ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში პირველი ქულა აიღო
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში პირველი ქულა აიღო
09.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო. პირველი შეხვედრა, ქართველთა გუნდმა 8 დეკემბერს საფრანგეთში გამართა და ფრედ, 4-4 ითამაშა.


„საფრანგეთი ერთ -ერთი შემტევი გუნდია ევროპაში. არ აგებს ფუტსალის ქვეყნებად აღიარებულ გუნდებთან, პორტუგალიას თანაბრად ეთამაშება. ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან ფრე 4-4 ითამაშა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან ინტერვიუში მატჩის დასრულების შემდეგ.


მართლაც, მასპინძლებმა შეხვედრის დაწყებიდან 1'26'' წუთზე პენალტით ანგარიში გახსნეს, თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან, 1'59'' წუთზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა ბარბოზამ ანგარიში გაათანაბრა, 1-1. 7'23'' რონინიომ ანგარიში ორამდე გაზარდა. კიდევ 2 წუთში, უკვე ელისანდრომ ქართველთა გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა, 1-3. თუმცა, ფრანგები, დანებებას არ აპირებდნენ და რიგ შეთხვევაში, მათ მასპინძლის ემოციური ტონი და მსაჯთა შეცდომებიც ეხმარებოდა. სწორედ ასეთ ვითარებაში, ფრანგებმა ჯერ ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, ტაიმის დასასრულს კი ერთწუთიან შუალედში, კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს და ტაიმი 4-3 მოიგეს.


„გამოჩნდა, რომ იმ ორ დღეში, რაც საფრანგეთში, თამაშამდე გვქონდა სრული შემადგენლობით მოვმზადებულიყავით, არ გვეყო. ვერ მოვასწარით შეთამაშება.  მე ბიჭებს თეორიაზეც ვუთხარი, რომ მთავარი იყო აქ, შედეგზე გაგვეკეთებინა აქცენტი. როდესაც ნაკრებში ხარ და შესარჩევზე ხარ, გინდა, არ გინდა აქცენტს აკეთებ შედეგზე. ასე, რომ შეთამაშება და ის ლამაზი თამაში, რომელიც ჩვენს ნაკრებს ახასიათებს, გადავიტანეთ მეორე პლანზე და ეს გამოჩნდა კიდევაც. დავიმატეთ მაგარი კარგი ბიჭები და ახლა გვინდა დრო. ასე, რომ კარგი იყო, საფრანგეთიდან ფრეს წამოღება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


მეორე ტაიმი, შეიძლება ითქვას, რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. საწყისი 2-3 წუთი იყო, რომელშიც ქართველები დომინირებდნენ და ბოლო 7-8 წუთი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა გოლის გატანა მოახერხა (32'18'' სიმი საიოტი 4-4),  კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შემქნეს, თუმცა, ზვიად კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მათ შორის მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის, მე-2 შესარჩევი ჯგუფში საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულის წინააღმდეგ ასპარეზობს. მომდევნო შეხვედრას, ქართველთა გუნდი, უკვე 2021 წლის 2 თებერვალს თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


სატურნირო მდგომარეობა


ფოტო: UEFA Futsal