
სუპერლიგაში 12 დეკემბერს დაგეგმილი თამაშები დასრულდა. მორიგ შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე "კაკტუსი" და "ვერა" წარსდგნენ. ორივე გუნდს მოგებ-წაგებათა თანაბარი შეფარდება (2-4) ჰქონდა და შესაბამისად, მოგებაც ორივესთვის განსაკუთრებულად ფასობდა.
გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელიც ამ ეტაპისთვის უკეთეს ფორმაშია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი "ვერა" ნამდვილად სოლიდურ კონდიციაშია და ბოლო 4 მატჩიდან უკვე მესამედ იმარჯვა. ვერელებმა ახალი ამერიკელი ლეგიონერები შეიმატეს, რითაც ხოშტარიას გუნდმა შეტევაში მეტი სიზუსტე და დაცვაში აგრესია შეიძინა.
პირველ პერიოდში რომ გალიდერდნენ, ვერელებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ. ხოშტარიას გუნდი თითმის მთელი მატჩის განმავლობაში 10-15 ქულით იგებდა, რაც შეტევაში ბრაისონ სკოტის შედეგიანობის, დაცვაში კი გუნდური თამაშის ლოგიკური შედეგი გახლდათ. ბოლო პერიოდში "კაკტუსმა" გაიბრძოლა, თუმცა შედეგიანად მოთამაშე სამაი ჰეინს-ჯონსს მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს და შეხვედრა ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა.
საბოლოოდ "ვერამ" 85:76 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ცხრილში საპატიო მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. ვერელებს 26 ქულით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. საკმაოდ სარგებლიანი იყო ვახტანგ ქადარია, რომელმაც 11-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 19 ქულა მოაგროვა. 10-10 ქულა-მოხსნით მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი ჯოშუა ჰავლიმ მიითვალა. "კაკტუსში" 31 ქულით საუკეთესო ჰეინს-ჯონსი გახლდათ, 12 ქულა დარიუს უილიამსმა, ხოლო 11 - ეი ჯეი სამბრიმ დააგროვეს.
***

სუპერლიგას 2 დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა - "ქუთაისი" და "რუსთავი". იმერული კლუბი 5 მოგებითაა, ქვემოქართლელებს კი მიზეზთა გამო რამდენიმე მატჩი გადაედოთ და დღევანდლამდე 3-დან 3 მოგებით იყვნენ. დღეს კი ანატოლი ბოისას გაწვრთნილ "რუსთავს" სერიოზული გამოცდა ჰქონდა - 5 მოგებითა და 2 მარცხით სუპერლიგის ცხრილის პირველადგილოსანი თსუ. შეხვედრა ქვემოქართლელთა სოლიდური უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა, თუმცა თსუ-მ ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა და ბოლოს ცოტაც რომ გამართლებოდა, გვარიან სენსაციას დააფიქსირებდა.
ბოლო პერიოდის შემდეგ "რუსთავი" 20 ქულით - 70:50 იგებდა და თითქოს ყველაფერიც გადწყვეტილი იყო, თუმცა თსუ ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე და მთელი შემართებით იბრძვის. უნივერსიტეტელებმა თამაშის განახლებისთანავე გააბათილეს 5 ქულა და როცა წარმატებული თამაში განაგრძეს,რუსთაველთა მწვრთნელს წუთშესვენებების აღება მოუხდა. ამავდროულად ქვემოქართლელებს ცენტრი გეგი ბაქრაძე გაუვარდათ და თსუ-ელებმა საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს.
რუსთაველებს დალაგებული თამაში აერიათ, მწვრთნელს აღარც წუთშესვენებები დარჩა და გუნდი ინდივიდუალურ თამაშზე გადავიდა. სადავეები ამერიკელმა უკანახაზელებმა აიღეს. განსაკუთრებით მაიკ დევისი გამოირჩა, რომელმაც საშუალო და შორი სროლებით რუსთაველებს ლიდერობა გაიმყარა და მოგება გაუნაღდა.
საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 92:85 (სტატისტიკა) მოიგეს და 4-დან 4 გამარჯვებით ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, თუმც დაკარგული ქულებით "ქუთაისის" კვალად სუპერლიგას ლიდერობენ. რუსთაველთა შორის 28 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკ დევისი. 22 ქულა და 14 მოხსნა ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზეა. გიორგი თვალაბეიშვილმა გამარჯვებულებს 14 ქულა შეაშველა. თსუ-ში 24 ქულით საუკეთესო იყო ბრაის სმიტი, 17 ქულა და 16 მოხსნა ქუენთინ დავმა მიითვალა, ბრენდონ სლაის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
***
სუპერლიგის მორიგი 2 მატჩი 13 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
ოლიმპი - ტიტები 12:00
დინამო - ქუთაისი 14:30





ჩვენ








