საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა
საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა
07.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ ციურიხში, ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მეოთხე კალათაში იყო განაწილებული, წილისყრის შემდეგ B ქვეჯგუფში მოხვდა, ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.


10 ჯგუფიდან, ხუთი ჯგუფი არის 5-გუნდიანი და მათ შორის საქართველოს ქვეჯგუფიც და ხუთი 6-გუნდიანი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებს შესარჩევ ციკლში 8 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოუწევს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 6-გუნდიან ჯგუფებს 2 მატჩით მეტის ჩატარება უწევთ, საქართველოს ნაკრებს 2 ამხანაგური თამაშისთვისაც დარჩება დრო.


თუმცა, რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მითუმეტეს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ მომენტისთვის მთავარი მწვრთნელისთვის მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. რამდენიმე დღეში გაირკვევა თამაშების კალენდარიც. ამ ეტაპისთვის მხოლოდ მატჩების თარიღებია ცნობილი. შესაბამისად ცნობილია, რომ პირველი სამი ტური, 2021 წლის მარტში (24-25 / 27-28 / 30-31) გაიმართება. ბოლო მატჩები კი, ამავე წლის ნოემბერში ჩატარდება. ჯგუფებში გამარჯვებულები, ავტომატურად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრებები (ჯამში 10) და უეფას ერთა ლიგის გათამაშების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ ორი ნაკრები, ფლეი-ოფის სისტემით, ბოლო სამი საგზურისთვის იბრძოლებს.


ერთი საინტერესო და უსიამოვნო დეტალი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ბოლო გამარჯვება 2012 წელს, ბელარუსის წინააღმდეგ მოიპოვა. ამას გარდა, ჩვენს ნაკრებს 17-მატჩიანი მოუგებელი სერიის ჯაჭვიც გვაქვს გასაწყვეტი.  მსოფლიოს ჩემპიონატის მომავალი შესარჩევი ჯგუფიდან, საქართვლოს ნაკრები პირველად დაუპირისპირდება შვედეთისა და კოსოვოს ნაკრებებს. რაც შეეხება ესპანეთსა და საბერძნეთს, ამ ქვეყნის ნაკრებებთან ჩვენების გზები როგორც ოფიციალურ, ასევე ამხანაგურ შეხვედრებში გადაკვეთილა.


კატარში, 2022 წლის ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში, საფეხბურთო ზეიმებისთვის უჩვეულო დროს, ზამთარში გაიმართება.