სამი ქართველი ევრობასკეტი 2022-ის „ბაბლის“ სიმბოლურში
სამი ქართველი ევრობასკეტი 2022-ის „ბაბლის“ სიმბოლურში
03.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები E ჯგუფის დასკვნით შეხვედრებს 2021 წლის თებერვალში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი, 18 თებერვალს სერბეთს, 21-ში კი, ფინეთს დაუპირისპირდება. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ევრობასკეტ 2022-ის ბოლო კალენდარული მატჩები კვლავ „ბაბლის" სისტემით გაიმართება და ჩვენი ჯგუფის დასკვნითი თამაშები, დიდი ალბათობით საქართველოში გაიმართება.


მანამდე კი, ფიბა-მ, ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის  მე-3 და მე-4 ტურების რჩეულები დაასახელა. ორივე ტურიდან,  საუკეთესო (სიმბოლურ) ხუთეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები შევიდნენ, ხოლო ორივე ტურის საუკეთესო მომენტების ტოპ-ათეულში, ადგილი თორნიკე შენგელიას ჩატენილ-ჩაგდებულმა ბურთებმა მოხვდნენ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში გამართული „ბაბლის",  ორივე მატჩი მოიგო. ფინეთთან შეხვედრაში, რომელიც  85-91 მოვიგეთ,  საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 33-ს ჰქონდა. ამ მაჩვენებელში მე-3 ტურის მოთამაშეთა შორის, მხოლოდ ხორვატ მირო ბილანს ჩამორჩა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 იყო.


მე-4 ტურში ქართველებმა შვეიცარიას 84-91 სძლიეს. ჩვენს გუნდში, ამჯერად საუკეთესო შედეგი თად მაკფადენმა დააფიქსირა, რომელმაც წინა შეხვედრაში გამრუდებული მიზანი (6-დან 0 სამიანი) გაისწორა და 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მთლიანობაში 24 ქულა, 6 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა, ფინური „ბაბლი" გუნდური თამაშის წყალობით მოიგო, საუკეთესოების გამოსავლენად ფიბა სტატისტიკით ხელმძღვანელობს. შესაბამისად მე-3 და მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი თორნიკე შენგელიაც ამ კრიტერიუმის შესაბამისად შევიდნენ.