამაშოთ და ამის ხარჯზე მოვიგოთ", - ამბობს გევორქ ღაზარიანი, სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ხვალ, ჰენრიხ მხითარიანის არყოფნაში გუნდის კაპიტნობა მოუწევს.
თუმცა, კაპიტნობასთან ერთად, მას საქართველოსთან თამაშისთვის ლიდერის ფუნქციის შეთავსება და თანაგუნდელებისთვის სტიმულის მიცემაც მოუწევს. „ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ გუნდის ლიდერი ვიყო, მაგრამ ამ გუნდში თითოეული ჩვენგანი ლიდერია და ჩვენ გუნდურად უნდა ვითამაშოთ. მჯერა, რომ ხვალაც, საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდ. მაკედონიასთან მოგებაც შეგვიძლია", ამბობს გევორქ ღაზარიანი, რომელსაც ბუნებრივია ხვალ არა, მაგრამ უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მე-6 ტურის მატჩში, ალალად, გამარჯვებას ვუსურვებთ.

მატჩისწინა პრესკონფერეციას, რომელიც „დინამო არენაზე" დღეს, 18:15 წუთიდან დაიწყო, ლაივ-რეჟიმში სომეხი ჟურნალისტებიც ადევნებდნენ თვალს. როგორც ჩანს, ჩვენი კოლეგები, გამომდინარე იქიდან რომ უკვე გამართული ჯგუფური შეხვედრების დროს, სომხებმა, საქართველოსთან და ესტონეთთან თამაში, მატჩის დებიუტში გატანილი გოლით დაიწყეს, ახლაც ამის იმედ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, სჯერათ, რომ 15 ნოემბრის საწყის წუთებზე მათ, აუცილებლად მიეცემათ კონტრშეტევის შანსი, რომელსაც გოლში გარდასახავენ. თუმცა, ის კი ადარდებთ, აი, ამის შემდეგ რა მოხდება, რადგან დებიუტში გატანილი გოლის შემდეგ, ხოაკინ კაპაროსის გუნდს, მომენტები განვლილ შეხვედრებში აღარ ჰქონდა.
„ყველა შეხვედრა განსხვავებულია და რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები მატჩში. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაღალი კლასის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას შევეცდებით.
რა თქმა უნდა, მხითარიანი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ამაზე წუწუნი აზრდაკარგულია. გუნდში გვყავს კარგი ფეხბურთელები და მგონია, რომ შევძლებთ, სტადიონზე ხალხის მოლოდინი და სიხარული გამოვიტანოთ. მინდა გითხრათ, რომ არ მგონია, საქართველოს ნაკრებზე ბოლო მარცხს ცუდი გავლენა არ მოეხდინა. როდესაც ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურს იცვამს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივი. ხვალინდელი მატჩი რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად", - ამბობს ხოაკინ კაპაროსი.
მხითარიანის არ ყოფნის პერიოდში, სომეხთა ესპანელმა მწვრთნელმა პირველად სარგის ადამიანი გამოიძახა. სომეხ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელს, ჯერ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გამოუვლენია. შესაბამისად, მათთვის საინტერესო იყო, კაპაროსი ამ ფეხბურთელისგან მაქსიმუმს „გამოწურავს" და არა გამორიცხული, თავდასხმის ცენტრში, ალექსანდრ კარაპეტიანიც კი, ჩაანაცვლოს. თუმცა, ხოაკინმა საკუთარი გადაწყვეტილების გახმაურებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ სარგისი ხარისხიანი ფეხბურთელია და მოხარულია, რომ გუნდში ასეთი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავს.

„ჩვენ ახლა, მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვფიქრობთ. ყველა ჩემი ფეხბურთელი, სომეხი ხალხი მხოლოდ ხვალინდელ მატჩზეა კონცენტრირებული. ჩვენი იმედები, ძალისხმევა და სიხარული მხოლოდ ხვალინდელ მატჩისკენ არის მიმართული," - ამბობს ხოაკინ კაპაროსი.
მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელი ყველანაირად ცდილობს, 15 ნოემბრის თამაშის სავარაუდო პერიპეტიები დამალოს, ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდში არაა გამორიცხული გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებები იყო, თუნდაც, იმ მატჩისგან განსხვავებით, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებმა პოლონეთში ჩაატარეს. ყოველ შემთხვევაში, დღეს, ღაზარიანის ნალაპარაკებიდან თუ ვიმსჯელებთ, სომხები საქათველოს ნაკრების თამაშში შეცდომებს და ზონების სწორად შერჩევას შეეცდებიან.
ჩვენი მეზობელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები თბილისში დღეს ჩამოვიდა და როგორც იქაური ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვედი წერს, გუნდი სასტუმრო „თბილისი მერიოტში" არაა. ვებ-გვედრი იტყობინება, რომ გუნდთან ერთად, არ იმყოფებიან ედგარ ბაბაიანი, აგვან პაპიკიანი და გუნდის თარჯიმანი, რომლებსაც თბილისში გამომგზავრებამდე, კორონა ვირუსი დაუდასტურდათ. თბილისში კი, სომხებმა 23 ფეხბურთელი ჩამოიყვანეს:

მეკარეები: დავიდ იურჩენკო (ყარაგანდის შახტარი, ყაზახეთი), გრიგორ მელიქსეტიანი (განძასარ-კაპანი), ვარდან შაატუნი (არარატ არმენია);
მცველები: ოვანეს ამბარცუმიანი (ანორთოსისი, კვიპროსი), კამო ოგანესიანი (კაირატი, ყაზახეთი), არმან ოგანესიანი (ტობოლი, ყაზახეთი), ვარაზდატ აროიანი (ტამბოვი, რუსეთი), ანდრე ჩალიშირი (გოტებორგი, შვედეთი) ), ტარონ ვოსკანიანი (ალაშკერტი), სერობ გრიგორიანი (პიუნიკი), აიკ იშხანიანი (განძასარ-კაპანი), ანდრანიკ ვოსკანიანი (ვანი);
ნახევარმცველები: გეორგ ღაზარიანი (აელ, ლიმასოლი, კვიპროსი), არშაკ კორიანი ( ხიმკი, რუსეთი), ტიგრან ბარსეგიანი (ასტანა ყაზახეთი), ვაჰან ბიჩახჩიანი (ჟილინა, სლოვაკეთი), არტაკ გრიგორიანი (ალაშკერტი), ანგულო ვბეიმარი (განძასარ-კაპანი), აკობ აკოპიანი ("ურარტუ")სოლომონ უდო, კარენ მურადიანი (ყველა - არარატი);
თავდამსხმელი: ალექსანდრე კარაპეტიანი (ტამბოვი, რუსეთი), სარქის ადამიანი (ჰოფინჰაინი, გერმანია)
შეხვედრა, „დინამო არენაზე", ხვალ, 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.







ჩვენ








