
მეორე დღეა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ მოცემულობაშია. უეფა-ს ერთა ლიგის მეორე გათამაშებაში, საერთო ჯამში, ამ ტურნირში ჩატარებული მატჩების მხრივ პირველი მარცხისა და გუნდიდან ვლადიმირ ვაისისა და მისი სამწვრთნელო შტაბის წასვლის შემდეგ, ახალი, თუნდაც დროებითი სამწვრთნელო შტაბი რამაზ სვანაძისახელმძღვანელობით (მისი დამხმარეების გიორგი ადამიას და ზურაბ ხიზანიშვილი), გუნდში, უპირველესად ფსიქოლოგიური ფონის ამაღლებას და განწყობის შექმნას შეეცდებიან.
„გუნდში არის რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი. მიკრო ტრავმებია და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ვეცდებით, შემადგენლობა ოპტიმალური იყოს. ახალს, დღეს ჩვენ, ვერაფერს მოვიგონებთ, რადგან ამის არც დრო არის და არც საშუალება. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს თავსი ხედვა აქვს. იქნება უმნიშვნელო ცვლილებებიც, რა თქმა უნდა რამდენიმე ტაქტიკური ჩანაფიქრიც გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ამ მოკლე პერიოდში შევეცდებით, რომ გავაკეთოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში მთავარია ჩვენი ფსიქოლოგიური მზადყოფნა ამ თამაშისთვის", - ამბობს რამაზ სვანაძე,

39 წლის ქართველი მწვრთნელისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, თუმცა, სეროზული გამოწვევა არის უხელმძღვანელოს ქვეყნის პირველ ნაკრებს მაშინ დაძაბულობა, განსაკუთრებით კი ნაკრების ირგვლივ შექმნილი ფსიქოლოგიური ფონი უკიდურესად დაძაბულია.
„დღეს ჩემს თავს მივცემ იმის უფლებას, რომ ვილაპარაკო გუნდის სახელით და არ დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური აზრი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენს ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს, რომ მართლა ძალიან დიდი სამუშაო გაწია ამ 5 წლის განმავლობაში. გამოჩნდა რამდენიმე ახალი სახე, იყო ძალიან დადებითი შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ, დადგა ის რეალობა, რომ ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა. დღეს, ცხელ გულზე, ალბათ არც ერთ გულშემატკივარს, არც ერთ ადამიანს არ ახსოვს დადებითი, რაც მან გააკეთა. ეს, ფეხბურთია, ნორმალურია და გვესმის ეს ყველაფერი. ფაქტი ისაა, რომ გაივლის ხანი და მერე შევაფასებთ მის მუშაობას, რაღაც ასპექტებში დადებითს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. პირადად ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან ბევრი უსწავლებია, გაუკეთებია და ბევრი დადები მომენტი და ემოცია განგვიცდია ერთად", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი დღეს, სასტუმრო „ჰუალინგში" გამართულ პრესკონფერეციაზე.
ფეხბურთელი აქვე დასძენს, რომ რამაზ სვანაძე, შექმნილ ვითარებაში ის ოპტიმალური კანდიდატია, რომელსაც შესწევს უნარი, ამ ფსიქოლოგიური წნეხიდან გუნდი გამოიყვანოს. მოგვიანებით ნიკა, იმასაც იტყვის, რომ ის, რაც გუნდმა 5 წლის მანძილზე აშენა, რეალურად 3 დღეში დაამსხვრია, თუმცა, ახლა ვედებით, ვითარება გამოვასწოროთო.
„გუნდში, ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას, გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებიან და ჩემი ნაკრებში ყოფნის პერიოდში, ყოველთვის, კარგი გარემო იყო. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ 5 წლის მიერ ნაშენები საქმე 3 დღეში ჩვენივე ხელით ჩამოვანგრიეთ, უფრო სწორად ფეხით, რადგან ჩვენ ფეხით ვთამაშობთ. ახლა ჩვენი მოვალეობაა გავიდეთ მოედანზე და ნელ-ნელა დავივიწყოთ ეს ყველაფერი. მზად ვართ რაც ჩამოვანგრიეთ, თავიდან ავაშენოთ, იმ წნეხის მიუხედავად, რაც გარშემო არის", - ამბობს კვეკვესკირი.
წარსულით ცხოვრება არაფერს მოგვიტანს, წინ უნდა ვიყუროთ, რომელიც ხვალინდელი თამაშით იწყება - ეს კიდევ სვანაძის საუბრიდან არის ამონარიდი, მინდა მადლობა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს, სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვო და მასზე არც ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრებო, თქვა სვანაძემ, რომელიც თავად ფეხბურთელების და მწვრთნელების ოჯახის წარმომადგენელია.
„სატურნირო მოტივაცია შეიძლება არ გვაქვს, მაგრამ ნაკრების თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და პოზიტიური განწყობა უნდა დატოვოს გუნდის თამაშმა. არ ვიცი ვაისმა რის შესახებ ისაუბრა, მაგრამ ის არის მწვრთნელი, რომელმაც გუნდში 5 წელი გაატარა და კარგად იცნობდა გუნდს. მწვრთნელის სამსახური ასეთია, მეც დღეს აქ ვარ, მაგრამ ხვალ არ ვიქნები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს განცხადებები მან ემოციურ ფონზე გააკეთა, სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ორი დღე მაქვს იმისთვის, რომ ეს თამაში მოვიგოთ და ნებისმიერ შემთხვევაში ხვალინდელი თამაში ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს ბოლომდე მაქვს გათავისებული და ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია", - ამბობს სვანაძე.

როგორც სტაჟიანი ჟურნალისტი, რომელიც წლებია კონკრეტულად ფეხბურთს ვაშუქებ და ყველა ფორმაციის ნაკრები მახსოვს და ვთვლი, რომ ნაკრებში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება არის დაწყებული, ბუნებრივია, რომ „კვეკვეს" იმის შესახებ შესახებაც ვკითხე, თავად ფეხბურთელი ამ ყველაფერს, როგორ უყურებდა.
„მე ბევრი ფორმაციის ნაკრებში არ მითამაშია, ვლადიმირ ვაისის გარდა, კახა ცხადაძის დროს რამდენიმე თამაში ჩავატარე. ვაისის პერიოდში გუნდურობა იყო ჩვენი მთავარი პლიუსი, ავაშენეთ ეს ყველაფერი და იდეალურთან მიახლოებული ყოფილიყო ვცდილობდით. შეიძლება ითქვას, რომ გამოვიდოდა კიდეც, მაგრამ 3-4 დღეში ყველაფერი ჩვენ თვითონ ჩამოვშალეთ. დარწმუნებული ვარ ქართული ფეხბურთი ამ ორი წაგებით არ დასრულებულა და ხვალიდან ახალი ფურცლის გადაშლა დაიწყება", - განაცხადა კვეკვესკირმა
ახალი ფურცლის გადაშლას კი საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყველა ნასწავლი გაკვეთილით და იქიდან გამოტანილი დასკვნებით უკვე ხვალიდან უნდა შეეცადოს. ეროვნულის, დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო ტურში, ესტონეთის ნაკრებთან დღეს საღამოს უნდა მოასწროს ფსიქოლოგიური ფონის ამაღლებაც და თამაშის მოგებაც, რადგან ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, მას და გუნდს სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ.
„ცვლილებებს რაც შეეხება, რეალურად იქნება სიახლეები, მაგრამ ძალიან მცირე, რადგან ეს გუნდი 5 წელია ერთად თამაშობს. კონკრეტულად შემადგენლობას რაც შეეხება, ჩემთვის არ არსებობს ძირითადის ან თადარიგის ფეხბურთელები. მეტიც, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სათადარიგო მოთამაშეების განწყობა და დამოკიდებულება. იქნება ცვლილებები, მაგრამ მასშტაბურად არა", - ამბობს სვანაძე.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩი ესტონეთის წინააღმდეგ, 18 ნოემბერს, 21:00 „დინამო არენაზე" დაიწყება.





ჩვენ








