ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები ცნობილია
ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები ცნობილია
09.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ში დღეს, ვაჟთა შორის ასაკობრივი ნაკრებების ევრო 2022-ის წილისყრა შედგა. საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებები, ისრაელსა და სლოვაკეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატებისკენ მსვლელობას, ტრადიციულად, პატარა-პატარა მინი ტურნირებით დაიწყებენ.


საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-4 ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი უნგრეთის, ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ელიტ-რაუნდის საგზურს, ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღებს. ამ ასაკობრივ გათამაშებაში, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრის შუალედში  ჩატარდება. ჩვენი ჯგუფის კალენდარი და შეხვედრების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა.  ევროპის 17-წლამდე ნაკრებთა  რიგით 21-ე ჩემპიონატი კი, როგორც უკვე გითხარით, 2022 წლის მაისში ისრაელში გაიმართება.


ანალოგიურად, ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი კალენდარი და ქვეყანა, თუ სად და როდის ჩატარდება 19-წლამდე ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრები B კალთიდან მე-10 ჯგუფში აღმოჩნდა და ალბათ, ცოტა რომ გამართლებოდა C და D კალათებიდან, უელსზე და კოსოვოზე შედარებით სუსტი გუნდებიც შესაძლოა შეხვედროდა. თუმცა, 2021 წელს კოსოვოსთან, როგოც ჩანს, ქართული ფეხბურთის გზები, კიდევ ბევრჯერ გადაიკვეთება. კოსოვოსა და ულსის გარდა, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, ძლიერთა კალათიდან, ნორვეგიის ნაკრები შეხვდა.  ამ ეტაპისთვის, ცნობილია, რომ მატჩები, 2021 წლის 2021 წლის 30 აგვისტო - 7 სექტემბერის, 4-12 ოქტომბერისა და  8-16 ნოემბერის პერიოდებში გაიმართება. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღებს. 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის 21-ე ჩემპიონატი, 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთში შედგება.