
სუპერლიგაზე დღეს გამართული ტურის შემდეგ, შესვენება გამოცხადდა. მიზეზი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები და მათთვის მოსამზადებელი ეტაპია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ნოემბრის ბოლოს ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ სერბეთში, მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის პირველ შეხვედრებს გამართავს, თამაშებისთვის მომზადებას იწყებს.
მანამდე, კი საქართველოს სუპერლიგის თამაშები გუშინ და დღეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში გაიმართა. ამ ეტაპისთვის სატურნირო ცხრილს 12-12 ქულით „რუსთავი" და „ბათუმი" ლიდერობენ. მომდევნო ადგილებზე 11-11 ქულით არიან „ოლიმპი" და „ქუთაისი". პირველი ოთხეულიდან „ქუთაისის" გარდა, გუნდებს 7-7 თამაში აქვთ ჩატარებული, „ქუთაისს" კი 6. თუმცა, მიმდინარე გათამაშებაში, გამომდინარე იქიდან, რომ „ფიბას ევროპის თასზე" უწევთ ასპარეზობა, თბილისის „დინამოს" ყველაზე ცოტა 5 შეხვედრა აქვს გამართული და 10 ქულით (5 გამარჯვებით) ჯერ მხოლოდ მე-5 ადგილზე არიან.
გთავაზობთ, კალათბურთს ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ, მიმდინარე ტურის მიმოხილვას.
„დინამო" - „მგზავრები" 80-64
მიმდინარე სუპერლიგის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა „დინამომ" „მგზავრებს" 80:64 სძლია. სადებიუტო წუთებში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიდიოდა. „მგზავრები" სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს.
პირველი პერიოდი დინამოელებმა 21:16 მოიგეს, ხოლო მეორეში დომინირება განაგძეს და სხვაობას სათავისოდ ზრდიდნენ. „მგზავრების" მოთამაშეები ცდილობდნენ, მაგრამ ჩამორჩნის 10 ქულაზე ნაკლებით შემცირება ვერ მოახერხეს. შეხვედრა საბოლოოდ 80:64 დასრულა და „დინამო" კვლავ დაუმარცხებელია.
გამარჯვებულებს 17 ქულით კაელ ტურპინმა ულიდერა. ორმაგი დუბლი - 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ნიკოლა გაჩეშამ, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. „მგზავრებში" 18 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
„პირველ რიგში დინამოს ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ ცოტა პრობლემები გვქონდა, იქედან გამომდინარე, რომ პაუერსი გუნდიდან წავიდა, ხოლო ოთო ფხაკაძე კი სულაც დილით ჩამოფრინდა საქართველოში და დღეს მოუმზადებლად ითამაშა. დინამო ფავორიტი გუნდია და რაღაც დონეზე დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ და თამაში დავხვეწოთ", - ამბობს ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი.
„ქუთაისი" - „სოხუმი" 112-76
ქუთაისში გამართულ მატჩში 36-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. იმერულმა კლუბმა მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი მოგების მქონე „სოხუმს" 112:76 მოუგო. პირველ ნახევარში ანგარიშში იმდენად დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა. მასპინძლებმა „სოხუმს" პირველი პერიოდი 7, ხოლო მეორე - 2 ქულით მოუგეს და დიდი შესვენებისთვის 52:43 დაწინაურდნენ. მესამე ათწუთულში ქუთაისელებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, ლიდერობას კიდევ 12 ქულა წაამატეს და მატჩის ბედი ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადაწყვიტეს.
„გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მივულოცავ ჩემს გუნდს. სოხუმს აშკარად ეტყობა ჩავარდნა, თუმცა მჯერა, რომ ისინი მალე მოუმატებენ. წინ სანაკრებო ფანჯარა გველოდება, რომელსაც კარგად გამოვიყენებთ", - ამბობს კოტე ტუღუში, „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი.
ქუთაისელთაგან 6-მა კალათბურთლმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 18 ქულით საუკეთესო დეჟუან რაითი იყო. 16-16 ქულა ბექა ბექაურისა და ჯონათან ლის ანგარიშზე დაგროვდა. „სოხუმში" დებიუტი ჰქონდა ლიტველ ლეგიონერ ვიტაუტას კარამანისს, რომელმაც 12 ქულა მოაგროპვა. გუნდის ბომბარდირი კი კვან უოლერი გახდა 14 ქულით.
„მოგეხსენებათ ორი ძირითადის მოთამაშე გვაკლია, ექიმების პასუხს ველოდებით და მალე გვეცოდინება, თუ როდის შევძლებთ სრული შემადგენლობით თამაშს", ამბობს მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.
„რუსთავი" - „კაკტუსი" 79-73
დღეს 2 მატჩი გაიმართა - რუსთავსა და ბათუმში. ქვემო ქართლში სათამაშოდ „კაკტუსი" ჩავიდა, რომელმაც ადგილობრივ გუნდს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია. კაკტუსელებმა მასპინძლებს პირველი პერიოდიც მოუგეს და დიდ შესვენებაზეც ლიდერობდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურება მოახერხეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.
რუსთაველებს ტაირენ ნელსონმა ულიდერა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და თავი 23 ქულას და 12 მოხსნას მოუყარა. 18 ქულა დააგროვა რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო ადამ ბლეიზეკის ანგარიშზე 10 ქულა და 7 პასი დაგროვდა. „კაკტუსში" 18 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი.
„საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა. „რუსთავი" ძალიან კარგი გუნდია. ყოველთვის რთულია რუსთავში თამაში. გვქონდა ჩავარდნა, რამდენიმე შეხვედრა წავაგეთ და გვინდოდა, მეტი მობილიზებით გვეთამაშა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გამოგვაკლდა 1 მოთამაშე და მეორეც ვერ იყო მწყობრში. ეს პრობლემები რომ არა, სხვა შედეგის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. მივულოცავ „რუსთავს" ამ გამარჯვებას", ამბობს რევაზ ჩხეიძე, „კაკტუსის" მენეჯერი.
„საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ჩვენმა გუნდის წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოახერხეს, რომ თამაში სასურველ შედეგამდე - გამარჯვებამდე მიეყვანათ. ვულოცავ ჩვენს გუნდს მორიგ გამარჯვებას", ამბობს რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი.
„ბათუმი" - „ოლიმპი" 80-72
ბათუმში გამართული შეხვედრა არანაკლებ დაძაბული გამოდგა. ოლიმპელები მთელი პირველი ნახევარი იგებდნენ და ლიდერობას მესამე პერიოდშიც ინარჩუნებდნენ, თუმცა მატჩის დასვნით წუთებში ბათუმელებმა მოახერხეს უპირატესობის დაუფლება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა - 80:72.
„ოლიმპი" ძლიან კარგი გუნდია. კარგად დაიწყეს თავიდან და 3 პერიოდის განმავლობაში გვჯობნიდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში მოვახერხეთ დაცვასა და შეტევაში სწორი მობილიზაცია და სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ამერიკელი ლეგიონერის - კოლინზის, შემოსიუკისა და თენეიშვილის თამაშს", ამბობს ლაშა ოჩხიკიძე, „ბათუმის" მწვრთნელი.
„მთელი 3 პერიოდი თამაშს ვაკონტროლებდით, მე-4 პერიოდში დავუშვით ისეთი შეცდომები, რომლებიც არ გვეპატიება. მსგავსი რამ აღარ განმეორდება", ამბობს დავით როგავა, ოლიმპის მწვრთნელი.
ბათუმელებს 22 ქულით სპენსერ კოლინსმა ულიდერა, ხოლო სამმა კალათბურთელმა - ვახტანგ ქადარიამ, ლეონიდ სტეპანიშინმა და ილია შემოსიუკმა 11-11 ქულა მიითვალეს. „ოლიმპში" 15 ქულით საუკეთესო იყო რევაზ როგავა.






ჩვენ








