ავთანდილ ასათიანის გუნდი წლის ბოლო შეხვედრას საფრანგეთში გამართავს
ავთანდილ ასათიანის გუნდი წლის ბოლო შეხვედრას საფრანგეთში გამართავს
04.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, 8 დეკემბერს, თბილისის დროით, 22 საათზე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აღნიშული მატჩისთვის, 2 დეკემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეუდგა მზადებას. ავთანდილ ასათიანის გუნდმა წლის ბოლო შეხვედრისთვის არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და თბილისიდან საფრანგეთშიც, 6 დეკემბერს გამთენიისას, მათ გარეშე გაემგზავრება. თუმცა, ჩვენ გუნდს, ლეგიონერები, უკვე ადგილზე შეუერთდებიან.


„ზეგ მივფრინავთ დილით ადრე. პანდემიამ, ბუნებრივია იქონია გავლენა, იმიტომ, რომ 11 თვეა არანაირი თამაში არ გვქონია. რთულია, ამდენი ხნის შემდეგ, თან ეგრევე, ასეთ ნაკრებებთან თამაში. თუმცა, ახლა ავდგეთ და ამაზე წუწუნი დავიწყოთ, რა აზრი აქვს? არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ ის საუკეთესო ბიჭები, ვინც, კონკრეტულ მომენტში ფორმაში იქნებიან, ვათამაშოთ. ძალიან მძიმე თამაში გვექნება. სრული შემადგენლობით აქ ვერ ვვარჯიშობთ, რადგან ლეგიონერებს, საკლუბო ჩემპიონატებში, დღეს, 4 დეკემბერს, ტური აქვთ და 5-ში აქ ჩამოსვლასაც ვერ ასწრებდნენ. ასე, რომ სრული შემადგენლობით 11 თვის თავზე, მხოლოდ ორო ვარჯიშის ჩატარებას მოვასწრებთ. თამაშის წინა ვარჯიში კი იცით რაც არის - მსუბუქი ვარჯიში. ერთი ვიცი მხოლოდ, რომ ის 14 კაცი, ვინც მოედანზე იქნება, თავს არ დაზოგავს თავის ქვეყნისთვის და იქნებ, კარგი შედეგითაც დავბრუნდეთ საფრანგეთიდან", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი TSFF.Ge-სთან საუბარში.  


„ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი ნაკრებ, საერთო ჯამში, ექვს შეხვედრას ჩაატარებს საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულის წინააღმდეგ. თამაშები სახლი-გასვლის პრინციპით ჩატარდება და შესაბამისად, ჩვენს გუნდს აღნიშნულ გუნდებთან თბილისშიც მოუწევთ თამაში.


რაც შეეხება, თავად ჩემპიონატის ფორმატს, ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და საუკეთესო ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ ორ ნაკრებს შორის ფლეი-ოფის გათამაშებაში გაირკვევა. ფუტსალში „ევრო 2022"-ის ფინალური ტურნირი კი, ნიდერლანდებში გაიმართება.


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი,თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი,თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო,პორტუგალია), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).


სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი