
დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ქალთა შორის, უეფა-ს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფში წარუმატებლად იასპარეზა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს, ჩვენი ჯგუფიდან გასვლა დანიის ნაკრებმა უკვე გაინაღდა და დიდი ალბათობით, მას იტალიის ქალთა ნაკრებიც შეუერთდება.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ მაინც ვერ მოახერხა გუნდის ოპტიმალური შემადგენლობისთვის თავის მოყრა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, თამაშის უფლება უკვე ჰქონდა ნინო პასიკაშვილს, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო წინა მატჩი, მალტასთან გამოტოვა, ტრავმების შემდეგ კი, გუნდს ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი დაუბრუნდნენ, ამ ჯერზე ტრავმების გამო მატჩის გაცდენა ჩვენი გუნდის გამოცდილ მოთამაშეებს ლელუ ჭიჭინაძეს და ნინო ჩხარტიშვილს მოუხდათ.
ევრო 2022 წლის ბოლო შესარჩევი მატჩი, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს შორის, სტუმართა დომინირებით წარიმართა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მეკარეს თათია გაბუნიას, პირველი ტაიმის დასაწყისიდან, რამდენჯერმე თამაშში ჩართვა და კარის დაცვა მოუხდა. თუმცა, ბოსნიელებმა 22-ე წუთზე ჩვენს კარში, გოლის გატანა მაინც მოახერხეს. გოლის ავტორი მარია დამიანოვიჩია. პირველი ტაიმი კი, სტუმართა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.
მეორე ტაიმში, რომელშიც სურათი დიდად არ შეცვლილა, ანა ჩემინავას ჰქონდა გოლის გატანის მომენტი, თუმცა, საქართველოს ნაკრების ერთადერთ ლეგიონერს, მიმდინარე სანაკრებო ფანჯარაში, დარტყმისას ძალა არ ეყო. რამდენჯერმე თამაშგარეში მოხვდა ხატია ჭყონია, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე ბოსნიელთა საჯარიმოში გრძელ გადაცემას ელოდა. თუმცა, მას მჭიდროდ მეურვეობდნენ სტუმართა გუნდის მცველები. ისევე, როგორც პირველ ტაიმში, ჩვენს ნაკრებში საუკეთესო კვლავ თათია გაბუნია იყო, თუმცა, 64-ე წუთზე, სოფია კრაისუმოვიჩმა, ქართველთა მეკარის ბაქანზე შექმნილი გაურკვევლობით ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა, 0-2. 77-ე წუთზე, კრაისუმოვიჩმა, სტანდარტულის შემდეგ, დუბლის შესრულება შესძლო, 0-3.
სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ეს მატჩიც წააგო, ამჯერად, ანგარიშით 0-3 და ასპარეზობა ჯგუფში 0 ქულით დაასრულა.
საქართველო: თათია გაბუნია, ნინო სუთიძე, თამარ ტატუაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, ნათია დანელია, ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე (77' , თეონა ბაქრაძე, ტატა მატვეევა (77' მაიკო ბებია), ანა ჩემინავა, ხატია ჭყონია (90' ანასტასია ბოლქვაძე)
სატურნირო მდგომარეობა
სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








