
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩში, მასპინძელი ფინეთი, 83-91 დაამარცხა და ახლა 3 თამაშიდან 3 მოებით ჯგუფის ლიდერია. იმ ჯგუფის, რომელშიც, ფავორიტად მიჩნეული სერბეთი, უჩვეულო ვითარებაშია. ევროპული კალათბურთს ერთ-ერთმა მეტრმა, ფინური ესპოოს „მეტრო" არენაზე, შვეიცარიასთან დრამატული თამაში წააგო 92-90. სერბეთის მძლეველი ორი გუნდი, შვეიცარია და ჩვენ, საქართველო კი, ერთმანეთს იმავე „მეტრო არენაზე" დაუპირისპირდებიან. თუმცა, მანამდე, ფინეთთან დასრულებული თამაშის შემეგ, აქ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
„კარგად მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესი თამაში იყო ჩვენთვის, ვიცოდით, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ შეხვედრას. რთულ პერიოდში ვართ, კორონავირუსის გამო დიდი შეფერხებებია, ასეთ დროს კი ხალხის გულების გახარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ვამაყობ ჩემი გუნდით, ექიმიდან დაწყებული ნაკრების თითოეული წევრით დამთავრებული. ჩემთვის მთავარი არა საკუთარი მონაგარი, არამედ გუნდის გამარჯვებაა... დღეს 7 შეცდომაც დავუშლი... კიდევ გავიმეორებ - ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით", - ამბობს თორნიკე შენგელია, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 19 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასის გაკეთება მოახერხა.
„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ყველამ დიდებულად იმუშავა. ზოგადად, რთულია გულშემატკივრის გარეშე თამაში. ამ მატჩმაც ბევრი დაკარგა ქომაგის არყოფნაში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როგორც თამაშამდე აღვნიშნე, შანსი მივეცით ახალგაზრდებს და მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგად ითამაშეს. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მოგებას ფასს მატებს ისიც, რომ ვარჯიშისთვის სულ ორდღენახევარი გვქონდა. ფინეთი ძალიან კარგი გუნდია და მიხარია, რომ სწორედ მასთან ბრძოლაში აჩვენეს ჩემმა კალათბურთელებმა მებრძოლი სული.
შემდეგი მეტოქე შვეიცარიაა. ფინეთზე აღარ ვფიქრობთ. შვეიცარიელებს მებრძოლი და მობილური გუნდი ჰყავთ. მათ ეს სერბეთის ძლევითაც დაამტკიცეს. ჩვენი 30 ნოემბრის მეტოქე სამქულიანებს კარგად სტყორცნის და დიდი მოცულობის სამუშაო უნდა გავწიოთ, რომ მათი პერიმეტრიდან შეტევა შევაფერხეთ", - ამბობს ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ჩვენებს 3 თამაშიდან სამი მოგება აქვთ და მომდევნო თამაშს შვეიცარიის წინააღმდეგ 30 ნოემბერს, კვლავ ფინეთში ჩავატარებთ. აი, მომდევნო „ბაბლის" დროს კი, რომელიც 2021 წლის თებერვალში, დიდი ალბათობით, თბილისში გაიმართება, შვეიცარიასთან წარმატების შემთხვევაში, ჩვენი კალათბურთელები, პარკეტზე კიდევ უფრო თავდაჯერებულები გავლენ.
ფოტო: fiba.com





ჩვენ








