ზუსტად ერთ თვეში კალათბურთის ფედერაციის არჩევნებია
ზუსტად ერთ თვეში კალათბურთის ფედერაციის არჩევნებია
10.11.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე, 10 ნოემბერს,  ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების თარითი დასახელდა. საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 11 დეკემბერს, 13 საათზე, „ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.

გამგეობის სხდომაზევე განისაზღვრა ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათზე გადანაწილებული ხმათა რაოდენობა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილების ოქმი კი, ორშაბათს დაეგზავნებათ ხმის უფლების მქონე წევრებს და ფედერაციის ვებ გვერდზეც გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველი ორი პიროვნების შესახებაა ჯერჯერობით ცნობილი. ერთი შიო ხეცურიანია, რომელიც 2 თვეზე მეტია მთელი საქართველოს მასშტაბით ცდილობს, კალათბურთის განვითარების 10 წლიანი ხედვა გააცნოს ქართულ საკალათბურთი წრეებს, მათ შორის ჟურნალისტებს. მეორე კი კახა შენგელიაა, ცნობილი ქართველი კალათბურთელი და საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის თორნიკე შენგელიას მამა, რომელმაც არჩევნებში მონაწილოების სურვილი რამდენიმე დღის წინ გააჟღერა და თან ხმაურიანი განცხადება დაურთო ინტერნეტ მედიით, ფედერაციას, ნაკრებსა და ზაზა ფაჩულიას შორის ვითომდა არსებულ უთანხმოებაზე. მესამე კანდიდატად არის ვარაუდი, რომ ფედერაციის სახელით პაატა გურასპაული დასახელდეს. თუმცა, ჯერ ფედერაციის სამდივნოში, არც ერთ კანდიდატი, ოფიციალურად არ დარეგისტირებულა.