21-წლამდელები დაძაბული შეხვედრის მოლოდინში არიან
21-წლამდელები დაძაბული შეხვედრის მოლოდინში არიან
10.11.2017
ავტორი:

გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე ციკლში ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობითაა შეკრებილი. დღევანდელი გადასახედიდან, გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და თბილისის დინამოელი გიორგი ზარია აკლია, რომელმაც ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში, ბათუმის დინამოსთან მუხლი დაიზიანა. თუმცა გეგუჩაძე, სხვა დანაკლისზეც ამახვილებს ყურადღებას. „გუნდს, რამდენიმე ფეხბურთელი დააკლებდა, ხოლო სავარჯიშშო პროცესში მონაწილენი სრული დატვირთვით ემზადებიან. კარგად გვესმის, რომ უკან დასახევი გზა, ნამდვილად აღარ გვაქვს. ხვალინდელ მატჩში გადაწყდება თუ რამდენად ვიქნებით კონკურენტუნარიანები სხვა გუნდებთან შედარებით. ამდენად, მნიშვნელოვანი თამაშია, შეგვიძლია გადამწყვეტიც კი ვუწოდოთ", - ამბობს გია გეგუჩაძე.

10 და 14 ნოემბერს, ქართველ 21-წლამდელთა მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, გია გეგუჩაძემ შემდეგ ფეხბურთელებს დაუძახა - მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ); მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ); ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა); თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

ქართველი 21-წლამდელები შეკრებას 6 ნოემბრიდან დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ახალი შესარჩევი ციკლი 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა გორში, 1 სექტემბერს, პოლონელებთან 0-3 წააგო. მომდევნო მატჩი, ქართველმა ახალაგაზრდებმა უკვე დანიაში, 6 ოქტომბერს, გასვლაზე წააგეს 5-2. ბოლო შეხვედრა კი 21-წლამდელთა ნაკრებმა, 10 ოქტომბერს, ფარერის კუნძულებზე ჩაატარა და კვლავ დამარცხდა 3-1.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში 3 თამაშიდან ყველა წავაგეთ, ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი კიდევ არის. ამიტომ, სანამ ეს შანსი არის, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ფინეთი საკმაოდ კარგი ნაკრებია, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება.  თუმცა, არა მხოლოდ ამ შეხვედრაში. სახლში ყველა გუნდთან, მხოლოდ მოგებაზე ვითამაშებთ. გუნდი კარგ ფორმაშია, ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია და იმედია, ხვალ წარმატებას მივაღწევთ",  - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

„ზოგადად, ხვალინდელ შეხვედრას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება. ოგადად ამ დონის ტურნირზე იოლი შეხვედრა არ არსებობს, ფინეთი ძლიერი გუნდია. წინა 3 შეხვედრას რაც შეეხება, იყო ბევრი არგამართლების ფატქორიც,  მაგრამ ასევე იყო ძალიან ბევრი შეცდომა, რაც ერთად გავაანალიზეთ და სიმართლე გითხრათ გასული სამი შეხვედრა დავივიწყეთ. მარცხი, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების მისაღწევად აუცილებელი იყო სამივე შეხვედრის დავიწყება. პოზიტიურად ვართ განწყობილნი და დარწმუნებული ვარ ხვალინდელ შეხვედრაში ყველა მოთამაშე 100 %-ით დაიხარჯება და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის", - ამბობს ჯიმი ტაბიძე.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 შესარჩევ ჯუფში ასპარეზობენ, სადაც, 12 ქულით დანია ლიდერობს, მომდევნო 2 საფეხურს, პოლონეთი 7 და ფარერები 4 ქულით იკავებენ. ჩვენს ნოემბრის მეტოქეებს, ლიტვას-3 და ფინეთს-2 ქულა აქვს. ჯგუფში, 0 ქულით, ბოლო ადგილზე, საქართველოს ნაკრებია.

ფინეთის წინააღმდეგ, საქართველოს 21-წლამდელები, 10 ნოემბერს მატჩს, მიხელ მესხზე გამართავენ და თამაში 20:00 დაიწყება.

„ფინეთი დაბალანსებული და ძალიან დისციპლინირებული გუნდია, ამასთან ერთად საკმაოდ მებრძოლი. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ჩრდილოური გუნდი ნაკლებად თამაშობენ ფეხბურთს, ასე არაა. თამაშობენ საკმაოდ კარგ ფეხბურთს. ძალიან რთული შეხვედრა გველის, ნამდვილად არ გვექნება იოლი გასეირნება"- ამბობს, გია გეგუჩაძე.

მომდევნო შეხვედრას კი ქართველი 21-წლამდელები 14 ნოემბერს, კვლავ „მესხზე" გამართავენ. გეტყვით იმასაც, რომ ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.