„დინამო თბილისმა“ და „ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი 3-3 ქულა აიღეს
„დინამო თბილისმა“ და „ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი 3-3 ქულა აიღეს
26.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურის, ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. „დინამო არენაზე" რიგით 77-ე ქართული დერბი გაიმართა. „ბათუმი არენაზე" კი, ადგილობრივი „დინამო", თბილისის „ლოკომოტივს" დაუპირისპირდა.


ორივე ქალაქში, მატჩის დაწყებამდე,  ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით ლეგენდარული დიეგო მარადონას ხსოვნას მიაგეს პატივი.


„დინამო თბილისი" - „ტორპედო" 2-1 (0-0)


„დინამო არენაზე", ამ დღეს, „დინამო თბილისი" და ქუთაისის „ტორპედოს" ერთმანეთს 77-ჯერ დაუპირისპირდნენ. ამ დღემდე,  საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 76 მატჩიდან,  38-ჯერ გამარჯვება დინამოელებმა იზეიმეს, 17-ჯერ კი ქუთაისელებმა. 21 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა. ამ დღემდე,  ბურთების შეფარდება 123/69 იყო თბილისელთა სასარგებლოდ. ამ მატჩებს შორის არის, ზუსტად 3 წლის წინანდელი „ფინალი" ამავე სტადიონზე, რომელშიც კიტეიშვილის „საჩემპიონო" პენალტი, იმ დროს, ტორპედოელთა კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ მოიგერია და მაშინ, ჩემპიონობაც, ქუთაისის „ტორპედომ" იზეიმა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გათამაშებაში „დინამო თბილისისა" და „ტორპედოს" მიზნები განსხვავებულია, ქართული დერბი, უფრო დაძაბული იყო, ვიდრე სანახაობრივი.


მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო და ორთაბრძოლები ძირითადად მოედნის ცენტრში განვითარდა. საწყის წუთებში,  „ტორპედო" უფრო მეტს აქტიურობდა, თუმცა ძირითადად მოედნის ცენტრში. განსაკუთრებით გიორგი ფანცულაია გამოირჩეოდა, რომელსაც მოვლენებს გავასწრებთ და ვიტყვით, რომ გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება „დინამო თბილისს", ჩისკო მუნიოსის გუნდმა ტაიმის შუაწელიდან ნელ-ნელა მოახერხა თამაშის სათავისოდ გადახრა, თუმცა, ეს იყო და ეს.


მეორე ტაიმში დინამოელები უფრო გააქტიურდნენ. ბუნებრივია, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მათ ყველა ვარიანტში 3 ქულის აღება, ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან მხოლოდ, ასეთ შემთხვევაში, ელიგის გათამაშების დასრულებამდე, უშუალო მდევრისგან, ბათუმის „დინამოსგან" რამდენიმე ნაბიჯით წინ „გაქცევას" მოახერხებდნენ.


დინამოელთაგან ნოდარ ქავთარაძე და დავით სხირტლაძე აქტიურობდნენ. ამ უკანასკნელთან თამაშისას, ტორპედოელები, არც საჯარიმო მოედანში ერიდებოდნენ უხეშობას. ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს, ხარიტონაშვილმა 11-მეტრიანი დანიშნა და გურამ ადამაძეც ყვითელი ბარათით დააჯარიმა. პენალტი კი, ზუსტად ნოდარ ქავთარაძემ გამოიყენა. თუმცა, ზუსტად 3 წუთში, გოირგი ფანცულაიამ, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სტატუს-კვო აღადგინა. 82-ე წუთზე, დავით სხირტლაძესთან უხეში თამაშისთვის, „ტორპედოს" კარში, კიდევ ერთი 11-მეტრიანი დაინიშნა და ქავთარაძემაც დუბლზე, არ თქვა უარი. „დინამო თბილისმა" კი, ამ გოლის წყალობით, 2-1 გაიმარჯვა და ბათუმის „დინამოს" 5 ქულით გადაასწრო.


„დინამო" ბთ - „ლოკომოტივი" 1-2 (0-0)


გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ერთი შეხედვით „უიმედო" თამაში შემოაბრუნა და ზღვისპირეთიდან უმნიშვნელოვანესი 3 ქულით დაბრუნდა. შეხვედრის დასაწყისში, თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორივე გუნდი ბურთის გაკონტროლებას ცდილობდა. ბათუმელებს, 3 ქულა აუცილებლად სჭირდებოდათ, რათა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, „დინამო თბილისის", ქულათა სხვაობით ძალიან არ დაშორებოდნენ. „ლოკომოტივს" კი, თუ მომავალ წელს ევროტურნირებზე ასპარეზობა სურდა, ამ დღეს, აუცილებლად უნდა მოეგო.


პირველი სახიფათო მომენტი „ლოკომოტივის" კართან მე-9 წუთზე შეიქმნა, როცა ბათუმელთა ძლიერი საგოლე დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. ზოგადად, საწყის 15 წუთში, შეცდომებით, ძირითადად, „ლოკომოტივის" ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ. ლოკომოტიველთა მეკარე კი, მეორე თამაშია, საკუთარ გუნდშიც ყველაზე გამორჩეული იყო. ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 65-ე წუთზე, მასპინძლებმა გახსნეს. გოლი, მამარდაშვილს, გიორგი ნიქაბაძემ გაუტანა. ჭიაბრიშვილის გუნდმა, 74-ე წუთზე, ანგარიში გაათანაბრა. გოლი, გუნდის კაპიტანმა - დავით უბილავამ გაიტანა. მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა იმავე უბილავას პასით ალავიძეს შორეულ, დაბალ კუთხეში გამარჯვების გოლი გაუტანა. „ლოკომოტივმა", გასვლაზე 1-2 მოიგო და სამეულში მოსახვედრად წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.


ახლა, თბილისელებს, ევროტურნირის საგზურამდე 2 ტური, მინიმუმ 4 ქულა და აქედან 2, უშუალო მეტოქესთან, გორის „დილასთან" აქვს ასაღები. ამასთან ერთად, გასათვლელი, მესამე ადგილისთვის კიდევ ერთი პრეტენდენტის „საბურთალოს"  თამაშებიც არის, საიდანაც ისევე, როგორც „ლოკომოტივს", „საბურთალოსაც" გადამწყვეტი მატჩი, სწორედ, გორის „დილასთან" აქვს გასამართი.


მომდევნო ტურების კალენდარი

სატურნირო ცხრილი