დანაკლისით, მაგრამ საბრძოლო განწყობით
დანაკლისით, მაგრამ საბრძოლო განწყობით
02.12.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველო მორაგბეთა ნაკრები  5 დეკემბერს, ედინბურგში ფიჯის, „შემოდგომის ერთა თასზე" მე-7 ადგილისთვის ერკინება. ორთაბრძოლას, რომელიც 16:00 დაიწყება უკვე ცნობილია, რომ ქართველი მორაგბეები დანაკლისით შეხვდებიან.


რაგბის კავშირის ოფიციალური გვედრის ცნობით, "შემოდგომის ერთა თასის" დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდება. 24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება. ფეხის კუნთი აწუხებს და დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს ლაშა ხმალაძე, რომელმაც ამავე მიზეზით ირლანდიასთან მატჩიც გამოტოვა. კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, მეორეხაზელი, კოტე მიქაუტაძე, რომელმაც 21 ნოემბერს, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში ნეკნი დაიზიანა, თავს უკეთ გრძნობს.


„გორგაძეს  სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და ხარისხი ამის შემდეგ გვეცოდინება. ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ფიჯისთან ვერ ითამაშებს. იმედს ვიტოვებ, დაზიანება იმ დონის არ იქნება, რომ ბექას ოპერაცია დაჭირდეს და დიდი დრო გაუცდეს. კოტემ მიქაუტაძემ, ივარჯიშა და ოთხშაბათს გვეცოდინება ბოლომდე შეძლებს თუ ვერა თამაშს. არის წვრილ-წვრილი ტრავმებიც, თუმცა სხვა შემთხვევებში საშიში არაფერია," - ამბობს ლევან მაისაშვილი.


ნაკრებმა კი, დუბლინში, "ავივაზე" ირლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, ორშაბათს დაისვენეს, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშეს და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაუთმეს.


„რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. რადგან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები" - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.


კოვიდ-ინფექციის გამო, ფიჯიმ „შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთი მატჩი ვერ ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის არქონა ერთის მხრივ პრობლემაა, თუმცა მას მეორე მხარეც აქვს.


„სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან. მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად. მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ. ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ", - ამბობს მაისაშვილი.


საქართველო ფიჯის ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ ეთამაშა და ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. მაგრამ წელს სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და მას შემდეგ გუნდს ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია.



მომზადებულია Ragby.ge-ს მიხედვით

ფოტო: Ragby.ge