მაკფადენის 21 ქულა და ბურგოსელთა იოლი გამარჯვება იტალიურ ბრინდისისთან
მაკფადენის 21 ქულა და ბურგოსელთა იოლი გამარჯვება იტალიურ ბრინდისისთან
18.11.2020
ავტორი: ი.პ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავის ესპანურ კლუბს, "სან პაბლო ბურგოსს" გაამარჯვებინა. ბურგოსელებმა, რომლებმაც მაკფადენის წინამძღოლობით ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგა გასულ თვეში მოიგეს, ამ ტურნირის ახალ გათამაშებაში მეორე ტურის მატჩი იტალიურ "ბრინდიზისთან" გამართეს და სოლიდური სხვაობით - 93:71 გაიმარჯვეს. 


საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24:11 წუთში 21 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მაკფადენმა 5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა. ამ მხრივ მასზე მეტი მონაგარი (19) ომარ კუკს ჰქონდა, რომელმაც 9 ქულა, 9 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.


ამ მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ოთხივე გუნდს - ბურგოსს, ბრინდისის, ოსტენდეს და დარუშაფაკას თითო მოგებ-წაგება აქვს. მორიგ მატჩს "ბურგოსი" 9 დეკემბერს, შინ თურქულ "დარუშაფაკასთან" გამართავს.