
ხვალ, 18 ნოემბერს, „დინამო არენაზე", კვლავ გულშემატკივრის გარეშე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრას გამართავს. ჩვენმა ხვალინდელმა მეტოქემ, ესტონეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, „დინამო არენაზე" ივარჯიშა. კარელ ვოოლაიდმა, ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აღნიშნა, რომ ტურნირის ბოლო შეხვედრაზე მისი გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით არის ჩამოსული და საქართველოსთან, მოგებას შეეცდება.
„ბუნებრივია, ჩემი მიზანი შედეგიანი თამაშია. კიდევ ვლადისლავის მსგავსი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაა. ის, ასაკობრივი გუნდში ჩემთან იწყებდა თამაშს, თუმცა, ახლა მთავარია შედეგი ხვალინდელ მატჩში, სადაც ჩვენ გამარჯვება გვინდა. ჩვენც ვამთავრებთ ჯგუფში ასპარეზობას და ვართ ბოლო ადგილზე. თუმცა, ამ ჯგუფში ასპარეზობის დასრულება პოზიციურად გვინდა", - ამბობს კარელ ვოოლაიდი.

მოგეხსენებათ, რომ სწორედ, ესტონეთთან მატჩით დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში ასპარეზობა. თუმცა, მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები ცოტა სხვა შემადგენლობით იყო და შესაბამისად, არ გასჭირვებია გასვლაზე თამაში, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში ტრავმებს, კორონას დადასტურებული შემთხვევები, მერე კი ნოემბრის სანაკრებო ციკლის 2 შოკისმომგვრელი მარცხი იყო. ამდენად, საინტერესოა, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, ამ კუთხით, რაიმე განსაკუთრებულ სამზადისით ხომ არ იყო დაკავებული.
„მე ვნახე ვიდეო, თუ როგორ მივიდა თქვენი გუნდის ავტობუსი მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდ სტადიონზე. 2012 წელს, ჩვენც დაახლოებით იგივე ვითარება გვგქონდა, როდესაც ფლეი-ოფში, ირლანდიასთან დავმარცხდით. ვფიქრობ, რომ ეს მომენტი, ფსიქოლოგიურად, თქვენი ფეხბურთელებისთვის, თქვენი გულშემატკივრისთვის, არის ძალიან რთულად გადასატანი. თამაშამდე, ყველა ფიქრობდით, რომ ვლადიმირთან ერთად, ბიჭებმა კარგად იმუშავეს და ისინი მიზანთან მართლა ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი პროფესიონალები არიან და ისევე, როგორც ჩვენ, თქვენებიც ეცდებიან, საკუთარ ქომაგს აჩვენონ, რომ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ის რაც იყო, უკვე ისტორიაა", - ამბობს ესტონელთა მთავარი მწვრთნელი.

საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებები, მოგეხსენებათ, პირველად არ ითამაშებენ. 2020 წელს, სასწორი ჩვენს მხარეს არის გადმოხრილი, თუმცა, 5 წლის წინ, ქართველებმა, ესტონეთში 3-0 წააგეს.
„როდესაც ქართველებმა ტალინში ითამაშეს, მე სტადიონზე ვიყავი და თამაშს ვუყურე. მაშინ, საქართველოს ნაკრები არ იყო ოპტიმალური შემადგენლობით. შეიძლება, არც მოტივაცია იყო ძალიან მაღალი. ახლაც, ვერ იტყვი ვის რა შანსები აქვს. ასე იყო, თქვენს შემთხვევაში სომხეთთან მატჩამდე. შეხედავ და იტყვი, რომ ქართველებს უფრო მეტი სათამაშო პოტენციალი აქვთ, უტევენ, ყოჩაღ, ქმნიან მომენტებს, თითქმის მთელი გუნდით შეტევაშია. უკან მხოლოდ ცენტრალური მცველები და კანკავა რჩებიან. თქვენ გყავთ კარგი ფეხბურთელები, ისინი ცდილობენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთი, ცოტა უფრო მეტს მოითხოვს. ჩვენთან, წინა შეხვედრაშიც, კარგად თამაშობდა კვარაცხელია. ის იყო ქართველთა შორის ყველაზე კარგი. თუმცა, ოქრიაშვილი, სხვებიც, ბურთს კარგად ფლობენ, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ჩვენ ვართ, სულ უნდა ველოდოთ, რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალები, თქვენთანაც, ისევე, როგორც ჩვენთან, შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს. ამ მომენტში, თბილისში, ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოვიყვანეთ, საუკეთესოები, შეიძლება ითქვას. პირველა გვყავს 2 ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის ტიპ ლიგებში ასპარეზობენ საკლუბო დონეზე და ეს გვაიმედებს", - ამბობს ესტონელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ერთა ლიგის წინა ტურში, თუ ჩვენ სომხებს ვეთამაშეთ, ესტონელები, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს ეჭიდავენ. სტუმართა ნაკრების 21 წლის მოთამაშე, თვლის, რომ წინა ტურში, მათ კლასში სხვაობა დააკლდათ.
„მაკედონიელებმა, ქართველებს ფინალი მოიგეს და ევროპის ჩემპიონატის გასვლით ეტაპზე გავიდნენ. ამ გუნდს, ჩვენ სახლში 3-3 ვეთამაშეთ და ვფიქრობდით, რომ დაღლილებთან უნდა მოგვეგო, თუმცა, გამოცდილება დაგვაკლდა და 1-2 წავაგებთ. იმ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მათ შორის სერია A-დან, კვიპროსის ჩემპიონატიდან, უნგრეთიდან, სხვა ევროპული კლუბებიდან. ჩვენს გუნდში კი თაობათა ცვლა მიმდინარეობს და შესაბამისად გამოცდილება გვაკლია. თან მოთამაშეთა უმრავლესობა ესტონეთის ლიგიდან არის და ესეც ახდენს გავლენას. არის ბევრი 21-წლამდე ნაკრებში ასული ფეხბურთელი, ასე, რომ პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ერთა ლიგაზე, გვჭირდება ცოტა მეტი დრო, რომ ისეთი მოთამაშეები, როგორიც მე და კიდევ სხვებმა გამოცდილება დავაგროვოთ" - ამბობს ვლადისლავ კრეიდა.

ფეხბურთელების გასაზრდელად, ესტონელთა 43 წლის მწვრთნელს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება ასაკობრივ ნაკრებებშიც აქვს, მწვრთნელად მუშაობის 23 წლიანი სტაჟი კი, იმის თქმის საბაბს აძლევს, რომ ფეხბურთელების გასაზრდელად, სუსტ გუნდებთან თამაშზე მეტად, ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირება გაუხარდება. შესაბამისად, ხვალაც, ისურვებს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, მის გუნდს ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდეს. მერე არც ჩვენ, და არც თქვენ არ გვექნება სალაპარაკო, რომ ის გვაკლდა და ეს არ გვყავდაო. TSFF.GE-ს შეკითხვა, თუ რომელი ქართველი ფეხბურთელის ხილვა არ სურდა მას ხვალ მოედანზე, ესტონელთა მთავარმა მწვრთნელმა, თითქოს ბანზე აგვიგდო, მაგრამ ბოლოს დაამატა, რომ იყო წელს, როცა ჩვენი ახალგაზრდები გორან პანდევს დაუპირისპირდნენ. მინდა, რომ ხვალ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უძლიერესი შემადგენლობა დააყენონ, რათა ჩვენმა ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავას წინააღმდეგ თამაშით გამოცდილება მიიღონო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესტონეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 18 ნოემბერს, „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.









ჩვენ








