19-წლამდელების დასანანი მარცხი სტარტზე
19-წლამდელების დასანანი მარცხი სტარტზე
08.11.2017
ავტორი:

ბოსნიაში მიმდინარე ევროშესარჩევი ციკლი, რომელიც 8-14 ნოემბერს იმართება, ქართველი 19-წლამდელებისთვის წარუმატებლად დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გიორგი ყიფიანის გუნდმა პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე, იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გაიტანა. ამ მომენტისთვის ორივე გუნდი ნაკლული შემადგენლობით თამაშობდა.

რუმინელმა მსაჯმა მარიუს ავრაამმა, თავდაპირველად მასპინძლების, ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრების ფეხბურთელი ტონი კარაჯიჩი გააძევა მინდვრიდან შეხვედრის მე-17 წუთზე. თუმცა, ქართველმა 19-წლამდელებმა რიცხვობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. 67-ე წუთზე, რუმინელი უკვე,  ქართველ ფეხბურთელს, ერთის შეხედვით, სრულიად უმტკივნეულო ვითარებაში აჩვენებს წითელ ბარათს. შეიძლება ითქვას, ბურთზე, დასწრებაზე მოთამაშე გიორგი კუცია და შემდეგ უკვე მსაჯიც, მასპინძლის პროვოკაციას წამოეგენ და შედეგად ქართველმა წითელი ბარათი დაიმსახურა. ასეა თუ ისე, მატჩის ბოლომდე ორივე გუნდი 10 კაცით დარჩა მოედანზე. იღბალმა კი მასპინძლებს გაუღიმა და მათ, მატჩის მიწურულს გოლის გატანა მოახერხეს.

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც მაშინ როდესაც ერთი მოთამაშით მეტი გვყავდა და არც შემდეგ, ქართველ 19-წლამდელებს, მეტოქისთვის რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, თუ არ ჩავთვლით, ნაკრების დინამოელი თავდამსხმელის ბექა ქავთარაძის თავურ დარტყმულს, რომლის მოგერიებაც ბოსნიელთა მეკარემ მოახერხა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა 7:0 დაამარცხა ანდორა. მეორე ტურში, 11 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სწორედ, ანდორას დაუპირისპირდება, საფრანგეთი კი - ბოსნიას. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონდე გუნდი გადის.

ბოსნია-ჰერცოგოვინაში გიორგი ყიფიანმა შემდეგი ფეხბურთელები წიყვანა - მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ); მცველები: ნიკოლოზ მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ლუკა ასათიანი (ვიგრა სუვაკი, პოლონეთი), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი); ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), სანდრო ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლევან ბარაბაძე (ცხინვალი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია); თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში კი ყიფიანი შემდეგ შემადგენლობას ენდო: გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, კუცია, ქოჩორაშვილი (კვარაცხელია 90), დარცმელია, ზარიძე (დავითაშვილი 65), ნინუა, ქავთარაძე (ინჯგია 83).

ბოლო შეხვედრას, ქართველი 19-წლამდელები 14 ნოემბერს, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ ჩვენები ელიტრაუნდში გასვლას, თუ ვერა.