
ვლადიმირ ვაისმა გუშინ, მედიასთან ბოლო პრეს-კონფერენცია გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი, 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ესტონეთის წინააღმდეგ აღარ უხელმძღვანელებს. უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო, მე-6 კალენდარულ მატჩში, 39 წლის ქართველი სპეციალისტი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძე დაიკავებს. სიახლე, სფფ-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
„გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
ფედერაციის გვერდის ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისის კონტრაქტის ამოწურვის შესახებ, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. ვაისთან ერთდ, გუნდი დატოვეს, სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფმა ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირისა და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ფედერაციამ გაწეული საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა. ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფლეი - ოფის ფინალში ითამაშა. აქედან, აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრებმა თუ არ ჩავთვლით, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალს (რაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა) პირველი მარცხი, სწორედ გუშინ, სომხეთის წინააღმდეგ განიცადა.
„მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - ამბობს ალექსანდრე იაშვილია.
ამ ეტაპზე არ სახელდება, თუ კონკრეტულად ვისთან აწარმოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ქართველი იქნება მთავარი მწვრთნელი თუ უცხოელი ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. სომხებთან მატჩამდე, გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ვაისმა თქვა, რომ ის ისურვებდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო „მიქსი, ქეცბაიასა და მას შორის".





ჩვენ








