ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტური და 4 გადადებული მატჩი რჩება
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტური და 4 გადადებული მატჩი რჩება
22.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი არ შედგა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისისა" და „სამტრედიის" შეხვედრა 5 დეკემბრისთვის გადაიდო. ტური კი, ორი გუნდის ორი მეკარისა და ბათუმში გახსნილი ახალი სტადიონით დაგვამახსოვრდა.

***

ტური კი, თბილისში, მიხეილ მესხზე,   „საბურთალოსა" და „ტორპედოს" დაპირისპირებით დაიწყო და მასპინძელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. „რამდენიმე მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, კარგია რომ წარმატებას მივაღწიეთ. ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ვაგრძელებთ ბრძოლას სამეულისთვის. რაც შეეხება ზოგადად მატჩს - რთული შეხვედრა გამოდგა, თუმცა კარგია, რომ სამი ქულა ჩვენ მოვიპოვეთ", - ამბობს ლევან კორღალიძე მატჩის დასრულების შემდეგ. მატჩი კი, ნაკლებ-საინტერესო, თუმცა, მომენტებში, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტით გამოირჩა. თუმცა, გოლი მხოლოდ, 59-ე წუთზე და ისიც, მარჯვენა ფლანგზე, იური ტაბატაძის ინდივიდუალიზმის შედეგი უფრო იყო, რომელმაც აჩქარების ხარჯზე, დაჯაბნა მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი და ბურთი მეკარესთან პირისპირ მყოფ ბუმალს გადააწოდა, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფი გიორგი გულიაშვილი მონახა. ამ უკანასკნელმა კი, შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, „საბურთალოს" 24 ქულა აქვს და გორის „დილასთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

***

„დილამ" კი, ბათუმში, ახალ სტადიონზე, ადგილობრივ „დინამოს" მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა და ალბათ, მეორე ტაიმში იღბალი, სამ მომენტში, ბურთი მიხეილ ალავიძეს მოხვდა ან აიღო; მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბათუმელთა კარში გასული და არჩათვლილ გოლსაც თუ დავუმატებთ, გორელები, უშუალო მადევართან, „საბურთალოსთან", სატურნირო ცხრილში, 1 ქულით მაინც, წინ იქნებოდნენ. თუმცა, „დილამ" მას შემდეგ, რაც 68-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაუტანა, თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლეს. შეხვედრა კი, თვის მხრივ უფრო ფსიქოლოგიურად დაძაბული იყო, ვიდრე სანახაობრივი. მაგალითად, პირველ ტაიმში, „დილას" კარში, სადავო 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჯამბულ ჯიღაურმა გააცუდა. უფრო სწორად, პენალტი გიორგი ჩოჩიშვილმა აიღო. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში, იმავე კარში, მსაჯებმა არ დანიშნეს, ბათუმის „დინამოს" კარში უფრო მართებული 11-მეტრიანის დანიშვნა. ასეა თუ ისე, ახალ სტადიონზე, ბათუმის „დინამომ" პირველი შეხვედრა 1-0 მოიგო და სველ ამინდში, რომელმაც ახალი მინდვრის საფარს, მეორე ტაიმში, დაღი დაასვა, კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

***

თელავში, თბილისის „ლოკომოტივი", გუნდის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდეს, რომ მათ კარში, უფრო მეტი გოლი არ გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს (გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა) და პირველ ტაიმში, ინიციატივასაც შედარებით ფლობდნენ, თელაველთა მწვავე კონტრშეტევებზე რეაგირება მაინც უხდებოდათ. განსაკუთრებით, მასპინძელთა შორის ძმები ბაშელეიშვილები აქტიურობდნენ. მეორე ტაიმში კი, „თელავი" უფრო გააქტიურდა და შედეგად 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც 48-ე წუთზე ზუსტად გამოიყენა ცოტნე მოსიაშვილმა და მატჩში, სტატუს-კვო აღადგინა. გამომდინარე იქიდან, რომ ჭიაბრიშვილის „ლოკომოტივს", ევროტურნირებზე, მხოლოდ სამეულში შესვლის შემდეგ მიეცემათ თამაშის უფლება, გუნდს, „თელავთანაც" და მომდევნო მატჩებშიც, მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. თუმცა, თბილისურმა გუნდმა, თელავში, მე-16 ტურში, ქულები დაკარგა და ახლა 23 ქულით, მე-5 საფეხურზეა. შეხვედრა კი, ფრედ, 1-1 დასრულდა.

***

მიხეილ მესხის სტადიონზე დაწყებული ტური, ამავე სტადიონზე, თბილისის „მერანისა" და საჩხერის „ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდა.  ამ შეხვედრაში, სწრაფი გოლით, „მერანი" დაწინაურდა. ანგარიში მე-4 წუთზე დავით ბოლქვაძემ, თავური დარტყმით გახსნა. თუმცა, ნელ-ნელა ინიციატივას „ჩიხურა" დაეუფლა და მეორე ტაიმში, ეს უპირატესობა ორ გოლში გადაზარდა. ჯერ იყო და 53-ე წუთზე გიორგი ბუხაიძის გოლით, საჩხერელებმა ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი, 69-ე წუთზე თენგიზ წიქარიძემ „სტუმრები" წინ გაიყვანა, 1-2. ვერ ვიტყვით, რომ „მერანი" არ ეცადა თამაშის გადარჩენას, თუმცა, „ჩიხურას" კარში შეცდომის გარეშე იდგა გიორგი ბეგაშვილი, რომელსაც დღევანდელ გამარჯვებაში, დიდი წვლილი მიუძღვის.

***

სატურნირო ცხრილი