ორი ტიტული ორ ვარსკვლავამდე!
ორი ტიტული ორ ვარსკვლავამდე!
10.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი", 2020 წლის ეროვნული ლიგის გამარჯვებულია. ეს დინამოელთა, რიგით მე-18 გამარჯვებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდ კიდევ ორი ჩემპიონატი აშორებს მეორე ვარსკვლავთან.


COVID 19-ით გამოწვეული სახეცვლილი ჩემპიონატის დროს კი, რომელიც ნაცვლად ოთხისა, ორ წრედ ჩატარდა თბილისელებმა, 18 მატჩიდან 12 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს და ორშიც დამარცხდნენ. აქედან, ალბათ აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისმა", მიმდინარე სეზონის მანძილზე, კონკრეტულ სეზონზე უშუალო მეტოქეებთან, მხოლოდ 19 ივლისს, თბილისში, „დილას" წინააღმდეგ იწვნია მარცხი 1-2, თუმცა, საპასუხოდ, გორში, საპასუხო მატჩისას, 0-3 გაიმარჯვა. ბათუმის „დინამოსთან", თბილისელებმა 4 ქულა აიღეს, ჯერ სახლში ითამაშეს ფრედ 1-1, ხოლო შემდგეს, გასვლაზე ბათუმელები 1-3 დაამარცხეს. „ლოკომოტივს", „დინამო თბილისმა" ორივე შეხვედრა მოუგო, ჯერ სახლში 4-0 და შემდეგ, სტუმრად 0-2 და ბოლოს, კიდევ ერთ თბილისურ კლუბთან, „საბურთალოსთან", დინამოელებმა ჯერ გასვლაზე მოიგეს 0-3 (პანდემიით გამოწვეული შესვენების შემდეგ) და შემდეგ, უკვე სახლში სძლიეს, 3-1 (თან „დინამო თბილისს" ამ შეხვედრაში 2 პენალტი დაუდეს და 2 მოთამაშე გაუძევეს)... ბუნებრივია, ეს უკვე ისტორიაა, მაგრამ სტატისტიკისთვის მაინც იყოს.


ეროვნული ლიგის დამარცხებამდე, 2 გამოტოვებული და ერთიც გადადებული თამაშის ხარჯზე, თბილისელებს, ჩემპიონატის დასრულებამდე, 2 ტურით ადრეც შეეძლოთ გამარჯვება ეზეიმათ, თუმცა, „ჩიხურასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, „დინამო თბილისს", უშუალო მდევართან, ბათუმის „დინამოსთან" ბოლო 2 ტური 2 ქულა აშორებდა, შესაბამისად, ჩემპიონობისთვის თბილისელებს, 4 ქულაც ჰყოფნიდათ. რაც ნიშნავს, რომ ბოლო ტურში, მათ ფრეც მისცემდა ხელს. თუმცა, თამაში, „დინამო არენაზე" დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი, მეორე დედაქალაქურ გუნდს, „მერანს", რომელმაც ისე ჩაასრულა ჩემპიონატი, რომ ვერც ერთ გამარჯვება ვერ მოიპოვა, უკვე 2-0-ს უგებდა. ჯერ ნოდარ ქავთარაძემ 25-ე წუთზე, 11-მეტრიანით გახსნა ანგარიში და ეროვნული ჩემპიონატი 8 გოლით დაასრულა, შემდეგ კი, გიორგი ქიმაძის გადაცემა, 41-ე წუთზე გოლით დააგვირგვინა გიორგი გაბედავამ. რაც შეეხება ქიმაძეს, პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, მის წინააღმდეგ რამდენჯერმე იუხეშეს, გოლის შემდეგ კი, მას იძულებით, ექიმების თანხლებით მოუხდა მინდვრის დატოვება. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელს, პრობლემები ჯვარედინ იოგაზე უნდა ჰქონდეს, თუმცა, ტრავმის სირთულეზე ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.  შეგახსენებთ, რომ წინა ტურში, „სამტრედიასთან" თამაშის დროს, დავით სხირტლაძე დაშავდა.


ბოლო მატჩში კი, პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმშიც დინამოელები აქტიურობდნენ და 77-ე წუთზე, ბაქარ ქარდავას გადაცემის შემდგე, გიორგი გაბედავამ დუბლი გაიფორმა. „დინამო თბილისმა" 3-0 მოიგო და უშუალო მდევარს, ბათუმის „დინამოს" საბოლოოდ, 4 ქულით გადაუსწრო.  სხვათა შორის, დინამოელთა მეკარე, როინ კვასხვაძე, ერთადერთია, რომელმაც მიმდინარე გათამაშება შეუცვლელად ჩაატარა და 18-დან 11 მატჩში, კარი „მშრალად" შეინახა.

***

ზემოთხსენებული მატჩის პარალელურად მიმდინარეობდა ბათუმში, ანგისას ბაზაზე, „დინამოსა" და „ჩიხურას" დაპირისპირება. ყურადსაღებია, რომ ბათუმელებს, ჩემპიონატის ბოლო მატჩის ჩატარება, სულ ცოტა ხნის წინ გახსნილი ახალი სტადიონის ნაცვლად, კვლავ „ანგისაზე" მოუწიათ. ამის მიზეზი, ბათუმის ახალი სტადიონის მინდვრის საფარია, რომელსაც, სათანადო კონდიციამდე, ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი სეზონისთვის ვითარება გამოსწორდება. საჩხერელებთან დაპირისპირებაში კი, აჭარულ გუნდს, იმ შემთხვევაში, თუ თბილისში, მატჩი „დინამო თბილისის" მარცხით დასრულდებოდა, მათ, მეტი გოლის გატანა ესაჭიროებოდათ, რადგან კონკურენტი, ამ სეგმენტით „დაეჩაგრათ", თუმცა, არც თბილისში დასრულდა შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის დამარცხებით და „ჩიხურამაც", რომელსაც 15 დეკემბერს ფლეი-აუტში თამაში უწევს, არაფერი დათმო და დამსახურებული ქულა აიღო მიმდინარე ჩემპიონატში. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.

***

ფრედ, 1-1 დასრულდა თელავში, კავკასიონი არენაზე, „თელავისა" და ქუთაისის „ტორპედოს" დაპირისპირება. ამ შეხვედრაში ანგარიში ტორპედოელებმა გახსნეს, რომლებიც, ბოლო წლების მანძილზე, საკმაოდ უჩვეულოდ, ფლეი-აუტში არიან და ძლიერთა შორის დასარჩენად, 15 დეკემბერს მათაც, მოუწევთ თავის გამოჩენა. ეროვნული ლიგის ბოლო შეხვედრაში კი, ვიტალი პონომარმა გახსნა ანგარიში და სტუმრები დააწინაურა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში არ უთამაშია ეროვნული ლიგის ტოპ-5 გოლეადორს შორის შესულ გიორგი ფანცულაიას, რომელმაც ჩემპიონატი 7 გატანილი გოლით დაასრულა. თელაველები კი, რომ არა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მიხეილ ბაშელეიშვილის გოლი, ჩემპიონატს 3 წაგებით დაასრულებდნენ.

***

ამ ტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, „საბურთალოსა" და „სამტრედიის" დაპირისპირების დროს მოხდა. პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ეროვნული ლიგის მატჩი ქალთა მსაჯთა ბრიგადამ (ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფო რიჟამაძე, მეოთხე მსაჯი ვიკა სახურია) განსაჯა. ამ გადაწყვეტილებით, სფფ და შესაბამისად, ეროვნული ლიგა,  გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. რაც შეეხება თამაშს, ალბათ, როგორ მოსალოდნელი იყო, კაცებს, მოედანზე ქალი მსაჯის „მიღება" გაუჭირდათ, თუმცა, ხათუნა მაისურაძემ, არ დაინანა ყვითელი ბარათები და ფეხბურთელებს მიანიშნა, რომ „დანდობა" არავის ექნებოდა. ანგარიში კი, სამტრედიელებმა გახსნეს, 31-ე წუთზე. გოლი, დიეგო დისიმ გაიტანა და 65-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ კიდეც ანგარიშს, თუმცა, 10 წუთში, ჯერ ბექა ქავთარაძემ 11-მეტრიანით აღადგინა წონასწორობა, ხოლო შემდეგ, 75-ე წუთზე, უკვე, იმავე ბექა ქავთარაძის გადაცემის შემდეგ, ნიკა მალიმ, „საბურთალოს" გამარჯვება და ამ სეზონის ბოლო 3 ქულა მოუტანა. თბილისელებმა 2-1 მოიგეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავეს.

***

ყველაზე დრამატული კი, ამ ტურში და შესაძლოა ჩემპიონატშიც, მე-3 ადგილისთვის ბრძოლა გამოდგა, რომელშიც, „ლოკომოტივი" და გორის „დილა" ეცილებოდნენ ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, ორი გიორგის, ჭიაბრიშვილსა და ნემსაძის დაპირისპირება, „ჭიამ" მოიგო, გორში, თუმცა, დღეს, გადამწყვეტ ბრძოლაში ნემსაძის „დილა" უკეთესი იყო, „ლოკომოტივს" კი, კორონა ვირუსის გამო, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, რაც ბუნებრივია, თბილისელთა თამაშზეც აისახა. ანგარიში კი, მე-18 წუთზე, დავით მაისაშვილის გოლით გაიხსნა. 52-ე წუთზე კი, მიკოლა კოვტალიუკმა ის, 11-მეტრიანით, ორამდე გაზარდა, გორელები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა, საკუთარ მარაგში კი, კიდევ ერთი გოლი მიიტანა და საბოლოოდ, 10 გატანილი გოლით, 2020 წლის გათამაშების ბომბარდირი გახდა.  სხვათა შორის, ამავე სტატისტიკაში, საგოლე გადაცემების სეგმენტში, წლის საუკეთესო გახდა ლოკომოტიველი ბექა დარცმელია, თუმცა, ფეხბურთელს, შედეგის გაუმჯობესების შანსი და იქნებ გოლის გატანისაც, სწორედ კორონა ვირუსმა არ მისცა. ჩემპიონატის ბოლო მატჩში, სადაც მესამე ადგილზე გასასვლელად, „ლოკომოტივს" ფრეც კი, ხელს აძლევდა, თბილისელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 61-ე წუთზე, დავით უბილავას გადაცემის შემდეგ, ანგარიში ერთ ბურთამდე ირაკლი სიხარულიძემ შეამცირა. საერთო ჯამში კი, სიხარულიძე, კოვტალიუკს ერთ გოლით ჩამორჩა. რაც შეეხება „ლოკომოტივს", მან ეს შეხვედრა 1-2 დათმო და შესაბამისად, დათმო საგზური 2021-2022 წლების ევროტურნირებზე, რომელიც ახალი სეზონიდან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.


სატურნირო ცხრილი


და ბოლოს, ვინაიდან ევროტურნირები ვახსენეთ, ვთქვათ ისიც, რომ უეფა-ს 2021-2022 წლების სეზონზე, საკლუბო ტურნირებზე 4 ქართული კლუბი იქნება წარმოდგენილი. საქართველოს 18-გზის ჩემპიონი „დინამო თბილისი" ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. რაც შეეხება ეროვნული ლიგის მე-2 და მე-3 ადგილოსან გუნდებს, ბათუმის „დინამოსა" და გორის „დილას" (ეს უკანასკნელი, რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდება ევროპულ სარბიელს), უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყებენ ევროსარბიელზე ასპარეზობას, თუმცა, ისევე როგორც „გაგრა", რომელმაც მიმდინარე სეზონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო.