„ლანჩხუთი“, გუნდი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე იზრდება
„ლანჩხუთი“, გუნდი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე იზრდება
19.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაირკვევა თუ ვინ იქნება ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთის" მეტოქე 1/16 ფინალში. კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო, უეფა-ს სხვა ტურნირების მსგავსად, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშების ფორმატიც შეცვალა და ტურნირის მთავარ ბადეში მოსახვედრად, გურულებმა ჯგუფური ეტაპის ნაცვლად (როგორც ეს წინა წლებში ქუთაისის „მართვემ" და თბილისის „ნიკემ" გააკეთეს), ორი, ერთ-რაუნდიანი ეტაპი გაიარეს. გემახსოვრებათ, პირველ ეტაპზე ჩვენმა გოგოებმა შიმკენტში, ყაზახური გუნდი დაამარცხეს. ამჯერად კი, რუმინეთში, „კლუჟ ოლიმპიას", ანგარიშით, 0-1 სძლიეს და გათამაშების მომდევნო ეტაზე გავიდნენ.


TSFF.GE  ამ მატჩს მონაწილე სამ ფეხბურთელს მატჩის დასრულების შემდეგ გაესაუბრა:


ხატია ჭყონია (ჩემპიონთა ლიგის 2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, მან უკვე 3 გოლი გაიტანა): „დღეს, ჩვენი დავალება მაქსიმალური თავდადება და შედეგის ჩვენება იყო. ვფიქრობ, იმაზე მეტად ვიშრომეთ, რაც გვგქონდა დავალებული. ალბათ, ნახავდით, თამაშის მანძილზე 2 მოწინააღმდეგე მიწევდა მეურვეობას და ცდილობდნენ ჩავეკეტე. რა თქმა უნდა ამით, ძალიან შემეშალა ხელი. ერთ ვიდექი წინ და იმედს არ ვკარგავდი, რომ აუცილებლად ჩვენ ერთად შევძლებდით და იმ ერთ რეალურ შანსსაც გამოვიყენებდი, რომელიც მომეცემოდა. ის, რომ პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი არ ჩაგვითვალეს, ვთვლი, რომ კი არ დაგვაბნია, არამედ, უფრო მოტივირებულები გავხდით, რადგან ვირწმუნეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გოლის გატანაც და მოგებაც და ჩვენ, ეს მართლა შევძელით".


თეონა თოდაძე: „ძალიან რთული თამაში გამოვიდა. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო, უფრო ძლიერი, ვიდრე, ის, რომელსაც პირველ ეტაპზე ვეთამაშეთ. ამას გარდა, თავიდანვე შეგუებული ვიყავით იმ აზრს, რომ მეორე ნომრად უნდა გვეთამაშა. თუმცა, თუ თამაშიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, სულ ასეც არ იყო. ყველა დავალება სწორად შევასრულეთ და ამან შედეგი გამოიღო. ვთამაშობდით კონტრშეტევებზე. თუმცა, პირველ ტაიმში გოლი სტანდარტულის შემდეგ გავიტანეთ, რომელიც სამწუხაროდ, მსაჯმა არ ჩაგვითვალა. თამაშგარე დააფიქსირა, არადა თამაშის შემდეგაც, რომ ვუყურეთ მომენტს, უფრო  მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომას ჰგავდა. ცოტა მიკერძოებული იყო, არა მხოლოდ ამ მომენტში. თუმცა, ამან უფრო შევმატა ძალები და მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დავიწყეთ. შევძელით გოლის გატანაც და ისიც, რომ თამაში სასურველ შედეგამდე მიგვეყვანა. მინდა მივულოცო ჩემს გუნდს, სამწვრთნელო შტაბს და ყველას, ვინც ამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა.


თათია გაბუნია: „დღე ემოციებით არის დატვირთული. ჯერ, კიდევ გვიჭირს იმის გაანალიზება თუ რა გავაკეთეთ... გვიხარია და ვართ ბედნიერები, რომ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი ბრძოლით გულშემატკივარი გავახარეთ და რაც მთავარია ისტორია დავწერეთ. დღეს, უბრალოდ თამაში არ იყო. მოედანზე იყო ბრძოლა. მოედანზე არ ვთმობდით პატარა მონაკვეთსაც კი, რამაც შედეგი გამოიღო... დაძაბულობა იყო პირველ ტაიმში და გუნდს დალაგება გაუჭირდა, მაგრამ ერთმანეთის შეძახილებით და გამხნევებით მოვახერხეთ და დავიწყეთ სწორი თამაში, სწორი ფიქრი და აზროვნება შევძელით. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდი იყო და ამასთანავე მასპინძელი, არ გვითამაშია მეორე ნომრად, რამაც შედეგი გამოიღო. ეს იყო ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო თამაში, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. არასდროს დამიხევია უკან... მიუხედავად მარცხისა და თამაშზე დაშვებული შეცდომებისა ვიზრდები და ვსწავლობ. უკან არასდროს დამიხევია. მოედანზე გატარებული ყოველი წუთი გაკვეთილია, რომელიც არასდროს დამავიწყდება. დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდით მყოფ ადამიანებსაც, რომლებიც სტიმულს გაძლევენ და გაძლიერებენ. ჩემი ოჯახის და რაც მთავარია, გუნდის დახმარებით ვიზრდები და დღევანდელი ჩემი შედეგიც მათი დამსახურებაა".


„ლანჩხუთი" საქართველოში ხვალ საღამოს, 5 საათისთვის ჩარტერული რეისით დაბრუნდება. გუნდიდან, რამდენიმე ფეხბურთელი, კორონა ვირუსის ტესტირების შემდგე, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრების შეკრებას შეუერთდება, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო 2 შეხვედრისთვის (26 ნოემბერი, საქართველო- მალტა, 1 დეკემბერი  საქართველო - ბოსნია და ჰერცოგოვინა) ემზადებიან.  გუნდის დანარჩენი წევრები კო, დროებით, მათ გარეშე, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალისთვის დაიწყებენ მზადებას, რომელიც ორი რაუნდის დაპირისპირებისგან შედგება და თამაშები 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება.