წყალტუბოდან ქუთაისში...
წყალტუბოდან ქუთაისში...
15.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფლეი-აუტის 2 მატჩი გაიმართა. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი სათამაშო დღის შემდეგ, „ტორპედო" და „სამგურალი" დამაჯერებლად დაწინაურდნენ, შესაბამისად, 19 დეკემბერს, არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი 90 წუთში გადაწყდეს, რადგან ორივე გუნდს, „ტორპედოს" ძლიერთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად და „სამგურალს", ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მთავარ ლიგაში დასაბრუნებლად, ფრეც აძლევთ ხელს.


სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" საქართველოს დ. ყიფიანის თასის 2020 წლის სეზონის მფლობელი „გაგრა", რომელმაც ფინალამდე გზად, ელიგის სეზონის ტოპ-გუნდები, ბათუმის „დინამო", „დილა" და „საბურთალო" ჩამოიშორა, დღეს, ქუთაისის „ტორპედოსთან" დამარცხდა. ქართული ფეხბურთის უკანასკნელი წლების მანძილზე, „გაგრა" და „ტორპედო" სწორედ, ორ სათასო ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ დუელში საყაიმო ანგარიში იყო. დღეს კი, 24-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა ქუთაისელები დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში „გაგრა" დაღლილი გამოიყურებოდა, „ტორპედოს" კი, სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ეაქტიურა, თუმცა, ამ აქტიურობას მეტი ამ ტაიმში არაფერი მოუტანია. უფრო მეტიც, ტაიმის მიწურულს, შოვნაძემ ბოლო წამს მოასწრო, რეაგირება და კარის მშრალად შენახვა.


აქტიურად დაიწყო მეორე ტაიმი „ტორპედომ" და 48-ე წუთზე, ახლოს იყო, გაეზარდა ანგარიში. ჯერ, ზაზა ციცქიშვილი, შემდეგ კი, გიორგი ფანცულაია ახოს იყვნენ გოლთან, თუმცა, ბოლოს ცარიელი კარიდან, ბურთი გიორგი ქობულაძემ გამოიტანა. მეორე გოლი კი, გაგრელებმა სრულად უწყინარ ვითარებაში გაუშვეს. 81-ე წუთზე, შეიძლება ითქვას, საკუთარ საჯარიმოში, მეტობაში მყოფმა გაგრელებმა ვერ მოახერხეს, ცოტნე ნადარაიას დარტყმულზე რეაგირება და 0-2 დამარცხდნენ. „ტორპედომ", საპასუხო მატჩის წინ, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სერიოზული „ფორა" გაიკეთა. კიდევ, ერთი დეტალი, მეორე ტაიმის შუაწელიდან, „გაგრა" თითქოს, გამოეთიშა თამაშს და მოედანზე ნომინალურად იყო.


***


დაძაბული, თუმცა, სანახაობას მოკლებული გამოდგა შეხვედრა მიხეილ მესხი-2-ზე, „ჩიხურასა" და „სამგურალს" შორის. მთელი თამაშის მანძილზე, წყალტუბოელები, უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა, ანგარიშის გახსნას ვერ ახერხებდნენ. 66-ე წუთზე კი, საჩხერელები, გოლისგან გიორგი ბეგაშვილმა იხსნა, თუმცა, რამდენიმე წუთში, „ჩიხურას" მეკარის შეცვლა მოუხდა. 75-ე წუთზე, ბეგაშვილი, თორნიკე ზარქუამ ჩაანაცვლა. 77-ე წუთზე კი, საჩხერელთა კარში პირველი გოლი გავიდა. ანგარიში, შალვა ბურჯანაძემ გახსნა.


ისევე, როგორც „გაგრას", ამ შემთხვევაში „ჩიხურას", რომელსაც ეროვნული ლიგის ბოლო მატჩების ჩატარება დაძაბულ გრაფიკში მოუხდა, საჩხერელებმა შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი" დაამარცხეს 2-0, შემდეგ კი, ბათუმის „დინამოსთან" ფრედ 0-0 ითამაშეს, როგორც ჩანს ამ მატჩისთვის, სათანადოდ ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს და ეს, დღევანდელ შეხვედრასაც ემჩნეოდა. მიუხედავად იმისა, ვახტანგ თურმანიძის გუნდი შეხვედრის მიწურულს გააქტიურდა, უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა 81-ე წუთზე, საპასუხო მატჩს წინ, უპირატესობა კომფორტულ, ორბურთიან ანგარიშამდე გაზარდეს, 0-2. გოლი, მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსული, ილია ახვლედიანის გადაცემის შემდეგ, სერგი კუხიანიძემ გაიტანა.


***


როგორც უკვე გუთხარით, საპასუხო შეხვედრები 19 დეკემბერს გაიმართება.


13:00 საათზე, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე,  „სამგურალი" „ჩიხურას, ხოლო, 18:00 საათზე, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე, „ტორპედო" „გაგრას" შეხვდება.


ხვალ, 16 დეკემბერს და შემდეგ 20 დეკემბერს კი ეროვნული ლიგა -2-ის ფლეი-აუთის მატჩები ჩატარდება.