პირველი ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში
პირველი ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში
19.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელ ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბები ცდილობენ, რომელიმე ევრო-ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც თვისი არსებობის ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად უეფა-ს, მართალია ქალთა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოახერხა მოხვედრა.


შეხვედრაში, რომელიც რუმინულ „კლუჟ არენაზე" გაიმართა და საქართველოს 2019 წლის ჩემპიონს (2020 წლის ვიცე-ჩემპიონი) ქსკ „ლანჩხუთს" რუმინეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დაუპირისპირდა, ფავორიტებად მასპინძლებს მიიჩნევდნენ. მითუმეტეს, რომ გუნდს უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში უკვე ჰქონდა მატჩები ჩატარებული. ამას გარდა, რუმინელთა კლუბი, რუმინეთის ქალთა ეროვნული ნაკრების 9-10 ფეხბურთელით იყო დაკომპლექტებული. რაც შეეხება, „ლანჩხუთს" ის, აღნიშნული ტურნირის დებიუტანტია, თუმცა, ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე, ქართულ გუნდშიც თამაშობდა. მათ შორის ხატია ჭყონია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესამე გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სწორედ, ჭყონიას დუბლით, დამატებით ტაიმებში, ქართველებმა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მიიღეს.


რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და „კლუჟის"  ფეხბურთელებს გოლის გატანის რეალური შანსებიც ჰქონდათ, თუმცა, რიგ მომენტებში დარტყმული მცირე მანძილით აცდა კარს, 2-3 მომენტში კი, გუნდის მეკარემ თათია გაბუნიამ, კარგი „სეივები" გააკეთა. თუმცა, ეს იყო, მხოლოდ მატჩის საწყის 20-25 წუთში. ამის შემდეგ, კი გურულებმა ნელ-ნელა მოახერხეს თამაშის გათანაბრება და 42-ე წუთში, ირინა ხაბურზანიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ბურთის „კლუჟის" კარში გადაგზავნაც მოხერხეს. თუმცა, სლოვაკმა მსაჯმა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მომენტი, რუმინელთა მცველი მეკარესთან იყო ჩარჩენილი, თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გაგვიუქმა.


შესაძლოა, ტაიმის მიწურულს არჩათვლილი გოლი, ქართული გუნდისთვის ყურების ჩამოყრის საბაბი ყოფილიყო, მითუმეტეს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში, იმავე სლოვაკმა მსაჯმა ჯარიმა პირიქით დადო, ქართველებმა ნელ-ნელა, პირველ ტაიმში გათანაბრებული თამაში სათავისოდ მოირგეს, მეტოქეს ბურთს ფლობის მხრივაც აჯობეს, თამაშობდნენ ტექნიკურად და ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ ერიდებონენ, კარგად ამოჰქონდათ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან და ცდილობდნენ გუნდის ლიდერზე, ხატია ჭყონიაზე ეთამაშათ, რომელსაც ერთბაშად 2 ფეხბურთელი მეურვეობდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა 58-ე წუთზე, მაინც მოახერხა 2 მეურვეს გასცდენოდა, თუმცა ამ მომენტში „კლუჟის" მეკარემ იყოჩაღა. აი, კიდევ 10 წუთში, კი ჭყონიას შეჩერება ვერც მეურვეებმა და ვეღარც მეკარემ ვერ მოახერხეს და „ლანჩხუთმაც" ანგარიში გახსნა.   


შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მასპინძლებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და რეალურად ჩვენების საჯარიმოში დაბანაკდნენ. თუმცა არც ეს 2 და არც მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთი არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ რუმინულ „კლუჟს" თამაში გადაერჩინა და ის დამატებით ტაიმებში გადაეყვანა.


ქართულმა გუნდმა მოწინააღმდეგე მინიმალური ანგარიშით, ძირითად დროში 0-1 დაამარცხა, თუმცა, ეს ანგარიში საკმარისი იყო იმისთვის, რომ „ლანჩხუთს" არა მხოლოდ საკუთარი კლუბის, ქალთა ფეხბურთის და მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცლის წერა დაეწყო.