ეროვნულ ნაკრებს თამაშამდე კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა
ეროვნულ ნაკრებს თამაშამდე კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა
18.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმის შესახებ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ სვანაძემ გუშინ, სასტუმრო „ჰუალინგში" გამართული პრეს-კონფერენციის დროსაც ილაპარაკა. თუმცა, თუ რომელი ფეხბურთელები ჰყავდა მწვრთნელს მხედველობაში, სვანაძეს არ დაუკონკრეტებია.


იმავე დღეს, საღამოს 19:00, სკ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში 27 ფეხბურთელის შემადგენლობით დაიწყო და ის 15 წუთი, რაც მედიისთვის ღია იყო, გუნდმა ერთად ივარჯიშა. თუმცა, მოგვიანებით ვარჯიშს, ორი ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა.


დღეს, სფფ-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ „ესტონეთის წინააღმდეგ მზადების პროცესში რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს მიკროტრავმა ჰქონდა. ისინი სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.  ამ დროისთვის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დღევანდელ თამაშს საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოტოვებს.  თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ესტონეთთან მატჩის განაცხადში არ იქნებიან".


ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, ისიც, რომ ქართველები, რომლებიც კვიპროსულ კლუბში თამაშობენ და წესით სანაკრებო თამაშების შემდეგ, კუნძულზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, შესაძლოა უახლოესი მომდევნო საკლუბო თამაშებიც ვერ ჩაატარონ.


რაც შეეხება სანაკრებო თამაშებს, ნოემბრის ფანჯარაში ქვილითაიამ არც ერთი, ოქრიაშვილმა კი, მხოლოდ ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშა.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო შეხვედრას, დღეს, "დინამო არენაზე" ესტონეთის წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.