
ევროპის ჩემპიონატის საგზურის დაკარგვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში, ერთ დივიზიონით დაწინაურება და შესაბამისად, უფრო მაღალი კვალიფიკაციის გუნდებთან ასპარეზობით, გაზრდის შანსი დაკარგა. ვლადიმირ ვაისი, სომხებთან თამაშის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „დინამო არენაზე" არ დამალავს და იტყვის, რომ 12 ნოემბრის მატჩის შემდეგ, ის ბიჭებს ელაპარაკა და უთხრა:
„ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მე მივდიოდი, მაგრამ მათ უნდა მოეგოთ თავიანთი პროგრესისთვის, მომავლისთვის, რომ უკეთეს დივიზიონში გადასულიყვნენ და უკეთეს გუნდებთან ეთამაშათ. ახლა კი პირველ ადგილზე გასვლის შანსი აღარ გვაქვს. ვიმეორებ, შეტევაში ხარისხი მაღალი არ იყო. არ ვამბობ, რომ გამარჯვება ვინმეს არ უნდოდა, მაგრამ ფაქტია, შეტევაში ვერ ვითამაშეთ ისე, რომ ეს მატჩი მოგვეგო. ვფიქრობ, რომ დღეს პირველ რიგში დისციპლინისა და შეტევაში ხარისხის ნაკლებობის გამო წავაგეთ. ტრაგიკომედიაა, რომ სომხეთის ნაკრებთან ოთხჯერ მომიწა დაპირისპირება და სამჯერ წავაგე, ორჯერ სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობისას და პროგრესი ვერ განვიცადე", - ამბობს ვაისი.

შეტევაში ხარისხის თემას ვაისი კიდევ რამდენჯერ მიუბრუნდება. უფრო მეტაც, რაც ის საქართველოშია მწვრთნელი, დღევანდელ პრესკონფერენციაზე პირველად შეეცადა დეტალურად აეხსნა, თუ რა ტაქტიკური დავალებები ჰქონდა თეორიაზე, გუნდისთვის მიცემული, შემდეგ გუნდმა თუ ცალკეულმა ფეხბურთელებმა როგორ იმოქმედეს და სად შეეშალათ.
„შეტევის ხაზში პრობლემებია. წინა თამაშთან შედარებით უფრო მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს სამი კარგი შანსი ჰქონდა და კონტრშეტევაზე 2 გოლი გაიტანეს. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად „ჰოფენჰაიმიდან", რომელთაც ერთი მომენტის გამოყენება შეუძლიათ, ჩვენ კი, 5 რეალური საგოლე მომენტიდან ვერ ვახერხებთ გატანას. ეს პრობლემაა. საქართველოში, ცოტა დრო არ გამიტარებია, აქ, 5 წელი დავყავი, რაც ძალიან დიდი დროა ჩემს ცხოვრებაში. ამ ნაკრებს ოთხი დღის წინ ყველა დიდი მოლოდინით უყურებდა, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა", - ამბობს ვაისი.

თქვენ, ქართველები ხართ და თქვენ უკეთ იცითო. ვაისმა ეს წინადადებაც დღეს, რამდენჯერმე გაიმეორა. დიახ, ჩვენ ქართველები ვართ და მშვენივრად ვიცით, რომ უკვე წლებია, ვერც სანაკრებო (მათ შორის ასაკობრივ ნაკრებებში) და ვერც საკლუბო დონეზე, რეალურად არ გვყავს ის ფეხბურთელები, რომლებიც, მარტივად ვიტყვი, კარში დაარტყამენ. მოეწონება ვინმეს ეს ნათქვამი თუ არა, ფაქტი ჯიუტია და ამაზე, ალბათ, გახსოვთ რამდენიმე წლის წინ, თემურ ქეცბაიაც ლაპარაკობდა - „მესებს, მე ვერ დავბადავო". იმ დროს, ქეცბა „მოჯაჰედირებზეც" საუბრობდა. დღეს, კი ვაისმა იგივე თემა, უფრო დიპლომატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველებს, საფეხბურთო, თუმცა, არა მხოლოდ, მენტალიტეტთან პრობლემები გვქვს. დღეს, ვაისმა ისიც თქვა, რომ შეიძლება უნდა გამოეძახა ბუდუ, სხირტლაძე, სიხარულიძე, კიდევ... ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებო.
„მე არ ვარ ქართველი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა. შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი ვერ გრძნობს ეროვნული ნაკრებში თამაშის და მისი მაისურის ტარების პასუხისმგებლობას, ამიტომაც, ალბათ რამდენიმე მათგანი ჩემი წასვლის შემდეგ ნაკრებში ვეღარ მოხვდება. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს ბოლო მატჩებში წავაგეთ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ახლა", - ამბობს ვაისი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება, თუმცა, ის, რეალურად ჩვენთან ურთიერთობას კიდევ 3 დღე გააგრძელებს, დღეს ბოლო მატჩისთვის, სავარაუდოდ კიდევ გაათენებს ღამეს და დეტალურად ნახავს იმ შეცდომებს, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ დაუშვეს. მაგალითად წყვეტა ზონებში, რამაც მოწინააღმდეგე გუნდს, მანევრირების საშუალება მისცა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში უფრო ხშირად ხდებოდა, თუმცა, მეორეშიც, „კანტროლკა" გოლის მომენტშიც იგივე მოხდა.
„მარტო ნავალოვსკის შეცდომები? მას ხშირად ვეუბნებოდი, რომ „ნავალ", შენ მცველი ხარ და პირველ რიგში იმ პოზიციაზე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, მისი დაზღვევა სხვებსაც შეეძლოთ. ამიტომ, ამაზე არ ვისაუბრებ. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ამიტომ, დიდი არჩევანი არ გვქონია, დაახლოებით 40 ფეხბურთელიდან მიწევდა შერჩევა. ცხადია, ვინც ნაკრებში თამაშობდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება, ვიტყვი, რომ ზოგიერთმა ის ნდობა, რომელიც მივეცით, ვერ გაამართლეს", - ამბობს ვაისი.

ხვალ, საქართველოს ნაკრები, 2020 წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. ვლადიმირ ვაისი, ყველა მოთამაშესთან ინდივიდუალურ გასაუბრებას აპირებს, როდესაც კონკრეტულად ეტყვის ყოველივე მათგანს თავის შეხედულებას, დადებითს თუ უარყოფითს და ეს იქნება მისი კეთილი ნება და რჩევა, რადგან საქართველოს ნაკრებმა, სამომავლოდ განვითარება გააგრძელოს.
„ვფიქრობ, რომ ჯაბა კანკავას ნაკრების დონეზე თამაში კიდევ 10 წელი შეუძლია. 10 ბუნებრივია გადაჭარბებულია, მაგრამ 3-4 წელი შეუძლია. ეს არ უნდა იყოს ერთეული, პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს სხვებზეც. ხოჭოლავამ, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან" შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ დღეს ემოცია არ ჰქონდა. თითქოს ამხანაგური მატჩი იყო. მას ცუდად არ უთამაშია, მაგრამ არც კარგად. დაცვის ცენტრში ყველაზე შეთამაშებული წყვილი კაშია და კვირკველიაა, თუმცა, დღეს მათ უნდა დაესვენათ და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ყველამ ნახეთ. შესაძლოა, ფეხბურთელების ერთ-ერთი პრობლემა ის იყოს, რომ ისინი ჯანსაღ კრიტიკას სწორად ვერ იღებენ", - იძახის ვაისი.

და მაინც, სად იყო ძაღლის თავი დამარხული? პირველი - ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რამეთუ გუნდამ, 12 ნოემბრის მარცხის ჩრდილიდან ვერ მოასწრო გამოსვლა. მეორე - ვაისის სიტყვებს მოვიშველიებ, სამწუხაროდ ჩვენ საშიში ზონები ვერ გავაკონტროლეთო. მართლაც, რამდენიმე მომენტში იყო უზარმაზარი წყვეტა დაცვის ხაზსა და სხვა დანარჩენ ხაზებს შორის და სწორედ, იქ მოახერხეს სომხებმა ჩვენი „დაჭერა". მესამე - ისევ, სტატიის დასაწყისს დავუბრუნდები, ნომინალურად თავდამსხმელი გვყავს, თუმცა, კარის ჩარჩოში ბურთს არავინ ურტყამს. ზოგჯერ გადაცემის გაკეთება საჭიროა, მაგრამ დღეს, რამდენიმე მომენტში, გარისკვა და კარში დარტყმის თავის თავზე აღება, შესაძლოა უფრო ხეირიანი იყო. ბოლო, არ ვიცი, იქნებ მე მომეჩვენა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გარკვეულ მომენტებში, ჩვენებს ერთმანეთის არ ესმოდათ, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც.
„ცუდია, რომ ასე სრულდება ჩემი აქ მუშაობა, ვეცდები, რომ ბოლო თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. ქართულ ფეხბურთს ჰყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია. ერთი კვირის წინ დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ახლა წაგებულები ვართ. ცუდია ასეთი დასასრული. ქართული ფეხბურთი მჯერა განვითარებას გააგრძელებს, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. მიყვარს ეს ქვეყანა, ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას და არასდროს დაგივიწყებთ. თუმცა, ახლა ჩემი დრო აქ ამოიწურა და ვეცდები კარიერა სხვაგან გავაგრძელო", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

დღეს, კი სომხებმა, ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს. გოლი გევორგ ღაზარიანმა გაიტანა. მეორე ტაიმში, ჩვენ კი, გავათანაბრეთ ანგარიში ვაკო ყაზაიშვილის ზუსტი 11-მეტრიანით, მაგრამ მატჩის მიწურულს, ბოლო წუთების „წყევლა" კვლავ ამოქმედდა და 86-ე წუთზე სარგის ადამიანმა გოლი გაიტანა. რა დასამალია და 65-დან 86-ე წუთამდე, ქართველების თამაში, უფრო ვალის მოხდას გავდა და მხოლოდ, მეორე გოლის მერე ვიკარით თავში ხელი. თუმცა, 4 ძირითადი დროის და 4-ის იტალიელ მსაჯთა კომპენსირებული დრო, არ აღმოჩნდა იმისთვის საკმარისი, რომ ჩვენ თამაში გადაგვერჩინა. დღევანდელ შეხვედრაში, ქართველთაგან გიორგი აბურჯანიას და საბა ლობჟანიძის თამაში დამამახსოვრდა. ამასთან, ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაანონდებული ცვლილებები სისრულეში მოიყვანა, თუმცა, სასტარტო შემადგენლობაში 5-ზე მეტი ცვლილება შევიდა.
სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგის ორ გათამაშებაში ერთად აღებული პირველი თამაში წააგო, სახლში, „დინამო არენაზე" 1-2 და B დივიზიონში გადასვლის თეორიული შანსი დაკარგა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ბოლო მატჩს, ესტონეთის წინააღმდეგ მოვიგებთ. ასე, რომ ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაზე, ჩვენ, კვლავ C დივიზიონში მოგვიწევს თამაში.

სატურნირო ცხრილი
უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს, „დინამო არენაზე" ჩაატარებს. მატჩი ესტონეთის წინააღდეგ 21:00 დაიწყება.
და ბოლოს, დღეს, ეროვნული ნაკრების მხარდამჭერთა კლუბი „ქომაგები", გუნდს, სტადიონის შესასვლელთან კვლავ დახვდნენ. თუმცა, იქ ფეხბურთის სხვა მოყვარულებიც იყვნენ, ძირითადად თინეიჯერები და სწორდ, მათთვის და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის, ჩვენი ნაკრები, უბრალოდ, ვალდებულია 2020 წლის ბოლო შეხვედრა მოიგოს. დანარჩენს კი, დრო და ნაკრების ახალი საწვრთნელო შტაბი მიხედავს. მთავარია, რომ ის მცირედი პროგრესი (მთელი რიგი ექსპერიმენტების მიუხედავად, რომელიც ბევრს ქრონიკულად, პირადად მე კი იშვიათად არ მომწონდა) და ბრმა უნდა იყო, რომ ვაისის ხელში გუნდის ეს პროგრესი არ აღიარო წყალში გადაყრილი არ იქნება. ახალი სამწვრთნელო (ქართველებით დაკომპლექტებული თუ უცხოელებით) შტაბი კი, ვაისის, კიდევ უფრო მანამდე ცხადაძის და ქეცბაიას დაწყებულ საქმეს, სწორი მიმართულებით წაიყვანს.
გუნდები, ერთი ხელის მოსმით არ ყალიბდება და შედეგიც ხანგრძლივი შრომის ნაყოფია.









ჩვენ








