
საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2020 წლის გამარჯვებული „გაგრა", 2021-22 წლების სეზონზე უეფა-ს ახალ ტურნირში, კონფერენს ლიგაში მიიღებს მონაწილეობას. ის არის პირველი ქართული კლუბი, რომელმაც, კორონა ვირუსის გამო აბურდულ საფეხბურთო რეალობაში, ქართული გუნდებიდან, პირველმა დაიბევა ადგილი ევროტურნირებზე.
ქვეყნის თასი კი, დევნილობაში მყოფმა შავიზღვისპირა გუნდმა დღეს, გორში გამართული ფინალის შემდეგ მოიპოვა, რომელშიც 11-მეტრიანების სერიაში, წყალტუბოს „სამგურალის" დამარცხება შესძლო (0-0 / 3-5 პენალტები). ბოლო, გადამწყვეტი 11- მეტრიანი მიხეილ ერგემლიძემ გაიტანა.
ერთი საინტერესო დეტალი, აღსანიშნავია, რომ „გაგრამ" 1/8 ფინალის შემდეგ, ყველა თამაში პენალტების სერიაში მოიგო, მაშინ როცა „სამგურალმა" მეტოქეების დამარცხება ძირითად დროში მოახერხა. სათასო ფინალის გარდა, „სამგურალიც" და „გაგრაც" ეროვნულ ლიგაში გადმოსასვლელი ფლეი-ოფებისთვის ემზადება. შესაბამისად, ორივე გუნდს, დღეს, მოგებაც უნდოდათ და თან სიფრთხილეც მართებდათ, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვან მატჩებს, გუნდები სრულად უნდა შეხვედროდნენ.
შეხვედრა, ფრთხილად, თუმცა, უფრო „სამგურალის" აქტიურობით დაიწყო. ტაიმის ბოლოსაც მათ ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა, წყალტუბოელებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. ამ ტაიმში კიდევ, რაც დაგვამახსოვრდა ბევრი წვრილ-წვრილი ჯარიმა და ორი ყვითელი ბარათი იყო, რომელიც შეხვედრის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, „გაგრას" ფეხბურთელებს უჩვენა. ყვითელი ბარათების ტენდენცია, არც თამაშის დარჩენილ დროში შენელდა. უფრო მეტიც, ყრუაშვილმა 55-ე წუთზე, წყალტუბოელი თედო კიკაბიძე გააძევა და „სამგურალს" ეს ტაიმიც და მერე, მომდევო ორი დამატებითი 15-წუთიანი ტაიმი, კაცნაკლული შემადგენლობით თამაში მოუწია.
მიუხედავად ამისა, მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, სწორედ „სამგურალს" ჰქონდა. დამატებითი დროშიც, მე-100 წუთზე, „გაგრა" კიდევ ერთხელ გადაურჩა გოლს, თუმცა, თამაშის 11-მეტრიანამდე მიყვანა მოახერხა.
აქ კი, პენალტების სერიაში „გამობრძმედილმა" გაგრელებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს. სამგურალელთა ერთ-ერთმა აქტიურმა მოთამაშემ, მატჩის მანძილზე, ისუფ ტურემ კი 11-მეტრიანი დარტყმა ააცილა.
2011 წლის შემდეგ, „გაგრა" მეორედ დაეუფლა საქართველოს თასს. „სამგურალს" კი, რომელსაც, თასი, თითქმის 20 წლის წინ ჰქონდა მოგებული, როგორც ჩანს, მინიმუმ ფინალამდე მოსასვლელად, კიდევ ერთი სეზონი დასჭირდება.





ჩვენ








