მოგებული „ბაბლი“, რომელიც დამშვიდების საბაბს არ გვაძლევს
მოგებული „ბაბლი“, რომელიც დამშვიდების საბაბს არ გვაძლევს
30.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა დღეს, ფინეთში, ევრო 2022-ის მორიგ საკვალიფიკაციო ეტაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის შეგირდებმა, ამჯერად, შვეიცარიის ეროვნული ნაკრები 84-91 დაამარცხეს და ახლა, E ჯგუფში, ერთადერთი გუნდია, რომელსაც 4 თამაშიდან 4 მოგება აქვს და ქულების მაქსიმუმით, ჯგუფის ერთპიროვნულად ლიდერობს. ამას კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები იმისდა მიუხედავად აკეთებს, რომ ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა განაღდებული აქვს.


ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, რომ „ჯიბეში გვიდევს" როგორც ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს საშუალებას აძლევს პატარ-პატარა ექსპერიმენტები ატაროს და სანაკრებო თამაშებში მონაწილეობის უფლება ე.წ. რეზერვის კალათბურთელებსაც მისცეს. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, ახლა, ტრავმებზე მეტად საშიში კორონა ვირუსი გახდა, რომელმაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოთამაშე შესაძლოა დატოვოს გუნდს ან კონკრეტულ თამაშს მიღმა. ამდენად, საქართველოს ნაკრებში ახალი სისხლის გამოცდა, ძალზედ მნიშვნელოვანია.




„პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს, მათ ვინც ახლა აქ არის და ვინც მომავალში იქნება, რადგან ჩვენ ვართ ოჯახი. ჩვენ ვიბრძვით ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ერთად, ჩვენ ვიგებთ ან ვაგებთ ერთად. ეს იყო კიდევ ერთი კარგი შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეები გამოვცადეთ. ეს მშვენიერია, რადგან ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეებმა, ითამაშონ, იმუშაონ და მიიღონ გამოცდილება ასეთი თამაშებიდან და მზად იყვნენ ევრობასკეტისთვის. ეს იყო მიზანი, ამიტომ ვართ განსაკუთრებულად გახარებულნი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას", - ამბობს ილიას ზუროსი.


სხვათა შორის, დღეს, საქართველოს ნაკრების ახალბედამ, გივი ბაქრაძემ 12 ქულა დააგროვა. ზუროსი, ფინური „ბაბლის" შემდეგ იტყვის, რომ ფინეთში გამართული ორი მატჩი, რთული იყო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ არ ჰყავდა ნაკრების ძირითადი ბირთვი. ვინც ჰყავდა კიდევ, ყველა სხვადასხვა გუნდში, სხვადასხვა ჩემპიონატებში თამაშობენ და მცირე დროში, მათი შეთამაშება არც თუ მარტივია.  




ჩვენ არ უნდა ვიზეიმოთ. ჩვენი სამუშაო არის გავაუმჯობესოთ, გავხდეთ უფრო ძლიერები, აღვზარდოთ ახალი თაობა. თუ გვეყოლება ახალი მოთამაშეები, ჩვენ უფრო და უფრო გავძლიერდებით", - ამბობს ზუროსი.

 


შვეიცარია - საქართველო 84-91


24-27 / 15-19 / 15-19 / 30-26


ისევე, როგორც ფინეთთან, ილიას ზუროსმა შვეიცარიასთან მატჩი იდენტური ხუთეულით დაიწყო: გიორგი შერმადინი, გიორგი კორსანტია, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია და თად მაკფადენი. საქართველოს ნაკრებსაც, პირველი ქულები,  ისევე, როგორც ფინელებთან მატჩში, კვლავ კორსანტიამ მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელებმა, შეხვედრის საწყის მეოთხედში, 5-დან მხოლოდ ორი სამქულიანი ჩაგვიგდეს, ჯერ მომავალ „ბაბლიმდე", შემდეგ კი ევრო2022-მდე, ზუროსის სამწვრთნელო შტაბს, პერიმეტრთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სერიოზული მუშაობა მოუწევს. მეოთხედის დასრულებამდე 4:02 წუთით ადრე, სწორედ პერიმეტრიდან აღებული ქულებით, შვეიცარიის ნაკრები დაწინაურებას ახერხებს. თუმცა, ის რაც ფინელებთან არ გამოუვიდა საქართველოს ნაკრების ამერიკელ ლეგიონერს, ამ მატჩში, მაკფადენის პირველივე მცდელობა პერიმეტრიდან სროლის, წარმატებული იყო. თადი, სხვა ეპიზოდებშიც, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, უფრო თავდაჯერებული იყო.


შეხვედრის ამ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრებს პერიმეტრიდან სროლის 9 შესაძლებლობა ჰქონდა, საიდანაც 5 ზუსტი აღმოჩნდა. ამ ხუთიდან კი, ბექა ბექაურის ანგარიშზეა, რომელიც პირველ მეოთხედში 6 ქულით საუკეთესო იყო, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. პირველ მეოთხედში, პროცენტული შეფარდებით, 2-ქულიანების კუთხით, 54% / 100%  იყო, 3-ქულიან სროლებთან მიმართებაში კი, კვლავ ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს 40% / 56%. შეხვედრის ამ მონაკვეთში მოწინააღმდეგე, გამართულ დაცვას გვეთამაშებოდა. მჭიდროდ მეურვეობდა შერმადინს, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტი ფინელებთან მატჩში 33 ქულა იყო. ცდილობდა დაეტვირთა პერიმეტრი, რაც იმავე ფინელებთან მატჩში, საქართველოს გუნდისთვის სუსტი „რგოლი" იყო. ამას დაემატა, რამდენიმე მომენტში ჩვენი დაცვის სერიოზული შეცდომა, რაც მოწინააღმდეგემ კარგად გამიყენა.




მეორე მეოთხედის დასაწყისში, ზუროსმა სასტარტო ხუთეულიდან, მხოლოდ მაკფადენი დატოვა. თუმცა, ზუსტად 1 წუთში, პარკეტზე შერმადინიც დააბრუნა. ჩვენებს კი, 1:58 წუთი დასჭირდათ, რომ ამ მეოთხედში პირველი 2 ქულა აეღოთ. ეს ალექსანდრე ფევაძემ გააკეთა. პირველივე სროლა შედეგიანი გამოდგა გივი ბაქრაძისთვისაც. 1:10 წუთით ადრე, მეოთხედის დამთავრებამდე, საქართველოს ნაკრები 9 ქულით გაქცევას ახერხებს, მისი დასრულების შემდეგ კი, პირველ ტაიმს, 7 ქულით, 39-46-ს იგებს. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებიდან, ყველაზე მეტი 8 ქულა შერმადინის ანგარიშზეა.


მესამე მეოთხედის საწყის წუთებზე, შვეიცარიის ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა. საქართველოს ნაკრებმა კი, ანგარიშში სხვაობა  ჯერ10 ქულამდე აიყვანა, შემდეგ კი 15 ქულამდეც გაზარდა. თუმცა, წვრილ-წვრილი შეცდომების ხარჯზე მეოთხედის მიწურულს, მოწინააღმდეგეს ანგარიშის „დაქაჩვის" შესაძლებლობა მისაც. ამ მონაკვეთში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო თად მაკფადენი იყო. მის ანგარიშზე 6-დან 4 ზუსტი სამქულიანი და ჯამში, 16 ქულა იყო.  ამ მეოთხედის ბოლოს, სწორედ, წვრილმანი შეცდომების გამო, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 11 ქულით, ანგარიშით 54-65 იგებს.




ბოლო, დასკვნითი მეოთხედი წავაგეთ. ამ მონაკვეთის დასრულებამდე, 3 წუთით ადრე, შვეიცარიელებმა მოახერხეს და ის უპირატესობა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედის ბოლოს მოიპოვა, 4 ქულამდე დაიყვანეს. საერთოდ, შეხვედრის ეს მონაკვეთი, ქართული გუნდისთვის, ყველაზე პრობლემატური გამოდგა. შეცდომებმა იმატა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყველაზე საინტერესო რაც არის, სტატისტიკის მიხედვით, 3-წამიანი ზონიდან, რაც ჩვენი გუნდის კოზირი უნდა ყოფილიყო, ისევე, როგორც ფინელებთან მატჩში,  შეხვედრის დასრულებამდე, დაახლოებით 7 წუთით ადრე, შვეიცარიას უფრო კარგი მაჩვენებელი ჰქონდა. არადა, ზუროსის გუნდი, ბოლო თამაშებია, აქცენტებს და შესაბამისად, შედეგსაც სწორედ, ამ კომპონენტის გამოყნებით ახერხებდა. თუმცა, დღეს, მეტოქემ, ამ უპირატესობის მეტ-ნაკლებად დაბლოკვა მოახერხა. მიუხედავად არეული  მეოთხედისა, თორნიკე შენგელიამ, საკუთარ თავზე აიღო მთელი რიგი მომენტები და ბოლო საჯარიმოებიც, მის მიერ ნასროლი, ამ შეხვედრაში ბოლო ქულები აღმოჩნდა. საერთო ჯამში, შენგელიას ანგარიშზე 17 ქულა იყო.





დღევანდელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებში კი, ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო. მის მარგი ქმედება 27, ხოლო დაგროვილი ქულები 24 იყო.


მოთამაშეების სტატისტიკა


***

ფინურ, ესპოოში მეტრი არენაზე დღეს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. „ბაბლის" მასპინძელი ფინეთი, ამჯერად სერბეთთან, ანგარიშით, 75-66 დამარცხდა.


დღევანდელი დღის ასპარეზობების შემდეგ, ევრობასკეტზე შესვენება გამოცხადდა, რომელიც მხოლოდ თებერვალში განახლდება. 2021 წლის თებერვალში კი, დასკვნით შეხვედრებს, E ჯგუფში, ე.წ. „ბაბლის" სისტემით დიდი ალბათობით თბილისი უმასპინძლებს.


ფოტო: fiba.com