ეს არ არის ალიბი წინასწარ...
ეს არ არის ალიბი წინასწარ...
29.11.2020
ავტორი: თ.ჯ.


ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი", უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ თამაშს 9 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.  უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ეს, „ლანჩხუთელთა" პირველი საშინაო თამაში იქნება. საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების შემდეგ და ფეხბურთში წარმატებას დანატრებულ ქართულ საზოგადოებაში კი, როგორც ჩანს კლუბისგან ასე ვთქვათ, საზოგადოების ნაწილი „აუცილებლად მოგების" მოლოდინშია. შესაბამისად, დღეს, „ლანჩხუთის" სოციალურ გვერდზე, კლუბმა საჭიროდ ჩათვალა, შემდეგი სახის განცხადების გაკეთება:


„და წინ ისევ ბრძოლა გველის...


ძალიან კარგად გვესმის ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინი, რომ გუნდი გააგრძელებს წინსვლას ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე. ჩვენი სურვილი და მიზანიც სრულ თანხვედრაშია გულშემატკივრების განწყობებთან.


თუმცა მიგვაჩნია, რომ საჭიროა სწორი მოლოდინების შექმნა, ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებისთვის არ უნდა შეიქმნას დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ამ ისტორიული მატჩების წინ.


დღეის მდგომარეობით, ქალთა ფეხბურთის განვითარების მხრივ შვედეთი გაცილებით წინ არის საქართველოზე, შედარებისთვის ჩვენი მეტოქე გუნდი 1970 წელს არის დაფუძნებული და არსებობის 50 წლიან ისტორიას ითვლის, ეს მაშინ როცა საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩემპიონატი სულ რაღაც მეხუთე წელია ტარდება.


შვედეთის ეროვნული ნაკრები, რომელშიც ამჟამად როზენგორს 6 ფეხბურთელი ასპარეზობს, რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე, არის ევროპის 1984 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2003 წლის ვიცე ჩემპიონი.


ჩვენ არ ვიქმნით წინასწარ ალიბის, უბრალოდ ჩავთვალეთ, რომ ობიექტურად უნდა შევხედოთ შექმნილ გარემოებებს. ცხადია ვიბრძოლებთ ბოლომდე და ღირსეულად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, არც ერთ წინა შეხვედრაში არ ვყოფილვართ ფავორიტები, არც ახლა ვიქნებით, არა უშავს, ამ როლს შეჩვეულები ვართ, მთავარია შედეგი!


გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!"


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში, შვედურ „როზენგორს" დაუპირისპირდება. 2 რაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა თბილისში, 9 დეკემბერს გაიმართება. საპასუხო მატჩი კი, შვედეთში 15 დეკემბერს ჩატარდება.