
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის, ვინც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ამით, ერთი პატარა ქართული ქალაქის გუნდმა, ისტორიაც დაწერა. თუმცა, ძირითად ბადეში, თუნდაც 2 თამაშში მიღებული გამოცდილებით, ლანჩხუთელებმა ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, რომელიც შეიძლება შედეგს, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანს და აქვე შევეცდები ავხსნა რატომ.
2019 წლის მონაცემებით, რომელსაც ყოველწლიურად უეფა აქვეყნებს, შვედეთში, სადაც ქალთა ფეხბურთმა არსებობა 1970 წლიდან დაიწყო, 90000-ზე მეტი რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელია. ასევე ცნობისთვის, ცალკე ფუტსალს 52460 ქალი თამაშობს. არის რამდენიმე ქალთა ლიგა (Damallsvenskan, Ellitettan და კიდევ 6 სხვადასხვა დივიზიონი) და ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის დაფუძნებიდან, გათამაშებაში ყოველწლიურად მინიმუმ ერთი კლუბი მონაწილეობს. აღარაფერს ვიძახით, სანაკრებო დონეზე რა წარმატებები აქვს შვედეთს. რაც შეეხება „ლანჩხუთის" მეტოქეს 1/16 ფინალში, ის, უეფა-ს რეიტინგში, მე-9 პოზიციაზეა და ამჟამად ქვეყნის ჩემპიონობისთვის „გიოტებორგს" ებრძვის.
შედარებისთვის, საქართველოში 400 რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელია, 14 კლუბი და ამ ეტაპზე ქალთა ჩემპიონატი ერთ ლიგად ტარდება. შესაბამისად, ასეა თუ, ისე, დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე გამართულ 1/16 ფინალური მატჩის პირველ რაუნდში, „ლანჩხუთსა" და შვედურ „როზენგარდს" შორის, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ქართულ გუნდს მეორე ნომრად მოუწევდა თამაში და აქცენტი დაცვაში თამაშზე ექნებოდა.
„ანგარიშიდან გამომდინარე, თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და როგორც ამბობენ, თავს ზემოთ ძალა არაა. გათვლილი გვქონდა, რომ რაც შეიძლება პირველი გოლი გვიან გაგვეშვა. პირველ 15 წუთში, გოლი არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ სამწუხაროდ, პირველ 15 წუთში, საკუთარ კარში 3 გოლი მივიღეთ. ბუნებრივია, პირველმა გოლმა ძალიან იმოქმედა. სწრაფი გოლის შემდეგ ძალიან ავირიეთ ის ტაიმი. შესვენებაზე, როდესაც შეცდომები გავაანალიზეთ, შედარებით დავლაგდით და თამაშიც უკეთაც გამოგვივიდა. მინდა გულშემატკივრებს, ვინც ჩვენთან ერთად იყო ბოლომდე, დიდი მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ბევრი გამამხნევებელი მესიჯიც წამოვიდა... იყო ნეგატიური დამოკიდებულებაც. ასეთი თამაშები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განვვითარდებით და შემდგომ წლებში, უფრო მზად ვიქნებით, ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ. ბევრისთვის, ასეთი რანგის გუნდთან თამაში პირველი იყო და ბუნებრივია, ამანაც იმოქმედა. ამას გარდა ბოლომდეც ვერ გაიაზრეს, ვის ვეთამაშებოდით. ასე, რომ ასეთ თამაშებში ვისწავლით", - ნინო ჩხარტიშვილი, „ლანჩხუთის" მცველი.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი, „როზენგარდის" შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებზე, სტუმრებმა პირველი კუთხურიც ჩამოაწოდეს. თამაშობდნენ, ქართველთა საჯარიმოში და მასპინძლებს, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. პირველი გოლი, სტუმრებმა, მე-7 წუთზე გაიტანეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში, იყო კიდევ შვედების მიერ გატანილი 5 გოლი, 2-ჯერ ბურთი ძელს მოხვდა და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ვერ მოახერხა ხატია ჭყონიას გრძელი გადაცემებით მომარაგება იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი, ტექნიკისა და სისწრაფის ხარჯზე, „როზენგადრის" მეკარისთვის პრობლემის შექმნას მოახერხებდა. ანუ გააკეთებდა იმას, რაც ჰქონდა დავალებული. მეორე ტაიმშიც, სურათი არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით, რომ მატჩის ბოლოს ლანჩხუთელთა 20 წლის მეკარის გვარის გასწვრივ 21 „სეივი" იყო მითითებული. საპასუხო მატჩის წინ კი, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება, შვედეთში, ანგარიში 0-7 სტუმრების სასარგებლოდ.
„ძალზედ რთული თამაში გამოდგა. იმაზე უფრო რთული, რასაც ველოდით. მეტოქე, ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო და ამ ფაქტორმაც იქონია ჩვენზე გავლენა. პირველმა გაშვებულმა გოლმა კონცენტრაცია დაგვაკარგინა. ამის აღდგენა მალევე ვერ მოვახერხეთ და ამას, შემდეგი გაშვებული გოლები მოჰყვა. გათვლა იყო, რომ მოედანზე გავიდოდით და ვიბრძოლებდით, როგორც შეგვეძლო. პირველი იყო ჩვენთვის ასეთი თამაში, გამოუცდელები ვიყავით და ვფიქრობ, რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. ვიბრძოლეთ ბოლომდე. მადლობა მინდა გადავუხადო იმ გულშემატკივარს, ვინც სტადიონთან იყო მოსული და ბოლო წუთამდე გვამხნევებდა შეძახილებით. მადლობა მათ და ჩემს თანაგუნდელებს, ბროლისთვის და თავდადებისთვის", - ამბობს ანა გობრონიძე, „ლანჩხუთის" 16 წლის ფეხბურთელი, რომელიც გუნდში, ასაკით ყველაზე პატარაა და დღევანდელ მატჩში მას თამაშის საშუალება არ მიეცა.
დღევანდელი მატჩის შემდეგ, „ლანჩხუთი" კვლავ სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" რჩება, სადაც შვედეთში გამგზავრებამდე მოემზადება.
მატჩის სტატისტიკა
აქვე გეტყვით, რომ დღეს, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა. ყაზახური „ბიიკ კაზიგიურტმა" სადაც, საქართველოს რამდენიმე გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გულნარა (კესო) გაბელია თამაშობს, მინიმალური ანგარიშით, 2-1 წააგო შეხვედრა უკრაინაში „ჟილსტროი 2"-თან. თუმცა, საპასუხო მატჩის წინ, გაბელიას გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ფოტო: ქსკ "ლანჩხუთი" / გიორგი (ზიზუ) ჯიქია





ჩვენ








