
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, დღეს, ჩარტერული რეისით ფინეთში ჩაფრინდა, სადაც „ევრობაკსეტი 2022"-ის, საკვალიფიკაციო ჯგუფის ორ შეხვედრას გამართავს. 28 ნოემბერს, ჩვენი კალათბურთელები, მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდებიან, 30-ში კი, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდებიან.
მოგეხსენებათ, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, კორონა ვირუსმა, საკალათბურთო განაწესიც შეცვალა. პანდემიის გამო, ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრეთწოდებული "ბაბლის" პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.
მიუხედავად, იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი ქვეყანაა და შესაბამისად, მთავარ ევროპულ საკალათბურთო ფორუმზეც ასპარეზობა უკვე განაღდებული აქვს, ქართველი კალათბურთელები, ფინეთში ორივე თამაშის მოსაგებად ჩავიდნენ. მითუმეტეს, რომ საკალათბურთო ნაკრებს, საკუთარი გულშემატკივარი, ამ მხრივ განებივრებული ჰყავს.
„დღეს ჩამოვედით ფინეთში. მგზავრობა, არც თუ ისე დამღლელი იყო. რა თქმა უნდა გუნდი მოტივირებულია მოსაგებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ევრობასკეტზე გასულები ვართ, მოტივირებულები ვართ, რომ აუცილებლად მოვიგოთ", - ამბობს საბა ლობჯანიძე, ეროვნული ნაკრების კალათბურთელი.
E ჯგუფში, სადაც საქართველოს, ფინეთის, შვეიცარიისა და სერბეთის ნაკრებები ასპარეზობენ, ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 2020 წლის თებერვალში დაიწყო. სავარაუდოდ, 2021 წლის თებერვალში, კვლავ „ბაბლის" პრინციპით, ბოლო ჯგუფური თამაშები თბილისში ჩატარდება. თუმცა, ამის შესახებ ფიბა-ს ჯერ ოფიციალურად ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
20 თებერვალი, 2020
საქართველო - შვეიცარია 96-88
ფინეთი - სერბეთი 58-80
23 თებერვალი, 2020
სერბეთი - საქართველო 90-94
შვეიცარია - ფინეთი 64-69
28 ნოემბერი, 2020
შვეიცარია - სერბეთი
ფინეთი - საქართველო
30 ნოემბერი
შვეიცარია - საქართველო
სერბეთი - ფინეთი
მესამე სათამაშო ფანჯრამდე, ჯგუფს ერთპიროვნულად საქათველოს ნაკრები ლიდერობს, რომელსაც ფინეთში ასპარეზობა მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეების გარეშე მოუწევს. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება - რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები - გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.
„ჰელსინკში ჩამოსვლისთანავე გუნდს, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი შემოუერთდნენ. დღის ბოლომდე, გუნდთან ერთად იქნებიან გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია. სულ ბოლოს კი, გუნდს თორნიკე შენგელია შემოუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიმგზავრე, დღეს საღამოს გვექნება აღდგენითი ვარჯიში, რომლის დროსაც გუნდთან ერთად ტაქტიკაზე, როგორც შეტევაში, ასევე, დაცვის ტაქტიკაზე დავიწყებთ ფიქრს და მუშაობას", - ამბობს ანატოლი ბოისა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთში, იმ სასტუმროში დაბინავდა, სადაც „ბაბლის" მონაწილე კიდევ 3 გუნდი. კორონა ვირუსის რეგულაციების შესაბამისად კალათბურთელებს სასტუმროდან გასვლის უფლება არ აქვთ. COVID 19-ზე ტესტები კი, მათ მატჩებამდე, რამდენჯერმე ჩაუტარდებათ.
„სირთულეების მიუხედავად, გუნდში კარგი განწყობაა და იმედი მაქვს, რომ ეს განწყობა 28 და 30 ნოემბერს მოედანზეც გადავა. გვაქვს დიდი დანაკლისი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის იმედიანად ვართ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში, მიაჩვია მაყურებელი, რომ ყველა თამაშზე გადის მოსაგებად და არც ეს, ორი თამაში იქნება გამონაკლისი", - ამბობს პაატა გურასპაული, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
სატურნირო მდგომარეობა
იხილეთ ვიდეო
ეროვნული ნარების შემადგენლობა

კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








