IJF -ი 2021 წლის გრან პრის ტურნეს დაწყებას აანონსებს
IJF -ი 2021 წლის გრან პრის ტურნეს დაწყებას აანონსებს
23.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ძვირფასო ძიუდოს ოჯახო, იმედი მაქვს რომ ეს წერილი თქვენ და ყველა ძიუდოისტს მსოფლიოდან, გიპოვით ჯანმრთელად", - ასე იწყება მარიუს ვიზერის ძალიან მოკლე წერილი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, IJF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ცოტა ხნის წინ გაავრცელდა.


მას შემდეგ, რაც 2020 წელს, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ძიუდოს გრან პრის პრობლემები შეექმნა და ბევრ ქვეყანაში ტურნირები გაუქმდა, მათ შორის თბილისის გრან პრიც, რომელიც 2014 წლიდან, ტრადიციული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირია საქართველოში, IJF-მა 2021 წლის ტურნეს პირველი შეჯიბრი დააანონსა.


„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, 2021 წლის 11-13 იანვარს, დოჰაში, „კატარ მასტერს 2021" უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მსოფლიოს რეიტინგში, 36 საუკეთესო ათლეტს მოვიწვევთ, თითოეული წონით კატეგორიაში. რეიტინგის საბოლოო ვერსია, 2020 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გამოქვეყნდება, მას შემდეგ, რაც აფრიკის ჩემპიონატი დასრულდება. თუკი, შეჯიბრის ჩატარების მომენტისთვის, მსოფლიოში ჯანდაცვის კუთხით, ვითარება გაუარესდება, IJF იტოვებს უფლებას გადადოს ღონისძიება", - ნათქვამია წერილში.


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იქვე, იმედს გამოთქვამს, რომ სპორტსმენები, გაითვალისწინებენ ყველა პირობას და მნიშვნელოვანი ტურნირისთვის შესაბამისად მოემზადებიან.


იმ შემთხვევაში, თუკი, მსოფლიოში კორონა ვირუსთან დაკავშირებულმა ეპიდვითარებამ და შესაბამისმა რეგულაციებმა, ხელი შეგვიწყო და მათ შორის, საქართველოშიც, არაა გამორიცხული, რომ  IJF-მა ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, „თბილისის გრან პრიც" დაუბრუნდეს „საქმეს".