მინდა გუნდის სახელით ვილაპარაკო - ნიკა კვეკვესკირი
მინდა გუნდის სახელით ვილაპარაკო - ნიკა კვეკვესკირი
17.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნოემბრის სანაკრებო თამაშების და ორი მარცხის შემდეგ, ფეხბურთელებიდან პირველმა მედიის წინაშე ლაპარაკი ნიკა კვეკვესკირმა დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელები, დღეს, უკვე შედარებით ცივ გონებაზე, ათვითცნობიერებენ, რომ 12 ნოემბრის შოკიდან გამოსვლის დროა. თუნდაც, იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში მათსავე პრესტიჟზე მეტყველებს. შეცდომის გააზრება კი, სუფთა ფურცელზე, ახალი თავის წერის დასაწყებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


„მაკედონიასთან, მატჩისთვის რატომ არ იყო ჩვენი ნაკრები ფსიქოლოგიურად მზად? ალბათ, იმიტომ, რომ ასეთი დატვირთვის თამაში, ჩვენ 12 ნოემბრამდე არ გვქონია. მოლოდინი იყო დიდი და მასთან გასამკლავებლად, ჩვენ მზად არ აღმოვჩნდით. ის, რომ ასეთი თამაშის შესაძლებლობა გვგქონდა, სამომავლოდ ჩვენი ნაკრებისთვის და ქართული ფეხბურთისთვის, მხოლოდ დადებითი მომენტია. ჩვენ, არა მხოლოდ გუნდს, არამედ გულშემატკივარს, პრესას, არ გვგქონდა იმის გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოვმზადებულიყავით მსგავსი თამაშისთვის. ახლა, სამომავლოდ, მიზანი უნდა იყოს, რომ ასეთი დატვირთვის თამაშები, არა 30 წელიწადში ერთხელ, არამედ, უფრო ხშირად ვითამაშოთ. რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ასეთ შეხვედრებს, უფრო მარტივად გავუმკლავდებით წნეხსაც", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.




როგორც აღმოჩნდა, სომხეთთან მარჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, ვლადიმირ ვაისის შეხვედრა ქართულ მედიასთან იყო ბოლო და ბევრს, მისთვის ესტონეთის მატჩის ბოლოსკენ შემონახული შეკითხვები, შემონახულადვე დაგვრჩა. თუმცა, ვაისმა, თქვა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - მე ხვალ დავჯდები და ბიჭებს, ყველას სათითაოდ დაველაპარაკები და ვეტყვი ვის რა შეუძლია და ვისზე რას ვფიქრობ ჩემი გადმოსახედიდანო. უეფა-ს ერთა ლიგის, ბოლო კალენდარული ტურის წინ, მითუმეტეს, 2 წაგებული თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ნიკას, არ შევეკითხე, ელაპარაკა თუ არა და რა უთხრა კონკრეტულად მას ვაისმა. თუმცა, დღეს, „კვეკვემ", ეროვნული მაისურის „ტვირთზეც" და გუნდში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.


„საკუთარი ქვეყნის წინაშე, პასუხისმგებლობის აღება ვისაც შეუძლია, ის ადამიანი არის სწორედ დასაფასებელი და არა ის, ვინც უარს იძახის ამ პასუხისმგებლობაზე. ჩვენ მზად ვართ, ამ პასუხისმგებლობისთვის, მზად ვართ იმ კრიტიკისთვის რაც მივიღეთ და მივიღეთ დამსახურებულად. გასაგებია, რომ ჩვენზე მეტად არავის უნდოდა გამარჯვება, მაგრამ  რეალობა არის ეს. მზად ვართ, ყველაფრისთვის,  წნეხისთვის, იმისთვის, რომ რაც ჩვენივე ხელებით, ან ფეხით, რადგან ფეხბურთელები ვართ, ჩამოვანგრიეთ, თავიდან ავაშენოთ.


ელემენტარული პრობლემები ყველა გუნდშია, არამარტო ფეხბურთში, ისე საქმიანობასა, თუ ოჯახშიც არ არის სრული იდილია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.  ამ გუნდში განწყობას რაც შეეხება, ყველაფერი არის. არის ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთმანეთის გვერდში დგომა.  გამოცდილი ფეხბურთელების მიერ ახალგაზრდების დახმარება. ახლაგაზრდები მიერ გამოცდილების მიმართ პატივისცემა და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია ვარ, მაგრამ რაც ვარ, დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრები არის გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.




ნიკამაც თქვა და მეც დავეთანხმები, რადგან ქართული დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორია, ჩემს ჟურნალისტურ კარიერასთან ერთად იწერება, რომ თავად სფფ-ს დღევანდელი მმართველი გუნდის წევრებს, რომლებსაც სანაკრებო კარიერაც აქვთ გამოვლილი, ერთხმად ამტკიცებენ, რომ დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრები, აბსოლუტურად სხვა „ლეველზეა", დალაგებული უფლება-მოვალეობების მხრივ, თუმცა, არის ერთი თუმცა, რომლის პირისპირ, ნოემბრის 2 სანაკრებო მატჩის შემდეგ დავდექით.


„ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ 5 წლის მანძილზე ნაშენები, რაშიც სამწვრთნელო შტაბი, ფედერაციის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვმონაწილეობდით, 3 დღეში, ჩვენივე ხელით ჩამოვანგრიეთ.  დღეს, ვიწყებთ, ფაქტიურად ნულიდან, მაგრამ რეალურად, ფეხბურთელის პროფესია ისაა, რომ გაუმკლავდეს ასეთ რთულ მდგომარეობას და გამოვიდეს და დაამტკიცოს, რომ შეუძლია უფრო მეტი", - ამბობს ნიკა.




და მაინც, იყო თუ არა ვაისის დროს იდეალური ატმოსფერო გუნდში? ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყოველთვის იდეალურად, არც ყველაზე დალაგებულ და გამართულ ოჯახებში არის საქმე და ამის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში, უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ, ის, რომ გუნდს ნელ-ნელა შემოაკლდა ჩაკვეტაძე, მერე კიტეიშვილი, მერე კვარაცხელია და შენგელია, იქ ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო ქვილითაია, სათამაშო დრო აკლდა მთელ რიგ ფეხბურთელებს, ბუნებრივია, რომ იდეალურამდე, ბევრი ხელის შემშლელი იყო. აქვე ვაისს, დავესესხები და 5 წლის მანძილზე მას არჩევანის გაკეთება 40 ფეხბურთელში უწევდა, ეს, არც თუ მარტივი საქმეა. სულ ბოლოს, კი ამას, უგულშემატკივრობაც დაემატათ. არადა, როდესაც 2020 წლის მარტი და „დინამო არენა" ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ½ ფინალის და ფინალის ჩატარების ადგილად დასახელდა, ჩვენ ნაკრებს იმედი ჩაუსახა, რომ ისინი, მარტო არ იქნებოდნენ. თუ როგორც განვითარდა მოვლენები, ამას ახლა აღარ ჩავუღრმავდები.


„ლიდერების არყოფნაზე არასდროს ვწუწუნებთ, რომ თავი ვიმართლოთ, მაგრამ ჩაკვეტაძის კვარაცხელიას, შენგელიას და კიტეიშვილის გამოკლება ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო, განსაკუთრებით, მატჩის წინა დღეს. ჩვენ ვიცოდი ჩვენი და მეტოქის შესაძლებლობებიც, ვიცით, რომ მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. კლასმა, გავლენა იქონია და ფსიქოლოგიურმა წნეხმაც. ყველა ფეხბურთელი, ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და არავის ერთმანეთი არ დაგვიდანაშაულებია. ვიცით, რომ ჩვენი შესაძლებლობები, ყველაზე საჭირო მომენტში ვერ ვაჩვენეთ. ქართველი ქომაგებიც ვერ გავახარეთ, რომლებიც საოცრად დაგხვდნენ, ასეთი გულშემატკივრობა არასდროს მიგრძვნია. სოციალურ ქსელშიც ძალიან ბევრ მესიჯს ვიღებდი. ჩვენი გულშემატკივარი, იმიტომ იმსახურებდა გახარებას, რომ წაგების მერეც დაგვხდნენ. ვიცით, რომ მათი და ჩვენი, ჩვენი ოჯახების იმედები გავაცრუეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მომავალში მათ გასახარებლად", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.




როგორ გაახარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები, მის ქომაგს, რომელიც ხან, ფეხბურთელებს კიცხავს, ხან მწვრთნელს და ხან კორონას. ახერხებს თუ არა რეალურად იმ შოკიდან გამოსვლას, რაც ამ ნოემბრის თამაშების დროს მიიღო. „კვეკვე" თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ვაისმა გუნდი დატოვა, მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთელებს, ასეთ დროს ზუსტად ის მწვრთნელი მიეღოთ, რომელსაც შეუძლია მათი, ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოყვანა და პლუს, თავისი ხელწერის დატყობა. თუნდაც, ამ მოკლე დროში.  ასეთი კი, სწორედ რამაზ სვანაძე აღმოჩნდა, რომლის გამბედაობაც გუნდმა დააფასა.


სხვათა შორის, დღეს, საღამოს 19:00, სკ ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე, საკმაოდ ცივ, წვიმანარევ-ქარიან ამინდში, სომხეთთან ვარჯიშამდე ნანახი გუნდისგან განსხვავებით, დაახლოებით, ერთი წლის წინანდელი შემართებული ბიჭები ვიხილე. ბუნებრივია, ნოემბრის „ცუდი სიზმრიდან", შეგრძნება კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ მე დავინახე ის ნაპერწკალი, რომელიც ამ გუნდს, აუცილებლად გამოაცოცხლებს.




და ბოლოს, ნიკამ, მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ მადლობას უხდიდა ვლადიმირ ვაისს, იმ დიდი სამუშაოსთვის, რაც მან გუნდში ყოფნის დროს გაწიაო. გამომდინარე იქიდან, რომ „კვეკვემ" დღეს, ისიც განაცხადა, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი გუნდის სახელით ლაპარაკობდა, სჯერა, მასაც და გუნდსაც, რომ გავა დრო, ჩაწყნარდება ვითარება და ვაისის 5- წლიან მუშაობას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სხვაგვარად, უფრო ზუსტად კი, დადებითად შეაფასებენ. სხვათა შორის, ჩვენი ვებ-გვერდის და პირადად ჩემი სახელით დავამატებ, რომ სწორედ, ასეთი დროის შემდეგ, იმ ქართველმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც, 2014 წელს თემურ ქეცბაიას პრეს-კონფერენცია, პროტესტის ნიშნად დემონსტრატიულად დატოვეს, დღეს „ქეცბას" ქებაში არიან და რამე, რომ იყოს, მის ნაკრების მწვრთნელად დაბრუნებასაც მიესალმებიან. ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი.


დასასრულს შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო კალენდარულ მატჩს, 18 ნოემბერს, „დინამო არენაზე" ესტონეთის წინააღმდეგ, კვლავ გულშემატკივრის გარეშე და კვლავ 21:00-ზე გამართავს.