ბურთი დავიჭირეთ და გავაგორეთ, გოლი კვლავ ვერ გავიტანეთ
ბურთი დავიჭირეთ და გავაგორეთ, გოლი კვლავ ვერ გავიტანეთ
18.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო კალენდარული მატჩი ფრედ ითამაშა ესტონეთის ნაკრებთან და ჯგუფში, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. 1 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება, შედეგად 7 ქულა, ეს არის ის, რის გაკეთებაც ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის მეორე გათამაშებაში მოახერხა, თუმცა, გათამაშების დასაწყისში, უფრო ზუსტად კი, ნოემბრის სანაკრებო თამაშებამდე, საქართველოს ნაკრები ორიდან ერთი გუნდი იყო, ერთა ლიგის 2 გათამაშებაში, ვისაც ამ ტურნირში მარცხი არ ჰქონდა და შესაბამისად, იმის შანსიც იყო, რომ ერთი დივიზიონით ზევით ავწეულიყავით რეალური იყო. თუმცა, 12 ნოემბრის მატჩმა, რომელსაც გვინდა თუ არ გვინდა, კიდევ ხშირად გავიხსენებთ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და შესაბამისად, ერთა ლიგის მე-5 და მე-6 ტურებში, ჩვენს ნაკრებს, უფრო სტრესიდან გამოსვლა და ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევა მოუხდა, რაც საკმაოდ რთული გამოდგა.


„ჩემი ერთადერთი და მთავარი საზრუნავი ახლა გუნდში განწყობის ამაღლება იყო, რომ გუნდი სტრესული ვითარებიდან გამომეყვანა", - იტყვის რამაზ სვანაძე, მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე.




გადაუღებელი წვიმასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა, ნოემბრის წარუმატებელი მატჩების შემდეგ, მოახერხა და მთელი თამაშის მანძილზე ბურთი გააკონტროლა. თუმცა, ეს იყო ერთადერთი რაც ჩვენმა გუნდმა დღეს შეძლო. პირველ ტაიმში, რეალურად კარის ჩარჩოს მიმართულებით არც კი დაგვირტყამს. ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ საქმე ძირითადად არც ამ და არც მომდევნო ტაიმში, არც გიორგი ლორიას ჰქონია.


„დავით ხოჭოლავა არის ფეხბურთელი, რომელიც „რეალთან" და „ინტერთან" ძირითადში თამაშობდა და ვფიქრობ, რომ ასეთი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ძირითადში უნდა იყოს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეთამაშა", - ამბობს სვანაძე.




თუ არ ჩავთვლით, რომ მეორე ტაიმი, ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ სვანაძე, ცვლილებით დაიწყო, დავით ხოჭოლავა, გია გრიგალავათი ჩაანაცვლა. უშუალოდ თამაშში კი, არაფერი შეცლილა, ვიდრე მინდორზე გიორგი პაპუნაშვილი არ გამოვიდა, რომელმაც კარის ჩარჩოს მიმართულებით დარტყმაც გაბედა და აშკარად, თამაში გააცოცხლა. კიდევ ერთ მომენტში, ესტონელთა მეკარემ ააცალა ფეხიდან ბურთი ნიკა კაჭარავას.


„რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო და ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, ეს გოლია, შეტევაში ხარისხი, განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაში. გუნდმა ძალიან რთული თამაშები გამოიარა, თუმცა, წარსულში ყურება არაფერს მოგვიტანს და წინ უნდა ვიყუროთ. ვიცი, რომ ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს", - ამბობს სვანაძე.




12 ნოემბრის სტრესული მატჩის შემდეგ, დღეს, ჩვეულ სტაბილურობას დაუბრუნდა ქართველთა კაპიტანი ჯაბა კანკავა. სომხებთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, დღეს, უკვე აღარ ნერვიულობდნენ ნიკა კვეკვესკირი და ვაკო ყაზაიშვილიც, რომელთა სიმტკიცე თამაშის დროს, დანარჩენი გუნდისთვის, როგორც წესი გადამდებია.  


„მოდის თაობა, რომელთაც პერსპექტივა გააჩნიათ, მე ვერ გავიზიარებ პესიმისტურ მოსაზრებას, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვს. ეს ბიჭები ფინალამდე მოვიდნენ და მათ ყველაზე მეტად განიცადეს ის ყველაფერი, რაც მოხდა. გუშინ, ნიკა კვეკვესკირმა ბოდიშიც მოიხადა. უბრალოდ, ჩვენი პრობლემა ის გახდა, რომ მაკედონიასთან წაგებით გამოწვეული სტრესიდან გუნდის გამოყვანა გაძნელდა, რასაც ერთა ლიგის შესარჩევი ციკლიც გადაყვა", - ამბობს სვანაძე.




ერთა ლიგის ბოლო შეხვედრა, საქართველოსა და ესტონეთს შორის ფრედ, 0-0 დასრულდა. ჩვენი ჯგუფიდანკი, B დივიზიონში სომხეთის ნაკრები გადავიდა. სომხებმა, ჩრდ. მაკედონიელებს, 1-0 სძლიეს. როგორც ჩანს, საქართველოსთან თამაშმა არც ჩრდ, მაკედონიის გუნდზე გადაიარა უკვალოდ. თანაც, ერთა ლიგის თამაშებში გუნდმა, ლიდერების გარეშე ითამაშა.


საქართველოს ნაკრები კი, ახლა მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება. პარალელურად კი 7 დეკემბერს, ჩანიშნულ წილისყრას, რომლის დროსაც, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფი  და შესაბამისად ჩვენი მოწინააღმდეგეების ვინაობა უნდა გაირკვეს, რომლებთანაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2021 წლის მარტიდან მოუწევს ასპარეზობა.