ჯაბა კანკავამ ჭეშმარიტ გულშემატკივარს, გურამ კაშიამ კი ვაისს, მადლობა გადაუხადეს
ჯაბა კანკავამ ჭეშმარიტ გულშემატკივარს, გურამ კაშიამ კი ვაისს, მადლობა გადაუხადეს
20.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო წლის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. აღნიშნულ განცხადებას წინ, ქართული სპორტული მედიის ერთ ნაწილის გულისწყრომა და საყვედურები უსწრებდა, რომლებიც კანკავას, პასიურობის გამო, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის უპატივცემულობაში ადანაშაულებდნენ.


„ყველას გააზრებული ქონდა რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის, ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერ მოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა, 12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა. მესმის იმ ადამიანებისაც ვინც საუბრობს რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან, ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება, და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა ეს მძიმე პერიოდი როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი რო ბევრად მეტი რესურსია ჩვენ ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა, განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის", - წერს ჯაბა კანკავა.


„ბევრად მეტი რესურსის" გარდა, განვლილმა საფეხბურთო ციკლმა, და არა მხოლოდ ერთა ლიგის ბოლო სეზონი გვაქვს მხედველობაში, ეროვნულ ნაკრებში, ძალიან ბევრი „თემა", ახლებურად „დაალაგა". ყოველ შემთხვევაში, იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბოლო წლებში გუნდთან მუშაობა და მათთან ერთად გასვლით თამაშებზე წასვლა გვიხერხდებოდა თუნდაც, 8 წლის წინანდელ და ახალ ეროვნულ ნაკრებს შორის, შესაძლოა წვრილ-წვრილ, ერთის შეხედვით თვალით შეუმჩნეველ, მაგრამ ცვლილებებს ვხედავდით. ამაში კი, ვლადიმირ ვაისისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დიდი დამსახურებაა.


რამდენიმე დღის წინ, ერთა ლიგის ბოლო შეხვედრამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ნიკა კვეკვესკირმა აღნიშნა, რომ ალბათ, როდესაც ნოემბრის ვნებათაღელვები ჩაცხრება, ხალხი დადებითად შეაფასებს იმ სამუშაოს, რაც ვლადიმირ ვაისმა, გუნდთან ყოფნის დროს 5 წლის მანძილზე გასწია. მანამდე კი, ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ, სოციალურ ქსელში ორენოვანი მიმართვა გაავრცელა.


Coach thank you for the journey we went on these last 5 years. Thank you for the confidence and trust you gave me, it means a lot! I'm sad we didn't achieve our dream together and for that I take, and feel, my responsibility. But we made some amazing memories too, and I will remember those! Thank you so much and all the best for the future!


მადლობა ერთად გატარებული ბოლო 5 წლისთვის, მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ. ამაზე მეც ვგრძნობ და ვიღებ პასუხისმგებლობას. თუმცა, გვქონდა შესანიშნავი მომენტებიც, რომლებიც მე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს!", - წერს კაშია.


შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლო სანაკრებო მატჩში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძემ უხელმძღვანელა. ვლადიმირ ვაისმა კი, გუნდი სომხებთან განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა. დარჩება თუ არა, სვანაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თუ მას ვინმე ჩაანაცვლებს, ამ ეტაპზე ფედერაციაში არაფერს ამბობენ. 7 დეკემბერს, კი, უეფაში წილისყრა გაიმართება, სადაც ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეები გაირკვევიან, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში.